20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში კოლექტიურად ორგანიზებული შეხვედრების სერია იმართება. პროექტის ფარგლებში ეკლესიის ინტერიერში წარმოდგენილი იქნება ინსტალაცია -  კაფე ,,ირისი”, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამართავენ ღონისძიებებს. დამთვალიერებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ, თავადაც მიიღონ მონაწილეობა ამ აქტივობებში. 

20 ოქტომბერს ღონისძიებების სერია Around the studio-ს დაფუძნებლებმა - თიკა შელიამ და ანო ჯიშკარიანმა გახსნეს. 23 ოქტომბერს კი კაფეს არქიტექტორებმა -  ლადო შონიამ და დიმიტრი ერისთავმა უმასპინძლეს. მათი ინიციატივა სივრცეში ვიზუალური პროექციისა და ხმის შემოტანას გულისხმობდა, რითაც გარემოს შეცვლა და ინსტალაციის განსხვავებული კუთხით წარმოჩენა შეძლეს. 30 ოქტომბერს კაფე ,,ირისი” უკრაინის თემას გამოეხმაურა. მასპინძლები ანასტასია თუმანოვა და ნატალია კალანდაძე იყვნენ. უკრაინიდან ლტოლვილი ანასტასია სტუმრებს უკრაინული კერძებით გაუმასპინძლდა. ნატალიამ კი, რომელიც უკრაინელი ბავშვებისთვის გახსნილ სახელოვნებო სკოლაში ასწავლის, კაფეში მოსულ სტუმრებს ხატვის პროცესში ჩართვისა და თანაავტორობის შესაძლებლობა მისცა. 6 ნოემბერს იგეგმება ღონისძიების დახურვის საღამო, სადაც გაერთიანებული იქნება მუსიკის, ხატვის და ღვინის სესიები -  ეკლესიის ორღანის გამოყენებით, სიმონ ბითაძე და Lucaroi იმპროვიზირებულ, ინტერაქციულ ლაივს წარმოგვიდგენენ. Ხატვის და ღვინის თერაპიულ სესიაზე კი დაგხვდებათ ირანული მკითხაობის პერფორმანსი, რომელსაც მარიამ კვაშილავა წარუძღვება და მეტაფორულ ნაწერებს ინდივიდუალურად დაუწერს დამთვალიერებელს, ტაძრის მეჩეთის ოთახში. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

 

თავისუფალი საჯარო ინსტიტუტების სიმცირე დიდ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე რეალობაში. ამის ფონზე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია თავისი საქმით, ღიაობითა და განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ეკლესია მუდმივად მზადაა სახელოვნებო სცენასა და ინსტალაციებს დაუთმოს საკუთარი სივრცე. პროექტის ორგანიზატორების აზრით, საფუძვლიანი აზრთა მიმოცვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მიზეზია სიახლისა და პროგრესისთვის. სწორედ ამ ურთიერთობებს -  ერთმანეთთან კომუნიკაციასა და ხელოვნების გაზიარებას ეძღვნება ეს ორკვირიანი ღონისძიებების სერია. 

ეკლესიაში დროებითი ინსტალაციის მიზანია წარმოქმნას საზიარო ველი როგორც შემოქმედებითი, ისე სასულიერო სფეროსთვის. სტუმრები თავადაც გახდნენ იქ განვითარებული ქმედებებისა და ხელოვნების მონაწილენი, რადგან სწორედ თანამონაწილეობის იდეაზეა დაფუძნებული ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის  სპეციფიკურ გარემოში დაგეგმილი ინტერაქტიული აქტივობები. მსგავსი ღონისძიებები ეკლესიის სარიტუალო სივრცეს ყოფით ფუნქციასაც შემატებს და მზად იქნება ნებისმიერი ახალი იდეისა და გამოწვევის მისაღებად, რაც ამ დღეების განმავლობაში კაფეს სტუმრებისა და მასპინძლების ურთიერთობის შედეგად  გაჩნდება. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი