თაააქუუ, - ჩამესმა ჩუმი ძახილი. არადა ძლივს ჩამეძინა. ვეცადე არ მიმექცია ყურადღება და ძილი გავაგრძელე.
თაააქუუ, - იგივე ტონით, ცოტა უფრო ახლოს. მივხვდი, რომ შაზამანი იყო. ათასმა სცენარმა გამიარა გაბრუებულ თავში. არ მინდოდა თვალები გამეხილა და რაიმე ისეთი აღმომეჩინა, რისი წარმოდგენაც ყველაზე მეტად მაღელვებდა მოგზაურობის ამ ნაწილის დაწყებამდე. გავბედე და ნახევრად წამოვდექი. სხვა რა გზა მქონდა. ნამდვილად შაზამანი იყო. ხელში ვერცხლისფერი მეტალის ჯამი ეჭირა. გამოღვიძებული რომ დამინახა, ნახევარმთვარესავით გაიბადრა და ჯამი გამომიწოდა. თაააქუ, მაანგო, - მოაყოლა შეყვარებული ბიჭის ტონალობაში და ოთახიდან გავიდა.
ჯამში რამდენიმე მანგო იდო. ტაფტანის სასაზღვრო პოლიციის სპეციალური განყოფილების „სტუმრების მისაღების“ იატაკზე იმ ღამით რამდენიმე ადამიანს გვეძინა. ჩემმა კეთილმა შაზამანმაც ყველაზე იზრუნა. მართალია, იმ მომენტში ძალიან გავბრაზდით, რომ ამის გამო შუაღამისას გაგვაღვიძა, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მანგოთი რომ ცხვირ-პირი კარგად ამოვითხვარეთ და მკლავები იდაყვებამდე გავიწებეთ, აი, მერე გემრიელად ვიცინეთ ყველამ. ასე ჩაისახა ჩემი უკიდეგანო სიყვარული პაკისტანელი ხალხის მიმართ და იმ ღამის მერე დღე არ ყოფილა მანგოს გარეშე ჩემს პაკისტანურ თავგადასავალში. თუმცა, მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ.
ირანიდან პაკისტანში სახმელეთო საზღვრით გადავწყვიტეთ გადასვლა. იმ დროს მე ჩემს გერმანელ თანამგზავრ გოგონასთან ერთად ვმოგზაურობდი და ორს თითქოს უფრო ნაკლებად საშიშად გვეჩვენებოდა ჩვენი გადაწყვეტილება. საშიშად იმიტომ, რომ პაკისტანის მხარეს საზღვრის ნაწილის 600 კილომეტრზე მეტი ავღანეთის სამხრეთს მიუყვება და ადგილ-ადგილ სულ რაღაც 50 კილომეტრითაა დაშორებული. ამ მხარეს ბალოჩისტანი ჰქვია და თალიბანის თავდასხმების გამო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის მომცველ რეგიონად ითვლება. სწორედ ამიტომ ჩვენნაირ „უსაქმურ“ მოგზაურებს, რომლებსაც გასართობი გამოლევიათ და სიცოცხლეც მოჰბეზრებიათ, სამხედრო პოლიციის სპეციალური დანაყოფი ემსახურება. მათ ლევისის (Levies) სახელით იცნობენ. პაკისტანის მთავრობის დადგენილებით, ისინი ვალდებული არიან საკუთარი ტრანსპორტით გადაიყვანონ უცხოელები უსაფრთხო ბოლო პუნქტამდე. ეს მგზავრობა ხან 1 დღეს გრძელდება, ხანაც 3-4 დღე იწელება. ძირითადად, პოლიციელების გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული.
ზუსტი ინფორმაცია საზღვრის კვეთის გამოცდილებაზე თითქმის არ არსებობს. სხვა მოგზაურების ბლოგებმაც დიდად ვერ დაგვამშვიდა. მათი აღწერის მიხედვით წინ საკმაოდ რთული და სარისკო რამდენიმე დღე გველოდა.
ირანის მხრიდან ბოლო ქალაქ ზაჰედანში მატარებლით ჩავედით. ბევრმა ადგილობრივმა თუ არაადგილობრივმა მეგობარმა იქედანვე სიგიჟედ ჩათვალა ჩვენი გადაწყვეტილება. არადა მატარებელში ჩვეულებრივ კუპეში გვეძინა და არც არავის გახსენებია ჩვენი რაიმე ფორმით შეწუხება.
