ქართული დრეგ კულტურის ერთ-ერთმა პირველმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა - მადლენამ, ბოლო ორი წელია, რაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. პირველი მუსიკალური კლიპის - ,,მანიფესტის” გამოშვების შემდეგ მადლენა ფართო მასებისთვისაც გახდა ცნობილი, თუმცა მას, როგორც დაუვიწყარი შოუებისა და განსაკუთრებული იმიჯის მქონე პერფორმერს, მანამდეც კარგად იცნობდა დრეგ კულტურისა და ღამის ცხოვრების მოყვარული საზოგადოება. Hammock Magazine-თან ინტერვიუში მადლენა სწორედ ამ პერიოდზე - თავისი კარიერის დასაწყისსა და სამომავლო მიზნებზე საუბრობს.
თქვენი, როგორც გამორჩეულად სახასიათო არტისტ პერფორმერის პირველი წლები რომ გაიხსენოთ... როდის და რატომ გაგიტაცათ გამოხატვის ამ ფორმამ?
დიდი ხანია, რაც ეს სახე და სტილი მაქვს შექმნილი, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ ღამის კლუბებში მიწევდა მისი წარმოჩენა. გამორჩეული იმიჯის გამო, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მალევე მოვიპოვე პოპულარობა. ბევრი დიზაინერი მეგობარი მყავს, რომლებიც მუდმივად მანებივრებდნენ სასცენო კოსტიუმებითა და კაბებით კლუბური საღამოებისთვის. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ფართო ასპარეზზეც უნდა გამოვჩენილიყავი. მითუმეტეს, რომ დიდი გამოცდილება მიმყარებდა ზურგს - ვიყავი მოცეკვავე, 90-იან წლებში მომღერალიც, შემდეგ დიზაინერი. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, მეგობრების დახმარებით, შევქმენი პირველი პროექტი - Stop hating each other (შეწყვიტოთ ერთმანეთის სიძულვილი). ამ სიტყვებით მინდოდა დამეფიქსირებინა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიძულვილი ტრიალებს ჩვენ ირგვლივ.
როგორია დრეგ ბალების კულტურა საქართველოში?
როგორც ვაკვირდები, ჩემი სიმღერის - "მანიფესტის" მერე კიდევ უფრო გახშირდა მსგავსი თამამი პერფორმანსები, სიმღერები თუ დრეგ გამოსვლები. სხვებმაც დაიწყეს თავიანთი თავის გამოხატვა და ბრძოლა. ბევრს, ვინც აქამდე ვერ ბედავდა ხმამაღლა გამოეხატა საკუთარი პოზიცია, აღარ შეეშინდა სცენაზე გამოსვლის და ღიად ლაპარაკის იმ თემებზე, რაც მართლა აწუხებს. მიხარია, რომ ამაში მეც მიმიძღვის წვლილი და ბევრ ადამიანს მიეცა გამბედაობა.
კლიპებშიც გამორჩეული ესთეტიკა გაქვთ. ვინ გეხმარებათ მათ გადაღებაში, და როგორია ეს პროცესი.
სიმღერა სტეფანემ დამიწერა, ერთ-ერთმა ცნობილმა დიჯეიმ შექმნა ტრეკი, კლიპი კი გრიგორი დევეჯიევმა, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, გადაიღო. საბოლოოდ, შეიქმნა პირველი სიმღერა - ,,მანიფესტი” რომელიც ძალიან მალე გახდა წარმატებული. კლიპში ნაჩვენებია ჩემი რეალური, ყოველდღიური ცხოვრება. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც დაიმსახურა ამ კლიპმა ასეთი გამოხმაურება, რომ ბოლომდე გულწრფელია და არცერთ სხვა კლიპს არ ჰგავს. სიმღერა ერთი ადამიანის - ძლიერი ქალის ცხოვრებაზეა, რომელსაც ბევრი ტკივილი და სიმძიმე აქვს ცხოვრებაში გამოვლილი.
რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის ის სფერო, რითაც ყველაზე ზუსტად შეგიძლიათ ამ სათქმელის გადმოცემა.
წინასწარ არასდროს მაქვს რაიმე მიზანი განსაზღვრული. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ და განვიცდი. ისევ ჩემს პირველ კლიპს - ,,მანიფესტს” რომ დავუბრუნდეთ, ეს იყო იმ სიძულვილის წინააღმდეგ გამოსვლა, რაც მუდმივად მაწუხებდა შიგნიდან. განსაკუთრებით კი საზოგადოების ჰომოფობიური დამოკიდებულება, რაც, შემიძლია ვთქვა, რომ ნელ-ნელა ნამდვილად იცვლება უკეთესობისკენ. მონოჰოლში ჩატარებული კონცერტი განსაკუთრებით მაძლევს ამის იმედს, რადგან ეს კონკრეტული გამოსვლა არც დრეგ ბალი იყო და არც რაიმე სპეციფიკური კონცერტი. ჩვეულებრივ, საღამოს საჯაროდ გამოვედი სამი ათასი კაცის წინაშე და ყველამ ძალიან დადებითად მიმიღო. ამ შემთხვევამ და ხალხის კეთილგანწყობამ კიდევ უფრო მომცა თავდაჯერებულობა.
ახლა თუ მუშაობთ რამე ახალ პროექტზე?
ამჟამად ორ სიმღერაზე ვმუშაობ ერთდროულად. ერთი სიმღერა თურქულ ენაზე იქნება შესრულებული, მეორე კი ინგლისურენოვანია, რომელსაც ბერლინში ჩავწერ. სამომავლოდ, ქართულ ენაზეც ვგეგმავ სიმღერის შექმნას. ამ სიმღერების ძირითადი თემა კი ისევ ჩემი მანიფესტი იქნება, ჩემი მოწოდებები და მყარი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვარ და რას ვგრძნობ. ასევე, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემები, რაც მუდმივად მაწუხებს და ვცდილობ, ჩემს კლიპებშიც გადმოვიტანო. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ჩემი სიმღერები, ჩემივე მოწოდებებია, რითაც საკუთარი თავისა და სხვების გამხნევებასა და დახმარებას ვცდილობ.
როგორც ვიცით, მადრიდის მოდის კვირეულზეც იყავით. როგორ გაიხსენებდით ამ გამოცდილებას?
მადრიდის მოდის კვირეულზე ერთი თვის წინ გამოვედი. დათუნა სულიკაშვილის ჩვენება იყო და ეს ჩვენება ჩემი სიმღერით - ,,მანიფესტით” დავხურე. ასევე ვიყავი პარიზის მოდის კვირეულზეც. გამიმართლა და პარიზის მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წვეულებაზე მოვხვდი.
როგორ შეაფასებდით თანამედროვე შოუბიზნესს - იმ მომღერლებსა და არტისტებს, ვინც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაითქვა სახელი?
ვფიქრობ, რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი ქართველი არტისტი გვყავს, რომელთაც, სამწუხაროდ, არ აქვთ ხელშეწყობა და დაფინანსება. ეს პრობლემები მუდმივად უშლით ხელს, რომ ბოლომდე გამოხატონ საკუთარი თავი და რაღაც ახალი და საინტერესო შექმნან. ხშირად მოუწერიათ ახალბედა, დამწყებ არტისტებს და დრეგ ქუინებს ჩემთვის, რომ ძალიან დიდი ძალა და მაგალითი მივეცი მათ, რომ საკუთარი თავი ეპოვათ, რომ ეს შიში და გაუბედაობა დაეძლიათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი სტიმული და სიხარულია ჩემთვისაც.
ხშირად მოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში. გაქვთ პერფორმანსები საქართველოს საზღვრებს გარეთაც?
ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა დრეგ კულტურა. თანამედროვე წამყვანი ბრენდები და შოუბიზნესის წარმომადგენლები ხშირად იყენებენ თავიანთ სახეებად დრეგ ქუინებს. ეს სამყარო საზოგადოებისთვის უცხო და ახალია, სადაც ჯერ კიდევ არის ბევრი საინტერესო რამ აღმოსაჩენი. შესაბამისად, ვგეგმავ საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობის გაგრძელებას და კარიერის განვითარებას.
და ბოლოს, გაქვთ იმის ამბიცია, რომ თქვენი გამოსვლები ნამდვილად წარმოადგენს რაღაც მნიშვნელოვან მანიფესტს? რომ ამ სიმღერებით მართლა შეძლებთ რაიმეს შეცვლას.
ეჭვიც არ მეპარება, რომ აუცილებლად შევცლი. გარკვეულწილად, უკვე მოხდა კიდეც ასე. დრეგ ქუინები და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა სახის შევიწროებისა და ჩაგვრის გამო, ხშირად არიან დათრგუნულები. მათთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ვიღაც, ამ შემთხვევაში მე - მადლენა, გამოდის და ასეთ მასშტაბურ, ხარისხიან ნამუშევარს ქმნის, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი ხდება. ,,მანიფესტი” თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზშიც კი წარვადგინე, რაც ნამდვილად დიდი მიღწევა იყო. ამ ყველაფრის შემდეგ მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი შიშებისა და კომპლექსების მიუხედავად, მაინც ეძლევათ მოტივაცია და ძალა, რომ თვითონაც შექმნან ის, რაც გულით უნდათ და საპასუხოდ არა აგრესია, არამედ აპლოდისმენტები დაიმსახურონ, ზუსტად ისე, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: დავით მესხი, დავით ქორიძე
დაწერე კომენტარი