Who’s Afraid of Virginia Woolf? (1966)
რეჟისორი: მაიკ ნიკოლსი
“ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?” სამოციანების ჰოლივუდის კინოს ერთ-ერთი შედევრია, რომელიც ამავე სახელწოდების პიესისა და სპექტაკლის შთაგონებითაა შექმნილი და ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს სპექტაკლს. მართა და ჯორჯი, შუა ხნის ასაკის წყვილი, რამდენიმე ათეული წელია დაქორწინებულები არიან, მაგრამ მათი თანაცხოვრება არც ისე ჰარმონიულია და ეს პირველივე სცენაში ჩანს. მთელი ფილმის მოქმედება ერთი ღამის მანძილზე მიმდინარეობს, როცა მართა სტუმრად თავის კოლეგასა და მის მეუღლეს დაპატიჟებს, რომლებიც სრულიად მოულოდნელად ჩაერთვებიან ცოლ-ქმრის კინკლაობაში. “ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?” უამრავ ურთიერთგამომრიცხავ ემოციას აღძრავს და ძალიან კარგად აჩვენებს სასიყვარულო ურთიერთობების კომპლექსურობას, რაც არა მხოლოდ სცენარის, არამედ მსახიობების ბრწყინვალე შესრულების დამსახურებაცაა.
Midsommar (2019)
რეჟისორი: არი ასტერი
“მიდსომარი” საშინელებათა ჟანრის შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც მაყურებლის გარშემო იმდენად მომაჯადოებელ ატმოსფეროს ქმნის, რომ მისგან თავის დაღწევა არა მხოლოდ ფილმის განმავლობაში, არამედ დასრულების შემდეგაც ძალიან რთულია. სიუჟეტი შეეხება მეგობრების ჯგუფს, რომლებიც ზაფხულში რამდენიმე დღით შვედეთში ჩავლენ და რელიგიურ ფესტივალს დაესწრებიან. მზით განათებული გაშლილი სივრცე, თეთრი ფერის სიჭარბე, ნარკოტიკების ყოველდღიური მოხმარება და სიკვდილის ნატურალისტური სცენები მნახველში სიურრეალისტურ შეგრძნებებს იწვევს და ბრწყინვალედ ამტკიცებს, რომ საშინელებათა ჟანრი რამდენიმე კლასიკურ ფაბულაზე ბევრად მეტია.
Spider-man: Into the Spider-Vest (2018)
რეჟისორები: ბობ პერსშეტი, პიტერ რემზი, რუდნი როთმენი
მარველის ეს ანიმაცია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნამუშევარია, რომელსაც ოდესმე ნახავთ. ის სკოლის მოსწავლე მაილს მორალესის შესახებაა, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს, პიტერ პარკერის მსგავსად, უკბენს რადიოაქტიული ობობა. მაილსი თავის ძალებს ვერ აკონტროლებს, ამის პარალელურად კი ქალაქი აფეთქების საშიშროების წინაშეა, რასაც სხვადასხვა განზომილებიდან გადმოსული ადამიანებიც ემატებიან, რომლებიც როგორმე უკან უნდა დაბრუნდნენ. გარდა ვიზუალური მხარისა, ფილმს განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმება და იუმორი გამოარჩევს, რაც ნახვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
Dr. Strangelove, or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb (1964)
რეჟისორი: სტენლი კუბრიკი
კუბრიკის ეს პოლიტიკური კომედია ბირთვული ომის შესახებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მფრინავი ძალების ემოციურად გაუწონასწორებელი გენერალი გადაწყვეტს, პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე გასცეს საბჭოთა კავშირის დაბომბვის ბრძანება. სიუჟეტი სამი ხაზითაა გადმოცემული. ერთი ხაზი უკვე ნახსენები გენერლის შესახებაა, მეორე ცაში მყოფ სამხედროებზეა, მესამე კი ამერიკის მთავრობის სხდომას გვიჩვენებს, რომელზეც ცდილობენ, ატომური დაბომბვა შეაჩერონ. მთლიანობაში, კუბრიკის ეს სურათი ძალიან კომიკურად გადმოსცემს ატომური დაბომბვის იმ შიშს, რომელიც ცივი ომის დროს არსებობდა მსოფლიოში.
Four Rooms (1995)
რეჟისორები: ელისონ ანდერსი, ალექსანდრ როკუელი, რობერტ როდრიგესი, კვენტინ ტარანტინო
“ოთხი ოთახი” ოთხი რეჟისორის ძალიან სახალისო ერთობლივი ნამუშევარია, რომლის მოქმედებაც ახალი წლის ღამით, ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარეობს. ეს პირველი სამუშაო დღეა თეოდორისთვის, მოსამსახურე ბიჭისთვის, რომელსაც ოთხი სხვადასხვა ოთახის სტუმრებთან უწევს ურთიერთობა. ის ჯერ ჯადოქარ ქალებს დაეხმარება, მერე სპეციფიკური სექსუალური ფანტაზიების მქონე წყვილს, ანტონიო ბანდერასის შვილებთანაც მოუწევს გამკლავება და ბოლოს ჰოლივუდის მთვრალ ვარსკვლავებს მოემსახურება. ფილმს ძალიან სასაცილოდ აქცევს ტიმ როთის ბრწყინვალე შესრულება, რომლის პერსონაჟმაც, თავისი თავგადასავლებით, შესაძლოა უეს ანდერსონის Lobby Boy მოგაგონოთ.
Julie and Julia (2009)
რეჟისორი: ნორა ეფრონი
ფილმი სხვადასხვა დროში მცხოვრები ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც კულინარიის სიყვარული აერთიანებთ. ჯულია, რომლის როლსაც მერილ სტრიპი ასრულებს, ქმართან ერთად საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. იქ მოწყენილობის გამო, კულინარიის კურსებზე იწყებს სიარულს, საბოლოოდ კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მზარეული ხდება. ფილმის მეორე მთავარი პერსონაჟი, ჯული, ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალია, რომელიც გადაწყვეტს, 365 დღეში ჯულია ჩაილდის 365 რეცეპტით მოამზადოს კერძები. ფილმი ძალიან სასიამოვნო სანახავია თავისი მშვიდი სიუჟეტის გამო, რასაც მადისაღმძვრელი კერძების კადრებიც ემატება.
Ghost in the Shell (1995)
რეჟისორი: მამორუ ოშიი
ეს ანიმე კიბერპანკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ნამუშევარია, რომელსაც შთამბეჭდავი მუსიკალური გაფორმება და ძალიან ლამაზი გრაფიკა აქვს. მისი მოქმედება 2029 წელს მიმდინარეობს, როცა ადამიანები ბუნებრივი სახით აღარ არსებობენ. ისინი კიბორგებმა ჩაანაცვლეს, რომელთაც ხელოვნურად შექმნილი სხეულები აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად ითვლებოდნენ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სული, რომელსაც ანიმეში მოჩვენებას უწოდებენ. სიუჟეტი მაიორი მოტოკო კუსანაგის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც ერთ-ერთი მისიის შესრულებისას დაუპირისპირდება მისტიკურ ჰაკერს, მასთან შეხვედრის შემდეგ კი ეგზისტენციალურ მეტამორფოზას განიცდის. ანიმეში მრავლადაა ფილოსოფიური ელემენტები, განსაკუთრებით კი ხაზგასმულია იდენტობის პრობლემა “ახალ სამყაროში”.
Long Day’s Journey Into Night (2018)
რეჟისორი: ბი განი
ბი განის ეს ფილმი ნელი კინოს კარგი ნიმუშია. რთულია იმის დაზუსტებით და თანმიმდევრულად თქმა, თუ რა ხდება ფილმში, რადგან ეს ნამუშევარი იმ მოგონებების შესახებაა, რომელთაც მთავარი პერსონაჟი ბავშვობის ქალაქში დაბრუნების შემდეგ აღიდგენს. საინტერესოა, რომ მის ყველა მოგონებაში არის გოგო, სახელად ვან ქიუენი, რომელიც მისთვის მუდმივად მოუხელთებელი და სასურველია, დროთა განმავლობაში კი თვითრეფლექსიის ეს პროცესი სწორედ ამ გოგოს დაჟინებულ ძიებად გადაიქცევა. ფილმი გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკისაა, რაც, ხმის რეჟისურასთან ერთად, მაყურებელში სასიამოვნო ნოსტალგიურ შეგრძნებებს იწვევს.
Paterson (2016)
რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში
ჯიმ ჯარმუშის “პატერსონი” თერაპიული ხასიათის მქონე ფილმია. მისი მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ადამ დრაივერი თამაშობს, ავტობუსის მძღოლი და პოეტია, რომელიც ცოლთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს. ყოველდღე ის ერთსა და იმავე საქმიანობას ასრულებს, მაგრამ რუტინის სიმძიმეს არ განიცდის. პირიქით, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, რისი მიზეზიც, მის მიერ სამყაროს განსხვავებულად აღქმის უნარია. შეიძლება ჯარმუშის ეს ნამუშევარი მუდმივ შეჯიბრსა და შფოთვაზე დაფუძნებული საზოგადოების კრიტიკადაც აღვიქვათ, თუმცა, პირადად ჩემთვის, “პატერსონი” ილუსტრაციაა იმისა, რომ საოცნებოდ სასიამოვნო ცხოვრება შეიძლება ძალიან უბრალო იყოს. მთავარია, ხანდახან დავმშვიდდეთ და გავჩერდეთ.
დაწერე კომენტარი