კომპანია ლუი ვიტონის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ბურკმა Women's Wear Daily-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზში, იქ, სადაც კომპანიის კორპორაციული ოფისია, სასტუმროს გახსნა იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ მომავალი სასტუმროს შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი უცნობია, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ შენობას ხედები საოცარი ექნება. ბურკის თქმით, სასტუმრო 5 წლის შემდეგ გაიხსნება.
“ჩვენი ოფისი ხუთ წელიწადში აღარ იქნება, - ამბობს ბურკი, - მას ბევრად უკეთესი და თანამედროვე ფუნქცია მოვუძებნეთ, ვიდრე უბრალოდ კორპორაციული ოფისია”.
სასტუმროს გახსნა ლუი ვიტონისგან მოულოდნელი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია ბოლო დროს მხოლოდ მოდის სფეროთი აღარ შემოიფარგლება. მაგალითად, 16 ნოემბერს პარიზში გაიხსნა LV Dream, რომელიც ერთი წლის მანძილზე გამოფენებს უმასპინძლებს. იგივე სივრცეში გაიხსნა კაფე და შოკოლადების მაღაზია, რომლებსაც ლეგენდარული შეფი, მაქსიმ ფრედერიკი ხელმძღვანელობს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი