გერმანელი ფოტოგრაფი - მათიას ჰეიდერიხი ათწლეულზე მეტია ქუჩის გარემოს იკვლევს. თვითნასწავლი ფოტოგრაფი ქალაქის რუტინულ ყოველდღიურობაში განსაკუთრებულ ფერებსა და ფორმებს ამჩნევს და აღბეჭდავს. მისი კადრები კონკრეტულ ჩარჩოებშია მოქცეული - ფოკუსირებას ახდენს კუთხეებზე, სახასიათო გეომეტრიულ ფორმებსა და შენობების პატარა მონაკვეთებზე. მათიასს განსაკუთრებით ხიბლავს ის გამოწვევა, რომ ჩვეულებრივ, ხშირად უღიმღამო და უსახურ ნაგებობებში საინტერესო არქიტექტურული შტრიხები და მორიგი ფოტოს პოტენციალი აღმოაჩინოს. განსაკუთრებული იერი შესძინოს მათ და სულ სხვა პერსპექტივით წარმოგვიდგინოს. შედეგი კი ნათელია - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქუჩები მათიასის ფოტოებში ზღაპრულ ადგილებად გვეჩვენება და ზოგჯერ ფუტურისტულ სამყაროსაც მოგვაგონებს.

თავდაპირველად მათიასმა პოპულარობა ბერლინში მოიპოვა, როდესაც მკაცრი, ნაცრისფერი ქალაქი ნათელი ფერებით წარმოაჩინა. მის სურათებს მუდმივად ახასიათებს ეს დუალობა - ნაზი, პასტელური ფერები, რომელსაც უხეში შენობები და ქუჩები ირგებენ. ასეთივე ტექნიკა გამოიყენა მოგვიანებით სხვა ქალაქებში მოგზაურობისა და უცხო ქუჩების აღბეჭდვის დროსაც. როგორც თავად ამბობს -  ,,ურბანული ქალაქი ერთდროულად მშვენიერიცაა და საშინელიც”. მის შემოქმედებაში წაშლილია ზღვარი ფოტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინს შორის, რადგან საბოლოო შედეგამდე მათიასი ფოტოებს „ბავშვურ’’ ნათელ ფერებში ამუშავებს. 

მინიმალისტურ სურათებში ყურადღება სიმეტრიაზე, ხაზებსა და პატერნებზეა გამახვილებული. გეომეტრიული ფორმები, დეტალებზე ორიენტირება და ფერების თავისებური აღქმა მის სურათებს ქალაქის ბანალური ერთფეროვნებისგან მიჯნავს და ახლებურად გადაასხვაფერებს. თავად მათიასი, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მინიმალიზმის კომბინაცია სწორად შერჩეულ ფერებთან ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელია, თვალისთვის კი - სასიამოვნო.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გაერთიანებითა და ახლებური ხედვით, მათიას ჰეიდერიხი მალევე გახდა საკულტო ფოტოგრაფი. 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მათიასი განსაკუთრებით გაიტაცა ფოტოგრაფიამ, მისი ნამუშევრები ხშირად იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, როგორებიცაა - Wallpaper* და Cereal. მათიასისთვის ფოტოგრაფია პირველადი პროფესია არ ყოფილა და საინტერესო კადრების აღმოსაჩენად ქუჩებში ხეტიალი, როგორც უბრალო გატაცება, ისე დაიწყო. მათიასის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა ბერლინის გალერეებში. ასევე მსოფლიოს არაერთ ქალაქში - ბარსელონაში, სან ფრანცისკოსა და ციურიხში.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Matthias Heiderich, Aesthetic Magazine