ოქტომბერში ვაჟიკო ჩაჩხიანის ორი გამოფენა პეკინში, გალერეა White Space-ში გაიმართა. ერთ-ერთი მათგანი - Finger, Fist, and Thumb Sucking 27 ოქტომბრამდე იყო წარმოდგენილი. მეორე გამოფენა კი - Video, 20 ოქტომბერს დასრულდა.
ორივე გამოფენა ხელოვანის ადრეულ 16 ვიდეონამუშევარს აერთიანებს და საგამოფენო სივრცეშია გაფანტული, რომ მაყურებელმა განსხვავებული პერსპექტივებიდან შეძლოს აღქმა. თბილისელი არტისტი time-lapse ფოტოგრაფიითა და სტატიკურ ან მუდმივად მოძრავ ობიექტებზე ხანგრძლივი დაკვირვებით ქმნის დოკუმენტურ სტილს, რომელიც შინაგანი შფოთვის მდგომარეობას გადმოსცემს.
მისი უახლესი ნაშრომი - ,,თბილი ზამთრის მზე” ჰყვება პროტაგონისტზე, რომელიც ბავშვობის სახლში ბრუნდება და მას მოულოდნელად ცეცხლს უკიდებს. კადრების ნახევარზე მეტი ალში გახვეულ სახლს ასახავს - შიგნიდან და გარედან. ჩაჩხიანის ჩამთრევი ვიზუალური ენის დახმარებით მაყურებელს შეუძლია თხრობის ფორმებს გასცდეს და თავადაც ჩაერთოს საკუთარი გარემოს რეკონსტრუქციის, ახლიდან წარმოდგენის პროცესში.
ვაჟიკო ჩაჩხიანს ქართული სახელოვნებო წრე წლებია კარგად იცნობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველოს სახელით ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე, ნამუშევრით "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" წარდგა. ასევე, ვაჟიკო იყო პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელოვნებო ღონისძიებაზე - სიდნეის ბიენალეზე წარადგინა თავისი ნამუშევარი.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: White Space
ტექსტი: Ocula
დაწერე კომენტარი