Silk Gazar black dress
ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ კრისტობალ ბალენსიაგას დიზაინერად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი მიუძღვის ტორესის სახლის მარკიზას. კრისტობალ ბალენსიაგა 1895 წელს მეთევზეების პატარა სოფელ გატარიაში დაიბადა. ის სამშვილიანი ოჯახის შვილი იყო, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ დედა კერვის მეშვეობით ინახავდა. ბალენსიაგა აკვირდებოდა დედის საქმიანობას. 11 წლის ასაკში კერვა შეისწავლა და მისი დახმარებაც დაიწყო. იგი აღფრთოვანებული იყო დედამისის ერთ-ერთი კლიენტის, ტორესის სახლის მარკიზას სტილით და ერთ დღეს ქუჩაში შეხვედრისას მას ამის შესახებ აცნობა. იგი მოიხიბლა პატარა კრისტობალის გამბედაობით და ენთუზიაზმით, მას კეთილ ფერიად მოევლინა და 12 წლის ასაკში მადრიდში კერვის კურსებზე გაგზავნა. სწორედ აქედან იწყება კრისტობალ ბალენსიაგას, როგორც დიზაინერის ისტორია. მისი პირველი მომხმარებელიც თავად მარკიზა გახლდათ.
Sketches
1917 წელს 22 წლის ასაკში ბალენსიაგამ გახსნა თავისი პირველი ბუტიკი „კრისტობალ ბალენსიაგას“ ბრენდის ქვეშ ქალაქ სან-სებასტიანში. სწორედ ამ ქალაქში ცხოვრებისას დაეუფლა პარიზის მოდის ძირითად საფუძვლებს. ხშირად დადიოდა საფრანგეთში, ყიდულობდა ისეთი დიზაინერების სამოსს, როგორიცაა კოკო შანელი, მადლენ ვიონე, ელზა სკიაპარელი და ყურადღებით აკვირდებოდა თითოეულ დეტალს, რათა შეესწავლა კერვის სხვადასხვა ტექნიკა. 1927 წელს კი დააარსა თავის მეორე ბრენდი Martina Robes et manteaux დედის, მარტინას, პატივსაცემად, მოგვიანებით კი იმავე ბრენდის სახელწოდება EISA გახდა, დედის გვარის - Eizaguirre-ს აღსანიშნავად.
George V Avenue Boutique
1936 წელს სამოქალაქო ომისგან თავის დასაღწევად კრისტობალ ბალენსიაგა საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და 1 წელში ჯორჯ მეხუთეს პროსპექტზე გახსნა თავისი პირველი ბუტიკი „ბალენსიაგას“ ბრენდის ქვეშ. სწორედ ეს მოვლენა ითვლება ბრენდის დაბადების დღედ. მის პირველ კოლექციაში იგრძნობოდა რენესანსის მნიშვნელოვანი გავლენა. ბალენსიაგამ ამ კოლექციაში წარადგინა კაბა, სახელწოდებით Infanta, რომელიც დიეგო ველასკესის პრინცესებით იყო შთაგონებული და “შუქის ქურთუკი“, რომელსაც ტორეადორები ატარებდნენ. მას პირველივე კოლექციამ საერთაშორისო აღიარება მოუტანა. რამდენიმე წელში მთელი პარიზი იბრძოდა მისი კოლექციიდან თუნდაც ერთი ნივთის მოსაპოვებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალბატონები ევროპაში მოგზაურობას რისკავდნენ მისი „კვადრატული“ ქურთუკის შესაძენად. კრისტობალ ბალენსიაგა სხვებზე ადრე მიხვდა, რომ ისეთი სამოსი უნდა შეექმნა, რომელიც არ მოუხდებოდა იდეალურ სხეულს, არამედ იდეალურად მოერგებოდა ინდივიდუალურ ქალს.
2 options (Infanta Dress or Renaissance Collection at Thyssen)
ბალენსიაგას მუშაობის პროცესში განმარტოება უყვარდა. მადამ ვიონესგან განსხვავებით, რომელიც პირველ რიგში ესკიზებს ამზადებდა, ის პირდაპირ ნაჭერზე იწყებდა მუშაობას. ყველასთვის ცნობილი იყო მისი იდეალური ხაზი და ჭრილი, რასაც ბალენსიაგა თავისი პერფექციონიზმით აღწევდა. ფიქრის დროს კი ხშირად უნახავთ ფანჯარასთან ფარდის ქსოვილით ხელში, სანამ საკითხს არ გადაჭრიდა. დიზაინერს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქსოვილთან.
The Babydoll dress
50-იან წლებში კრისტობალ ბალენსიაგამ შექმნა კოლექცია, რომლის მიხედვითაც წელის ხაზმა თეძოებამდე ჩამოიწია, შექმნა სამოსი ფორმის შესაბამისი სახელწოდებით Cocoon ლაბადა, Sack კაბა, Balloon ქვედაბოლო.სწორედ მან შექმნა Babydoll კაბა, რომელიც ტვიგის და არაერთი ცნობილი ადამიანის საყვარელი სტილი იყო. ეს გახდა მისი ყველაზე ღირებული შენატანი მოდის სამყაროში - ახალი სილუეტი ქალბატონებისთვის. აღარ არსებობდა გამოყოფილი წელის, სწორხაზოვანი სიგრძის ან სხვა რაიმე სტანდარტი, ახალი სტანდარტი იყო თავად კრისტობალ ბალენსიაგა. დღესდღეობით ის ყველა ქალის გარდერობშია სხვადასხვა ფორმით.
Balenciaga and Vogue / Harper’s Bazaar editors
ბალენსიაგას მოსწავლეები იყვნენ ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან პიერ კარდენი, ოსკარ დე ლა რენტა და ემანუელ უნგარო, თუმცა მისი ყველაზე ცნობილი პროტეჟე იყო იუბერ დე ჟივანში. კოკო შანელი განსაკუთრებულ პატივს სცემდა კრისტობალ ბალენსიაგას, აღმერთებდა მის ტექნიკას და მიაჩნდა, რომ პარიზში საუკეთესოდ ჭრიდა თარგებს და საუკეთესოდ კერავდა. დიზაინერს კრისტიან დიორმა „მოდის სამყაროში ყველას ბატონიც“ კი უწოდა.
Fabrics
ბალენსიაგას ხელწერა მაქმანების უსაზღვრო პოტენციალის ძიებაში გამოიხატებოდა. მაქმანებისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა ის დააკავშირა შვეიცარულ ტექსტილის კომპანია Abraham-თან, რომელთან ერთადაც მან შეიმუშავა ახალი ქსოვილი ცნობილი, როგორც Silk Gazar.
Air France Uniforms
1968 წელს ბალენსიაგამ საფრანგეთის ავიახაზების ეკიპაჟისთვის შექმნა ყველაზე მოდური უნიფორმები. იმ პერიოდისთვის ეს საკმაოდ ტრენდული იყო. ამავე წელს თავად კრისტობალ ბალენსიაგამ დაკეტა თავისი ბოლო ატელიე. 1972 წელს მან სიკვდილამდე შექმნა თავის უკანასკნელი ქმნილება ფრანცისკო ფრანკოს შვილიშვილის და მომავალი ჰერცოგინიას ქორწილისთვის. ბალენსიაგა ამ ქორწილიდან 16 დღის შემდეგ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
The Last Dress
1986 წელს ბალენსიაგას სახლი დაბრუნდა მოდის სამყაროში. 1997 წლიდან 15 წლის განმავლობაში ბრენდის კრეატიული დირექტორი იყო ნიკოლა გესქეიერი, რომელიც არაერთ სკანდალში გაეხვა სხვადასხვა სტილის კოპირების გამო. ის ბალენსიაგას ხელწერას თავის შემოქმედებაში მაქმანებისა და უნიკალური ტექსტილის მეშვეობით ასახავდა. მის შემდეგ ბალენსიაგას სახლს სათავეში ჩაუდგა ალექსანდერ ვონგი, რომლის კავშირიც ბრენდთან არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა. 2015 წელს ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი გახდა დემნა გვასალია, რომლის შესახებაც ჟურნალი Vogue-ის სტატია გვამცნობს, რომ ის იმაზე მეტად ჰგავს კრისტობალ ბალენსიაგას, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. დემნამ ბრენდის ისტორიაში პირველად წარადგინა მამაკაცის ხაზი. მან ასევე გააცოცხლა ბალენსიაგას ცნობილი Cocoon ლაბადა და მისივე ინიციატივით, 52-წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის შემოდგომაზე ბალენსიაგას სახლი უმაღლესი მოდის არეალს უბრუნდება. ჩვენება ისტორიულ მისამართზე - ჯორჯ მეხუთეს პროსპექტზე გაიმართება.
Balenciaga now
დაწერე კომენტარი