90-იანი წლები მულტფილმებისთვის უცნაური ეპოქა იყო. ერთი მხრივ, ბევრი ცდილობდა დისნეის წარმატებული ფორმულის მიბაძვას, მეორე მხრივ კი, მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის პოპულარიზაციამ წინ ტექნოლოგიური რევოლუციის და ფუტურიზმის თემები წამოსწია. ყველაზე ნათლად ეს იაპონურ მულტსერიალებში ჩანს, როგორებიცაა - კოვბოი ბებოპი, ნეონ-გენესის ევანგელიონი და აკირა. იაპონურ მედიაში ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი დატვირთვა ნაწილობრივ იმიტომ მიენიჭა, რომ ცივი ომის ბოლო წლებში ქვეყანა ეკონომიკური ზრდის პიკში იყო. თითქოს არსაიდან გაჩნდა კომპანიები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულ ევროპულ და ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს კონკურენციას უწევდნენ.

ტექნოლოგიურ პროგრესთან და ეკონომიკურ ბუმთან ერთად, იაპონურ ხელოვნებაში გაჩნდა ფუტურისტული ნარატივები ადამიანის და ტექნოლოგიის ურთიერთობაზე. ერთ-ერთი საკულტო ანიმე “Serial experiments lain” მთლიანად ამ თემატიკას ეფუძნება და ცხადია, გაჯერებულია 90-იანებისთვის სახასიათო ვიზუალებით; მოციმციმე ეკრანები, სადენების კონები და მიმოფანტული მექანიკური კლავიატურები. ადამიანის და ტექნოლოგიის ურთიერთობა იაპონიაში ხშირად მაგიური რეალიზმის ან სამეცნიერო ფანტასტიკის პრიზმითაც იყო დანახული. ამის ნათელი ილუსტრაციებია Ghost in the Shell და Perfect Blue. ულიმიტო კომუნიკაციის საშუალებების, ინტერნეტის და პერსონალური კომპიუტერის პოპულარიზაციამ მთელ მსოფლიოში ტექნოლოგია ადამიანის გაგრძელებად აქცია. 

სწორედ 90-იანების დამსახურებაა, რომ იშვიათად მოიძებნება ანიმე, რომელშიც ერთი სცენა მაინც არ იწყება სატელეფონო სადენებზე  შეჩერებული კადრით. მბჟუტავი ნეონის განათებების პოპულარიზაცია ფუტურისტულ კინოებში ასევე 90-იანების ანიმეს დამსახურებაა. რიდლი სკოტის ფილმები - Blade Runner და Alien დიდწილად იაპონური ანიმეს ესთეტიკითაა შთაგონებული. ანიმეებისგან განსხვავებით, დასავლურ მულტფილმებში ტექნოლოგიის და ადამიანის ურთიერთობის თემას ნაკლებად შეხვდებით. ზოგადად,  ანიმაციური სერიალები დასავლეთში უფრო მეტად ბავშვებისთვის კეთდებოდა. ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც. 

მაგალითად, Batman Beyond, რომელიც 90-იანების მიწურულს გამოვიდა და ახალი ბეტმენის ისტორიას მიჰყვება, გაჯერებულია ამავე პერიოდის ანიმეს სახასიათო თემატიკით. ცხადია, ეს მულტსერიალის ესთეტიკაშიც გამოხატულია. 90-იანების ანიმეში დისტოპიური განწყობების გადმოსაცემად, არქიტექტურაც გამოიყენება. ანიმეს სერიალებში მოქმედების დიდი ნაწილი მეტწილად იაპონური ქალაქების გარეუბნებსა ან სოფლებში მიმდინარეობს ხოლმე. თუმცა, 90-იანებში სწრაფი ინდუსტრიალიზაციის შედეგად, იაპონიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მეგაპოლისებში გადავიდა და სოფლების დაცლა დაიწყო. 

მიწის სულ უფრო და უფრო პატარა მონაკვეთებზე, უფრო და უფრო  მეტი ადამიანი ცხოვრობდა და ქალაქები ცათამბჯენებით გაივსო. იაპონელი ხელოვანებისთვის ეს პროცესი შეუქცევლად ჩანდა. ფუტურისტულ ანიმეებში, მაგალითად, Evangelion-ში ან Ghost in the Shell-ში, თითქმის მთლიანად გაქრა “ტრადიციული” იაპონური არქიტექტურა. ის გიგანტურმა ცათამბჯენებმა, ასფალტის მაგისტრალებმა და “ბეტონის ჯუნგლებმა” ჩაანაცვლა.

პლანეტის მეორე მხარეს, დასავლურ ანიმაციაში მსგავსი ესთეტიკური ტენდენციები შეიმჩნევა. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ნაწილობრივ 80-იანების კომიქსების ბუმით იყო განპირობებული. 80-იანების მიწურულს, ალან მურის Watchmen-ის და Dark Knight Returns-ის პოპულარობამ, კომიქსებში მნიშვნელოვანი სტილისტური ცვლილებები განაპირობა. ოქროს ხანის კომიქსებისგან განსხვავებით, 80-იანების მიწურულს უფრო ჩაბნელებული და პირქუში ფერები გახდა პოპულარული. კომიქსების წარმატებასთან ერთად, DC-ის და Marvel-ის კომიქსებისადმი მეტი ინტერესი გაჩნდა. ამ პერიოდს უკავშირდება კომიქსებზე დაფუძნებული ანიმაციის “აღმავლობა”.

თუმცა, ის ანიმაცია, რომელიც შედარებით ზრდასრული აუდიტორიისთვისაც იყო განკუთვნილი, სავსეა დისტოპიური თემატიკით და ნიჰილიზმით. ამ განწყობების შესაქმნელად სწორედ არქიტექტურა გამოიყენებოდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითებია Batman Animated Series. კომიქსებზე დაფუძნებული მულტფილმების სერიალებში შენობები თითქმის ყოველთვის კვადრატულია და მოქმედების ფონად თითქმის ყოველთვის ცათამბჯენები ჩანს. ეს ნაწილობრივ ფინანსებს უკავშირდება, რადგან ამგვარი არქიტექტურის დახატვა უფრო მარტივი და სწრაფია.

ტყავის ქურთუკების ობსესიას თუ გვერდზე გადავდებთ, 90-იანებში ანიმაციაში მართლაც უნიკალური ესთეტიკა შეიქმნა, რომლის არტეფაქტებიც დღემდე გვხვდება. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე