ფიქრის ტრაექტორია (Trajectory of Thoughts / Unarchived Semiotics) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელსაც გორის ხელოვნების სახლი 5 ნოემბრიდან უმასპინძლებს. გამოფენაზე სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული გამოცდილების მქონე არტისტები -  თორნიკე გოგნაძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, ნინო საკანდელიძე და დავით ჩიხლაძე - მიიღებენ მონაწილეობას.

 

გამოფენაში მონაწილე ხელოვანები გაგვიზიარებენ ხანგრძლივი საავტორო ძიებების შედეგად შექმნილ ნამუშევრებს, მათ დაკვირვებებსა და წარმოდგენებს - თუ რა არის ხელოვნების სემიოტიკა, რა გავლენა აქვს თანამედროვე რეალობას შემოქმედებაზე ან პირიქით - ხელოვნებას გარემოზე. როგორია შემოქმედებითი ფიქრის პროცესი და რა ფორმით ახერხებს ეს ფიქრი სხვადასხვა ვიზუალურ ფორმად ჩამოყალიბებას. რამდენად რთული და ამავდროულად, საინტერესოა მთელი ეს მოგზაურობა - აზრის, იდეის დაბადებიდან მის საბოლოო შედეგამდე. 

ფოტო, სივრცული ობიექტი, ინსტალაცია, ციფრული და გრაფიკული ნახატი -  ეს ის ძირითადი მედიუმებია, რითაც გამოფენაში მონაწილე არტისტები  თავიანთი ხანგრძლივი და საფუძვლიანი მუშაობის შედეგებს წარმოგვიდგენენ.

ხელოვნების სახლი, რომელიც გორში 2020 წელს გაიხსნა, მუდმივად ეხმიანება თანამედროვე ხელოვნებასა და ამ სფეროში განვითარებულ სიახლეებს, ცდილობს ქართველ არტისტებს ხელი შეუწყოს განვითარებაში, ატარებს სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებს, კონკურსებსა და გამოფენებს. ამ კონკრეტული გამოფენის - ფიქრის ტრაექტორიის - იდეის ავტორი და კურატორი მარიამ შერგელაშვილი გახლავთ. გამოფენა პროექტ ART HOUSE 2022-ის ფარგლებში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დასწრება. 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი