7-15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მიტოვებული და დავიწყებული კინოთეატრების შენობებში ჩამქრალი ეკრანები აინთებიან და წლების შემდეგ ისევ შემოიკრებენ კინოს მოყვარულებს. ჩვენებები გაიმართება გორში, კასპში, ამბროლაურში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. 


ღონისძიებების ციკლი გუშინ ბოლნისში დაიწყო, სადაც ალექსანდრე კობერიძის ფილმის, "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენება შედგა. კვირის განმავლობაში შეგიძლიათ ნახოთ უტა ბერიას ,,უარყოფითი რიცხვები". ფესტივალის ბოლო დღეს, კიდევ ერთხელ, ამჯერად კოდისწყაროს კულტურის სახლში გაიმართება ალექსანდრე კობერიძის ფილმის მორიგი ჩვენება. სოფელ სამშვილდის კლუბში კი ყველასათვის საყვარელ უკვდავ ფილმს - ,,შერეკილებს" ნახავთ. 


ჩვენებები დაიგეგმა ორგანიზაცია ,,ქსელის” ინიციატივით, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გაერთიანებაა. მათი მთავარი იდეა ამ რეგიონებში კულტურის განვითარებაა, პირველი ყველაზე მასშტაბური პროექტი კი – ეს კინოს კვირეული, რომელიც მიტოვებული ან ფუნქციადაკარგული კულტურული სივრცეების გაცოცხლებას ისახავს მიზნად. 


კვირეულის მთავარი მიზანია  კონკრეტულ სოფლებსა და ქალაქებში სოციალურ-კულტურული აქტივობების გამოცოცხლება და ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც  ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თემის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ამ აქტივობებში თავადაც ჩაერთონ -  ერთობლივი ძალისხმევით მეტად საინტერესო, შემეცნებითი და კულტურულად დატვირთული გახადონ ყოველდღიურობა. 

როგორც თავად ორგანიზატორები ამბობენ - მიტოვებული კინოთეატრებისა და კულტურის სახლების გაცოცხლების კვირეული ამ სივრცეებში წარსულის დაბრუნებას კი არა, მათში მომავლის წარმოდგენას ისახავს. ასევე,  ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ისიც, რომ ამ ღონისძიებათა ციკლის საშუალებით მეტად საჯარო და საყოველთაო გახდეს მათი საქმიანობები, სხვებსაც გააცნონ თავიანთი იდეები და სამომავლო პროექტებისთვის მეტი თანამოაზრეც შემოიკრიბონ.

ავტორი: ხატია იათაშვილი