ჩემს მეგზურს ირანის ვიზა კიდევ 2 დღეს რთავდა ქვეყანაში დარჩენის უფლებას. მე კი პაკისტანის ვიზა ჯერ არ მქონდა მიღებული. ჰოდა თავგადასავალიც ზუსტად აქედან დაიწყო. პაკისტანის საელჩოს ზაჰედანის წარმომადგენლობას რომ მივაკითხე, ალაჰის იმედად დამტოვეს. „ინშალაჰ“ (ალაჰმა თუ ინება) იმ კვირაშივე დამპირდნენ საკითხის მოგვარებას. ჩვენი ბრალი იყო. ბოლო მომენტში გადავწყვიტეთ, რომ ირანის ვიზას არ ვაგრძელებდით და პაკისტანში გადასვლა გვერჩია. მეც მიწურულს შევავსე ელექტრონული აპლიკაცია. ამიტომ სხვა გზა აღარ დაგვრჩა. ვიზის მომლოდინე, მარტო აღმოვჩნდი ზაჰედანში. ქალაქში, რომლის სახელის დაგუგვლისას, ძირითადად, ბოლო მკვლელობების და აფეთქებების შესახებ თუ ნახავთ ინფორმაციას.
ბომბი არა, მაგრამ პირველ ღამეს სროლის ხმამ გამაღვიძა. გიჟივით წამოვვარდი და შეშინებულმა ფარდა ფრთხილად გადავწიე. ისევ გიჟივით... ამჯერად სიცილი ამიტყდა. ფეიერვერკი იყო. ბედი ხომ გინდა! ყველაფერს ველოდი ამის გარდა. ადვილად წარმოიდგენთ, რამდენი გემრიელი სიტყვა შევაწიე იმ მომენტში დღესასწაულის სამიზნეს. და მერე ისე მშვიდად ჩამეძინა, მართლა ბომბი რომ აეფეთქებინათ, ვერ გავიგებდი.
მეორე დღეს პაკისტანის კონსულმა დამპატიჟა „შაშლიკებზე“. ჯერ ის ავუხსენი, რომ ქართული უნიკალური ენაა და ამ სიტყვას თავისი შესატყვისი აქვს. მერე ძალიან ზრდილობიანად მოვუბოდიშე, ვეგეტარიანელი ვარ მეთქი, და თავი დავიძვრინე. ჩემი ვიზის საქმე ჯერ კიდევ მოსაგვარებელი ჰქონდა. წესიერი კაცი აღმოჩნდა, ისლამაბადში მეგობრები ჩარია და იმ კვირის ბოლომდე ვიზა მართლაც დაჩქარებულ რეჟიმში დამიმზადეს. მანამდე კი იყო რამდენიმე უძილო ღამე. მესიზმრებოდა, როგორ მკლავდა საშინელი წყურვილი, რადგან პოლიციელები არ მიჩერებდნენ მაღაზიასთან. ან შუა უდაბნოში მაღაზიას საერთოდ ვერ ვპოულობდი. მესიზმრებოდა, როგორ ვეჯექი მთელი გზა ერთ-ერთ პოლიციელს კალთაში, რადგან მანქანაში ადგილი არ იყო და სხვა გზა არ მქონდა.
ჩემმა წარმოდგენებმა ბოლოს სადღაც უდაბურ მინდორში გაუპატიურების სცენამდე რომ მიმიყვანა, გადავწყვიტე, პრეზერვატივს მაინც ვიყიდი და ასე დავიცავ თავს მეთქი. მეორე დილას აღარ გამხსენებია, სიმართლე გითხრათ. ასე, პრეზერვატივის გარეშე აღმოვჩნდი ჩემზე ერთი ნახვით შეყვარებულ შაზამანთან, რომელმაც პირველივე ღამეს მანგოები მომართვა და უხამსად შემოხედვაც კი არ უცდია. ახლა, ალბათ, მიხვდებით, რატომ ვიყავი გაოცებული და გახარებული მოულოდნელობისგან. იქვე, საკმაოდ გაბრაზებული სხვა მოგზაურებზე, რადგან მათი აღწერა სიმართლეს პირველივე დღეს არ შეესაბამებოდა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, ყველა მოგზაურის გამოცდილება ძალიან ინდივიდუალურია და წინ კიდევ რამდენიმე დღე მელოდა, სანამ „სამშვიდობოს“ გავიდოდით.
