რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი გამოფენა ხუთი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა 5 ნოემბერს გაიხსნა კახეთში, ,,ამბასადორი კაჭრეთში” და 15 ნოემბრამდე იქნება ღია დამთვალიერებლებისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილია მუსია ქებურიას, მარიამ აქუბარდიას, გიორგი ვარდიაშვილის, ნიკა კოპლატაძისა და ლადო ლომიტაშვილის სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ფერწერული ტილოები, ინსტალაციები და ობიექტები. ყველა მათგანი რია ქებურიას არტ რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნა. გამოფენის კურატორი კი ნინო ასანიძე გახლავთ. 

მარიამ აქუბარდიას ნამუშევრებში ძირითადად სოციო-პოლიტიკური თემები ფიგურირებს. მისი ინსტალაციაც - „ჟანგისფერი ცრემლების მდინარე“ -  სწორედ ამ პრობლემას - კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებით გამოწვეულ ტრავმას ეხმიანება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკა კოპლატაძის ორი ნამუშევარიც: ბიომორფული ფორმის ობიექტი, რომელიც სიცოცხლის პირველწყაროს განასახიერებს და ასევე დიდი ზომის აბსტრაქტული ტილო, რომელიც მიკრო და მაკრო სამყაროს ურთიერთობას გამოსახავს. გიორგი ვარდიაშვილის წლების განმავლობაში არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, რია ქებურიას რეზიდენციის განმავლობაში კი მან ყინულისგან დამზადებული ინსტალაცია შექმნა. ლადო ლომიტაშვილის ,,ცივი ნავი” საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ობიექტების გაერთიანებით შექმნილი ნამუშევარია. მუსია ქებურიას ცოცხალი ფერებითა და კოლაჟური სტილით შექმნილი ტილოები კი განსაკუთრებით გამოკვეთს მის სახასიათო სტილს, რომელსაც აქამდე ძირითადად კედლის მხატვრობით იცნობდა საზოგადოება.

რია ქებურიას არტ რეზიდენცია 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ჩართულია თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში. რეზიდენციის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს განვითარებაში, უმასპინძლოს მათ გამოფენებს, დაგეგმოს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები, ერთმანეთთან დააკავშიროს ახალგაზრდა ხელოვანები და ამით მხარი დაუჭიროს მათ შემოქმედებას.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი