ლევან სონღულაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „Ad Infinitum“ თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში Factory Tbilisi-ში იმართება. გამოფენა 5 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალიერებელს. გამოფენაზე წარმოდგენილია სონღულაშვილის ახალი, მასშტაბური ტილოები, რომლებსაც თან ახლავს ავტორის ტექსტები.

 

 

ლევანი ღრმა ბავშვობიდან იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან, ქმნიდა სხვადასხვა კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებსა და პორტრეტებს. ამჟამად მრავალ სხვადასხვა მედიუმში მუშაობს - ქმნის როგორც ფერწერას, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეონამუშევრებს. 

 


 

გამოფენაზე „Ad Infinitum“ თავმოყრილია ლევანის ბავშვობის დროიდან მოყოლებული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები. ის კულტურული თუ რელიგიური გარემო და სოციუმი, სადაც გაიზარდა და რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის ჩამოყალიბებაში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მის შემოქმედებაში პირადი გამოცდილებები და ისტორიები მეტად უნივერსალური და საზოგადო ხდება.

 


 

,,ვცადე, საკუთარი თავისთვის პირადი სივრცე შემექმნა და ამ გარემოს შორიდან დავკვირვებოდი, დაახლოებით ისე, ფართოდ გახელილი თვალებით რომ გადმოჰყურებ თვითმფრინავის ილუმინატორიდან სამყაროს. უყურებ, როგორ პატარავდებიან ადამიანები, შენობები, ტყეები… ეს სწორედ ის მომენტია, როცა ფრაგმენტული სამყარო შენ თვალწინ ისევ ერთიანდება”.

 


 

ალბათ ლევანის ეს სიტყვები ყველაზე მეტად გამოხატავს მისი გამოფენის მთავარ კონცეფციას. იმას, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის ფსიქოლოგიას, სამყაროზე დაკვირვებასა და ირგვლივ განვითარებული მოვლენების  ღრმად გადააზრებას. თვალსაჩინოა ისიც, თუ რამხელა გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე ევროპულმა, უფრო კონკრეტულად კი გერმანულმა და ფრანგულმა ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა, როგორ უბიძგა ამ აღმოჩენებმა ახალი ექსპერიმენტებისკენ.

 


 

ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რამდენიმე სამუზეუმო და ბევრ კერძო კოლექციაშია დაცული. მის გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ საახელოვნებო გალერეები ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროპის სხვა არაერთ ქვეყანაში და სინგაპურში. გარდა ამისა, მისი ნამუშევრები გამოფენილა ისეთი გამოჩენილი არტისტების ნამუშევართა გვერდით, როგორებიც არიან - ეგონ შილე, ენდი უორჰოლი, ჟან-მიშელ ბასკია, მარინა აბრამოვიჩი, იოკო ონო და სხვები.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი