ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში 18-იდან 20 ნოემბრამდე იდააფ არქიტექტორები წარმოგვიდგენენ ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული კვლევის, ,,ალიზის’’ შედეგებს. 

ალიზი არის გამოუწვავი, ეკოლოგიურად სუფთა, მზეზე გამშრალი აგური, რომელიც საქართველოში სამშენებლო მასალად უძველესი დროიდან გამოიყენება. იდააფ არქიტექტორების მიზანი ახალი ალიზის დამზადებაა, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გამოყენებული იყოს თანამედროვე მშენებლობებში, რადგან ის გამოირჩევა იაფი წარმოებით და მდგრადობით. 

 

 

უძველესი ტექნოლოგიის ხელახლა დასანერგად, ვორქშოპის ფარგლებში, 2022 წლის ივნის-სექტემბერში იდააფ ჯგუფმა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები ჩაატარა. შეისწავლეს ალიზის შენობები კახეთის და ქართლის სოფლებში. ამასთანავე, ჯგუფმა მოიპოვა ფერადი მიწები, რომლითაც ახალი დიზაინის ალიზის აგურები და ინტერიერის დეკორაციები შეიქმნა. 

იდააფ ჯგუფის მიხედვით, ალიზით ნაშენები სახლები ეკოლოგიურად სუფთაა და ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის, რაც ძალიან სასარგებლოა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში მშენებლობასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებს და უფრო ზოგადად, გლობალური დათბობის უარყოფით ეფექტებს. 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კედლის დეკორატიული ფილები და სხვადასხვა ფერის მიწებით დამზადებული აგურის მოდულები.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე