გერმანელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი - ჰაიდი კლუმი ცნობილია როგორც ჰელოუინის დღესასწაულის ნამდვილი ვარსკვლავი. ჰაიდი ყოველწლიურად მართავს წვეულებებს, კოსტიუმებსაც თავად იკერავს და მუდმივად აღაფრთოვანებს თავის სტუმრებსა და თაყვანისმცემლებს. ჰაიდი ამჯერად გიგანტურ მატლის კოსტიუმში გამოეწყო. ყურადღების ცენტრში მოექცა მისი ქმარიც - ტომ კაულიციც, რომელიც მეთევზეს განასახიერებდა და თავისი მეუღლე - მატლი ჰყავდა ანკესზე წამოცმული.
ჰელოუინის დედოფლად წოდებულმა მოდელმა კოსტიუმისთვის მზადება თვეებით ადრე დაიწყო. მატლის კოსტიუმი რეალისტურად იყო დამზადებული და მასში გამოწყობილ მოდელს მხოლოდ თვალები და პირი მოუჩანდა. საკმაოდ მძიმე და რთული იყო სატარებლადაც. როგორც თავად ჰაიდი ამბობს, პანდემიის გამო ტრადიციულ წვეულებაზე ორი წლით მოუწია უარის თქმა, ამიტომ უნდოდა, რომ ამ პაუზის შემდეგ რაღაც მოულოდნელი გაეკეთებინა. კოსტიუმი უნდა ყოფილიყო აბსურდული და ამაზრზენი, როგორიც ჰელოუინს შეეფერება, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ახლობელი და ყველასათვის ნაცნობიც.
ადამისა და ევას ვაშლი, კლეოპატრა, გორილა, საკუთარი თავის - ჰეიდი კლუმის კლონები - ეს იმ კოსტიუმების მცირე ჩამონათვალია, რითაც ჰელოუინის დედოფლად წოდებული სუპერმოდელი ხალხს ყოველწლიურად აოცებს. წლევანდელმა კოსტიუმმა ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს და კიდევ უფრო გვიჩენს ცნობისმოყვარეობას, თუ რას უნდა ველოდოთ მომდევნო წელს.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Saul Appelbaum
დაწერე კომენტარი