HBO-ს მინისერიალი The White Lotus ახალ, მეორე სეზონს იწყებს. პირველი სერიის პრემიერა 30 ოქტომბერს შედგა. ამჟამად უკვე სამი ეპიზოდია ხელმისაწვდომი და მაყურებლები ეტაპობრივად დანარჩენ სერიებსაც ნახავენ. ხუთვარსკვლავიანი, თვალწარმტაცი სასტუმრო - ,,თეთრი ლოტუსი” მეორე სეზონში, ჰავაიდან სიცილიის კუნძულზე გადაინაცვლებს და პირველი სეზონის მსგავსად, აქაც დასასვენებელი კომპლექსის სტუმრებისა და თანამშრომლების ურთიერთობებს გაგაცნობთ. ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჯენიფერ კულიჯი შეასრულებს.

 

 

მაიკ ვაითის სცენარითა და რეჟისორობით შექმნილი სერიალი HBO-მ პირველად  2021 წელს გამოუშვა. პირველ სეზონში ისტორია, რომელსაც შეგვიძლია სოციალური სატირა ან კომედიური დრამა ვუწოდოთ, ჰავაის კუნძულზე, ფიქციური ტროპიკული კურორტის ირგვლივ ვითარდება. მხიარული, სიცოცხლით სავსე დამსვენებლები, სასტუმროს თანამშრომლები და მათი ერთი შეხედვით იდილიური გარემო ნელ-ნელა რთულდება და იძაბება, თანდათანობით სახეს იცვლის და შავ-ბნელ დეტალებს აჩენს. თეთრი ლოტუსის პირველმა სეზონმა ემის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მინისერიალების კატეგორიაში რეკორდული რაოდენობის ჯილდო დაიმსახურა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც მომდევნო სეზონი გაგვიცრუებს მოლოდინს.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი