12 ნოემბერს გორში “გორისძიება” ჩატარდა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის  ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VADS) სტუდენტებმა გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობით განახორციელეს.

 

 

პროექტის მონაწილეების თქმით, გორი ტურისტებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხშირად მხოლოდ სტალინთან ასოცირდება. სტალინის სახლ-მუზეუმი კი ჯერ კიდევ გორის მთავარ მონუმენტად ითვლება, რის გამოც ქალაქის საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია თითქოს იკარგება. მაგალითად, სახლ-მუზეუმთან ახლოს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც იშვიათ და საინტერესო ისტორიულ ნიმუშებს ინახავს.

 

 

გორისძიების მიზანი იყო “გორის გადააზრება” იმ იმედით, რომ ადგილობრივები და ტურისტები გორის სხვა, უფრო საინტერესო ღირსშესანიშნაობებზე გაამახვილებდნენ ყურადღებას.

 

 

სტუდენტებმა შექმნეს მანიშნებლები, რომელიც გორში მყოფებს ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ, Arthouse-ისა და ცნობილი ადგილობრივი კერამიკოსის, ტატულაშვილის სახლ-მუზეუმისკენ მიანიშნებენ. 

 

 

პროექტის ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებზე დაყრდნობით, ცენტრალურ სკვერში მარიამ აბაშიძის ნამუშევარი “საცრემლე” განთავსდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალია. ლომჭაბუკის მოედანზე კი დაიდგა კერები, სადაც პროექტის მსვლელობისას ცეცხლი დაინთო.

 


VADS-ის სტუდენტები გორში საგამოფენო სივრცის შექმნას გეგმავენ, სადაც ადგილობრივ არტისტებთან ერთად ითანამშრომლებენ და ქალაქის საინტერესო წარსულს გამოიკვლევენ.

 

ავტორი: ტატო ანთაძე