წლევანდელი შემოდგომა გემოვნებიანი მუსიკის მსმენელისთვის განსაკუთრებულად დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. საშემოდგომო მუსიკალური დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბრის პირველ რიცხვებში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალით დაიწყო, ჩვენს დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში ექსპერიმენტული ჟღერადობისა და ჯაზის ჰანგების ფონზე Kordz x Sakamoto-ს და Jazz and Wine-ის ფესტივალებით გაგრძელდა. მსმენელმა უკვე კარგად იცის, რომ თითოეული ამ მუსიკალური პროექტის უკან გადახდების მსოფლიო ლიდერი ბრენდი Visa დგას, რომელიც უკვე არაერთი წელია, რაც კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიზნით ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ წამოწყებას გვერდში უდგას და თავისი საქმიანობით კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მუსიკა ეს სწორედ ის ენაა, რომელიც ერთ დროსა და სივრცეში უამრავ განსხვავებულ ადამიანს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. Visa რამდენიმე კვირის წინ გამართულ Kordz x Sakamoto-ს კონცერტის მხარდამჭერი გახლდათ, სადაც რუიჩი საკამოტოს მუსიკის კორძისეული ინტერპრეტაცია 2021 წელს გამართული ჰოლანდიის მუსიკალური ფესტივალის შემდეგ ქართველი მსმენელისთვისაც აჟღერდა. Stockton Records-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას რუსთაველის თეატრის დარბაზში უამრავი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა დადებითმა გამოხმაურებამ ორგანიზატორები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ღონისძიებამ მსმენელზე იმაზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ამას ჩანაფიქრისას ვარაუდობდნენ.
Kordz: ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ელექტრონული და აკუსტიკური ანსამბლის კომბინაციით საკამოტოს მუსიკა შეგვესრულებინა და მიგვეღწია ისეთი ჟღერადობისთვის, რომელიც 80-იანი წლების ესთეტიკისა და ჩემი თანამედროვე მუსიკის მიქსს წარმოადგენდა, რასაც, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კარგად გავართვი თავი. ამ ყველაფრის შედეგად, ქართველ და ჰოლანდიელ არტისტებთან კოლაბორაციით და პარტნიორების მხარდაჭერით, ფაქტობრივად შევქმენით ახალი სტანდარტი, რომელზეც მომავალში ბევრი საინტერესო რამ შემიძლია დავაშენო. ვიზუალის მხრივ თანამშრომლობა ბორის აკეტთან შედგა, რომელმაც თითოეულ ნაწარმოებზე თავად გადაწყვიტა, როგორი უნდა ყოფილიყო ვიზუალი და განათება. ჩემთვის მასთან ერთად მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ბორისს ხელოვნების მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს, რომელიც მუშაობის ბევრად უფრო ნელ და ნაფიქრ ტემპს გულისხმობს. ჩვენს ნამუშევარში ეს ორი სამყარო ზუსტად ჩანს, ჩემი ბევრად უფრო ჩქარი და ბორისის, ნელი, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო კონტრასტი შექმნა. მუსიკალური ნაწილში ვითანამშრომლეთ ნიკოლოზ რაჭველთან, რომელთანაც სცენაზე ძალიან თავისუფალი პერფორმანსი შედგა და ასკო|შონბერგთან , რომელთან ერთადაც პირველივე დღიდან საფუძველი ჩაეყარა ამ პროექტს. რაც შეეხება თავად საკამოტოს, პირველად მაშინ ჩაერთო ამ პროექტში, როცა გვითხრა, რომ მოსწონდა იდეა, შემექმნა მისი ადრეული ნამუშევრების ინტერპრეტაცია, რაშიც ფაქტობრივად სრული თავისუფლება მოგვცა. თვითონ ხანდახან გვაწვდიდა ხოლმე ინფორმაციას ჩემ მიერ შერჩეული ნაწარმოებების შესახებ, გვიწერდა, თუ როდის და როგორ შეიქმნა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერცერთ კონცერტზე ვერ მოვიდა, თუმცა ჩანაწერებს მოუსმინა, მოეწონა და მადლობა გადამიხადა, რომ მის მუსიკაში ამდენი შრომა ჩავდეთ.
კოკა გოგოხია, Stockton Records-ის დამფუძნებელი: Kordz-ის და Stockton-ის თანამშრომლობა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. პირველივე შეხვედრაზე, სადაც 2022 წლის განრიგს ვგეგმავდით, გადავწყვიტეთ, რომ 2022 წლისთვის უმთავრესი მიზანი Kordz x Sakamoto-ს პროექტის საქართველოში ჩამოტანა ყოფილიყო, თანაც სრულყოფილი სახით, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ ასკო|შონბერგის ჩამოყვანას, არამედ იმ ვიზუალური შოუს ჩამოტანასაც, რომელზეც ბორის ეკეტმა და ტიმო ლეჟენმა იმუშავეს. ამ მომენტიდანვე დაიწყო კომუნიკაცია ყველა მხარესთან: პირველ რიგში დასტური მივიღეთ რუიჩი საკამოტოს წარმომადგენლებისგან, შემდეგ ასკო|შონბერგისგან და ჰოლანდიის ფესტივალისგან და ბოლოს, ბორისმა და ტიმომაც დაგვიდასტურეს მზაობა.რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, აქ ყველა ტექნიკურ თუ ლოჯისტიკურ დეტალზე პასუხისმგებელი იყო Stockton-ის გუნდი: დაწყებული მხარეებთან მოლაპარაკებით, დასრულებული უშუალოდ კონცერტების მენეჯმენტის ნაწილით. იმისათვის, რომ შეგვექმნა სრულყოფილი აუდიო-ვიზუალური გამოცდილება, ვითანამშრომლეთ ისეთ ადგილობრივ კომპანიებთან, როგორებიცაა: Leno Records, SoundCity, Wizard Events და Jaga Grip, რაც ვთვლით, რომ კონცერტის ხარისხზეც აისახა.
უპირველესი განსხვავება რაც 2021 წლის და 2022 წლის კონცერტებს შორის იყო, ისაა, რომ პირველი კონცერტი მკაცრი პანდემიური რეგულაციების პირობებში გაიმართა, რამაც, ჩემი აზრით, ამ პროექტს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა. მეორე განსხვავება, ეს არის მუსიკალური შემადგენლობა: ცხადია, რომ მსგავსი ტიპის პროექტის საქართველოში ჩატარება წარმოუდგენელია ქართველი მუსიკოსების მონაწილეობის გარეშე. შედეგად მივიღეთ ძალიან საინტერესო ქართულ-ჰოლანდიური კოლაბორაცია. და მესამე, და ყველაზე მთავარი განსხვავება, ეს არის რუსთაველის თეატრის ისტორიული შენობა, რომელმაც ამ კონცერტს განსაკუთრებული ატმოსფერო შესძინა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ჩანაფიქრი გადაჭარბებით გამართლდა. ვფიქრობ, იმ გამოხმაურების გათვალისწინებით, რაც მათგან მივიღეთ, მსმენელიც იზიარებს ამას, თუმცა ალბათ კონცერტის შემდგომ ემოციებს ყველაზე კარგად ერთი წინადადება ასახავს, Asko|Schonberg-ის წერილიდან, რომელიც კონცერტის დასრულებიდან 3 დღეში მივიღეთ: We’re still basking in the afterglow. ზუსტად ასეთივე წარმატებული იყო Visa-ს მიერ მხარდაჭერილი მეორე მუსიკალური პროექტიც, რომელმაც ამჯერად ჯაზისა და ღვინის მოყვარული სტუმრები წინანდლის ისტორიულ მამულში გააერთიანა. Jazz and Wine-ის მუსიკალური ფესტივალი კახეთში Eastern Promotion-ის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ჩატარდა, თუმცა წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა, რადგანაც ღვინის სამშობლოს წელს პირველად სტუმარი ქვეყნის სტატუსით ჯაზის სამშობლო - ამერიკა ეწვია.
კახა კანდელაკი, Eastern Promotion-ის თანადამფუძნებელი: როგორც იცით, Jazz and Wine, ბრენდად ქცეული ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ წერტილში გვხვდება, იქ, სადაც ღვინისა და ჯაზის კულტურა არსებობს. კახეთი ღვინის მხარეა, სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა, რომ აღმოსავლეთ საქართველოშიც იქ, სადაც ღვინის მრავალწლიანი ისტორია არსებობს, ჯაზის კულტურაც ჩაგვეტანა. შეიძლება ითქვას, რომ სირთულეების მიუხედავად, ლოპოტაზე გამართული პირველი ფესტივალიდან დღემდე ხარისხი შენარჩუნებული გვაქვს, ყოველთვის მსოფლიო დონის, გრემის მფლობელი ვარსკვლავები ჩამოგვყავს, რომლებიც მსმენელს ამ გარემოსთვის შესაბამის იმპროვიზებულ მუსიკას სთავაზობენ. წლევანდელი Jazz and Wine-ზე ოფიციალურ სტუმრად ამერიკა გამოცხადდა, მუსიკოსებთან ერთად გვესტუმრნენ ამერიკელი შეფმზარეულები და მეღვინეები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამერიკული სამზარეულო იმაზე ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. რაც შეეხება თავად მუსიკალურ შემსრულებლებს, სტუმრად გვყავდა Caili O’Doherty-ის კვინტეტი, რომელმაც 50-იანი და 60-იანი წლების ჯაზი შემოგვთავაზა.
ეს მუსიკა რადიკალურად განსხვავებული იყო პირველი კონცერტისგან, სადაც ელექტროსვინგის დედოფლად წოდებული ელის ფრანსი ვიხილეთ. ამავე დღეს მთავარ სცენაზე ლეგენდარულმა გერმანულმა ჯგუფმა - De-Phazz-მა დაუკრა, რომელსაც წელს ოცდახუთი წელი შეუსრულდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ ახალი ალბომიც გამოუშვა, ამ ალბომიდან რამდენიმე ახალი სიმღერა კონცერტზეც შეასრულეს. ფესტივალის მეორე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენი პატარა სტუმრებისთვის, სადაც პროექტ "ჯაზი ბავშვებისთვის" ფარგლებში მოზარდებს თავად მუსიკოსებმა საინტერესო მასტერკლასები ჩაუტარეს. საბოლოოდ ყველაფერი ფეიერვერკით დაგვირგვინდა და ვფიქრობთ, რომ მსმენელიც უზომოდ ნასიამოვნები დარჩა. მადლობლები ვართ სპონსორების, რომლებიც გვერდში უდგანან პროექტს, მათ შორის განსაკუთრებით Visa-სი, რომელმაც თავისი ბარათების მომხმარებლებს როგორც ფესტივალის ბილეთებზე, ისე სასტუმროს ნომრებსა და სხვა სერვისებზე განსაკუთრებული შეღავათები შესთავაზეს, სწორედ ამგვარი მიდგომის გამო აქვს მსმენელს ამხელა ნდობა და მოლოდინი მთელი ამ ღონისძიების მიმართ, რომელსაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაში". „ძალიან მიხარია, რომ Visa კულტურული ღონისძიებების, მათ შორის მუსიკალური ფესტივალების მხარდამჭერია რეგიონში. მქონდა შესაძლებლობა საქართველოში, რამდენიმე მათგანს მეც დავსწრებოდი და იქ ყოფნისას, ჯადოსნური და შეუდარებელი ემოციები გამომეცადა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს არაჩვეულებრივი საღამოებისთვის და თანამშრომლობისთვის.“ - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი