კუნსტჰალე თბილისი ATINATI’S კულტურულ ცენტრში თანამედროვე ქართველი ხელოვანის, გიორგი ხანიაშვილის გამოფენას მართავს ბერლინში მცხოვრებ ცნობილ ხელოვანთა კოლექტივთან, Slavs and Tatars-თან ერთად. გამოფენა 22 ოქტომბერს გაიხსნა და 3 დეკემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს.


გიორგი ხანიაშვილი ფერწერას სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, თუმცა გარკვეული პერიოდი, როცა დროებით მიატოვა ფერწერა, მუდმივად აკეთებდა ჩანახატებს. სწორედ ამ ჩანახატებიდან ეწვია შთაგონება, რომ ზოგიერთი მათგანი რეალურ ობიექტებად ექცია. ხატვა, სამუზეუმო ექსპონატები და სხვადასხვა სტილის ხელოვნების ნიმუშები ბავშვობიდან აინტერესებდა. საბოლოოდ, მისი მრავალფეროვანი სტილიც ამ ყველაფრის გავლენით ჩამოყალიბდა. გიორგის ნამუშევრები 2014 წელს დუბაის სახელოვნებო ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი, საიდანაც  მისი ქანდაკება კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა.


გიორგი ხანიაშვილი ძირითადად ხეზე მუშაობს, თუმცა ბევრ სხვადასხვა მასალასაც იყენებს. მაგალითად, მეტალს, კერამიკას, მარმარილოს. როგორც თვითონ ამბობს, მუშაობის პროცესი წინასწარ დააუგეგმავად მიმდინარეობს. მუშაობს ინტუიციურად, იმით, რაც ხელში მოხვდება და გზად გადააწყდება. კონკრეტულ მედიუმზე არასდროსაა დამოკიდებული. წინასწარ არ გეგმავს რაიმე ხელჩასაჭიდის პოვნას, ყველაფერი შემთხვევით, ბუნებრივად ჩნდება მის ირგვლივ და შემდეგ აქცევს საკუთარი ნამუშევრების ობიექტებად. მითუმეტეს, რომ ყველა მასალას თავისი კონკრეტული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ყველა მათგანზე მუშაობა სხვადასხვაგვარ პროცესს წარმოადგენს. 


მის შემოქმედებაში იკვეთება ისეთი თემები, როგორიცაა რელიგია და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა. როგორც თავად ამბობს, პროფესიული განათლება არ აქვს ქანდაკების სფეროში, თვითნასწავლია და ამიტომ მის ქანდაკებებში ანატომიური სიზუსტე ხშირადაა დარღვეული, რაც გიორგის სახასიათო ხელწერას ქმნის და ნამუშევრებს კიდევ უფრო საინტერესოსა და ორიგინალურს ხდის. 

Kunsthalle Tbilisi, რომლის ინიციატივითაც იმართება გამოფენა, 2018 წელს დააარსეს ირინა პოპიაშვილმა და ლიკა ჭკუასელმა. კუნსტჰალე თბილისს მუდმივი საგამოფენო სივრცე არ აქვს და, როგორც წესი, სხვადასხვა მუზეუმებსა თუ საგამოფენო სივრცეებში მართავს გამოფენებს.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

 

ფოტო: გურამ კაპანაძე