სერიალი, სახელწოდებით The empress, რომელიც ნეტფლიქსზე 2022 წელს გამოჩნდა, ბავარიის სამეფო კარზე გაზრდილი იმპერატრიცა ელისაბედის ცხოვრებას მოგვითხრობს. სერიალში მთავარ როლს დევრიმ ლინგნოუ ასრულებს. დედოფალი ელისაბედი უმრავლესობისთვის ცნობილი იყო, როგორც იმპერატიცა სისი. სახელი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაითქვა, რაც სილამაზის შენარჩუნებაზე ზრუნვა მნიშვნელოვან რიტუალად აქცია. ეს რიტუალები და მეთოდები კი თითქმის ორი საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისაბედი ავსტრიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კონსორტი იყო და 44 წლის განმავლობაში უწყვეტად ეკავა იმპერატრიცის თანამდებობა.

ავსტრიელი იმპერატიცა თავისი მმართველობის ხანაში, და მას შემდეგაც, განთქმული იყო სილამაზით. სისიმ მიზნად დაისახა სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში ყველა ახალი, მანამდე უცნობი მეთოდების მოძიება და მათი გამოყენება. მას შემდეგ, რაც ჰაფსბურგის იმპერიულ სასახლეში პირველი სააბაზანო ჩააშენებინა, ყოველდღიურად იღებდა ცივ შხაპს, მასაჟებსა და მცენარეული ზეთის აბაზანებს. მისი თმის სტილისტი - ფრაუ ფეიფალიკი და აბაზანის მოსამსახურე ყოველთვის მის სიახლოვეს იყვნენ და კანის მოვლის ახალი მეთოდების მოძიებასა და გამოყენებაში ეხმარებოდნენ. ერთი ასეთი მეთოდი ,,აურაცხელი რაოდენობის მარწყვის კრემს” მოითხოვდა, მეორე კი ოც ოდნავ დაობებულ ლიმონს. ძილის წინ სახეზე ხბოს ხორცის ნაჭრებს ილაგებდა, რაც მე-19 საუკუნეში ნაოჭებთან ბრძოლის ნიღაბს წარმოადგენდა.

სისის სილამაზეზე ხმები ევროპის ყველა კუთხეში მალევე გავრცელდა, რასაც იმპერატრიცა ხშირად იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. “თავადვე ატარებდა დიდ დროს საკუთარ თავზე ლეგენდების შეთხზვაში, რომლებსაც დღემდე აქვთ გავლენა”.  - წერს პოლი კოუნი  თავის წიგნში “იმპერიული სტილი: ჰაბსბურგის პერიოდის მოდა”. მართალია, ხბოს ხორცის სახის ნიღაბი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ზოგიერთი მისი თავის მოვლის რიტუალი დღემდე გამოიყენება. იმპერატიცა სისის გავლენა თანამედროვე ავსტრიულ სილამაზის სტანდარტებზე დღესაც შეგიძლიათ შეიგრძნოთ - ვენურ პარფიუმერიაში, თანამედროვე სამედიცინო სპა-მასაჟში და ა.შ.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

 

წყარო: Vogue