იმ ღამეს, შაზამანმა რომ გამაღვიძა მანგოს გამო, დიდხანს ვეღარ დავიძინე. მაისი იყო, მაგრამ უკვე საშინლად ცხელოდა. პოლიციელების მტვრით დაფარული თერმომეტრი დღისით 44 გრადუსს აჩვენებდა. მეზობელი საკნებიდან მიზეზით თუ უმიზეზოდ დატყვევებული ავღანელების და ირანელების ყოველი ხველება, სიცილი, სხვადასხვა შეძახილი და ბრახუნი მაფხიზლებდა. არადა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. დილის რვა საათზე პოლიციის პირველი ესკორტის მანქანაც დაიქოქა. ჩემი „შეყვარებული“ გაცვლილი ვოთსაფის ნომრების იმედად დავტოვე და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობე.
გზა იყო გრძელი. მეორე დღეს რაღაც დღესასწაულს ზეიმობდნენ, ამიტომ მე გამიმართლა. ქალაქ ქვეტამდე გასავლელი მანძილის დაფარვა ერთ დღეში გადაწყდა. გამიხარდა. რა ვიცოდი, რომ ყოველ 20-30 კილომეტრში ესკორტის მანქანა უნდა გამოგვეცვალა. ჩანთების გადატანაში მოსახმარებლადაც ყველა ოფიცერი არ იწუხებდა თავს. მეც ავდექი და დავყავი უჟმურებად და ჯენტლმენებად. მეტი საქმე მაინც არ მქონდა. კიდევ კარგი, ისე ცხელოდა, რომ ლიტრობით მიღებული სითხე შარდად გადაქცევას ვერ ასწრებდა და გაჩერებაც ხშირად არ გვიწევდა.
დაახლოებით 15 მანქანის მერე თვლა ამერია. მანქანებისაც და პოლიციელებისაც. ხან საბარგულში ვიჯექი შეიარაღებულ ოფიცრებს შორის, ხან წინა სკამზე, მძღოლის გვერდით, ბევრად კომფორტულად.
600 კილომეტრის მანძილზე, სამშობლოს სამსახურში მყოფი მინიმუმ 25-მდე ახალგაზრდა მაინც გავიცანი. ბევრი კითხვა მეორდებოდა. საიდან ხარ? რატომ ჩამოხვედი? ჩვენს ქვეყანაში რა უნდა გააკეთო? შენი ქმარი სად არის? გულწრფელად ვერ მალავდნენ გაოცებას და ინტერესს. ვერც მე. პაკისტანის დიდი პლუსი ისაა, რომ ყველაზე უდაბურ მხარეშიც კი გააგებინებ ინგლისურად ორიოდე სიტყვას და გამოიტან შინაარს მათი პასუხიდან. ყველაზე მეტად ერთი ბიჭი დამამახსოვრდა. სულ რაღაც 24 წლის იყო. რომ მემშვიდობებოდა, გულზე ხელი დაიდო და მითხრა: ჩვენზე კარგად არავინ იცის სიცოცხლის ფასი, დაო. გთხოვ, სიცოცხლეს გაუფრთხილდიო.
კუდუსუნის ძვალგაღუნულმა ჩავაღწიე ქალაქ ქვეთაში 12-საათიანი რახუნის მერე. იქ კიდევ ერთი ღამე მელოდა პოლიციის განყოფილებაში, რამდენიმე შეიარაღებული ესკორტი ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოსატანად, ორი ოფისი პაკისტანის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად მოგზაურობის გაგრძელებისთვის სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლად და ათასობით ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფოტო ყველა პოლიციელთან. მშიოდა, მტკიოდა, დაუბანელი თავი მექავებოდა, სახე მქონდა გადამძვრალი და იმ მომენტში მაინც ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი დედამიწის ზურგზე.
მიხაროდა, რომ გავრისკე და სრულიად უცნობ პაკისტანში მოსახვედრად ეს გზა ავარჩიე. ვაღიარებ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახმელეთო საზღვრის კვეთა ასეთ დაუვიწყარ და განუმეორებელ გამოცდილებად გადაიქცეოდა. ისიც ვიცი, რომ მე გამიმართლა და ბევრი უცხოელი იმავეს არ მოგიყვებათ. ამიტომ, მადლობელი ვარ შაზამანის, სალუდინის, მუჰამადის, მაშრუფის, ზაჰიდის, ასადის. მათიც, ვისი სახელებიც არ მახსოვს, რადგან არ ჩავინიშნე.
მადლობელი ვარ, რომ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ ჩემნაირი ცნობისმოყვარე ადამიანების გამო. მადლობელი ვარ, რომ დამიმტკიცეს ის, რის იმედადაც მთელი ეს მოგზაურობა წამოვიწყე.
ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე
რუბრიკის მხარდამჭერია The Body Shop
დაწერე კომენტარი