ამერიკელმა ხელოვანმა ჯეიმს ტურელმა ორი ახალი დიზაინის ბოთლი შექმნა ფრანგული სუნამოების ბრენდისთვის - Lalique. მათი დახვეწილი, კუთხოვანი და გუმბათოვანი ფორმები აზიური ბუდისტური შენობებითაა შთაგონებული. როგორც თავად ტურელი ამბობს, სრულიად იყო მოხიბლული აღმოსავლური არქიტექტურის ნაგებობებით, რომლებიც აზიის ბევრ ქვეყანაში - ტიბეტში, ტაილანდში, შრი ლანკაში, ჩინეთსა და იაპონიაში გვხვდება. მათი არქიტექტურული სტრუქტურა, რაც პირდამიდისებურ მონუმენტურ ნაგებობას გულისხმობს, განსაკუთრებით ძლიერ სულიერ და ემოციურ მნიშვნელობას ატარებს და ტურელსაც სწორედ ეს მიზანი ჰქონდა - სუნამოს ბოთლებში გადმოეტანა ის შთაბეჭდილება, რასაც ეს რელიგიური შენობები აღძრავდა მასში.
ჯეიმს ტურელი აქამდეც ცნობილი იყო სინათლის თავისებური მანიპულაციებით. მსგავს მეთოდს მიმართა ამ კუთხოვანი ბოთლები შექმნის დროსაც. ბოთლები ირეკლავს და გარდატეხს სინათლის სხივებს ისე, რომ განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის და სრულყოფილად დამუშავებულ კრისტალს მოგვაგონებს. როგორც თავად ჯეიმსი ამბობს, ამ ბოთლების შექმნის მთავარი ინსპირაცია იყო ის, რომ სურდა მინიმალური ფერების გამოყენებით და მხოლოდ ბუნებრივი სინათლის დახმარებით შეექმნა ფერთა გრადაცია და საოცარი, მომაჯადოებელი ეფექტი.
სუნამოს ბოთლებს, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუში. წმინდა გეომეტრიული სიზუსტით შექმნილი ნამუშევრები რთული იყო დასამზადებლადაც - ბროლის სისქე ყველა წახნაგსა და გვერდზე დეტალურად უნდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, რადგან სულ ოდნავი ცდომილებაც კი სხვადასხვა ეფექტსა და არასასურველ შედეგს იძლევა. გარდა ბოთლებისა, ტურელმა ექსკლუზიურად შექმნა ამ სუნამოებისთვის ხის ყუთებიც, რომლებიც თავად ბოთლების აგებულებას იმეორებს.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Dezeen Magazine
დაწერე კომენტარი