ულფ მეჯერგრენი და ანტტი ლაიტნენი თავიანთ კოლაბორაციურ პროექტს აგრძელებენ. “ერთი ხე, ოთხი სეზონი” - ასე ჰქვია ინსტალაციას, რომლის ფარგლებშიც  ხელოვანებმა ტყეში ნაპოვნი ტოტებით ერთ-ერთ  ხეს ოთხი კედელი შემოარტყეს და ოვალური ფანჯარა გაუკეთეს. ზაფხულში ხის გარშემო აგებულ კონსტრუქციას თივაც დაამატეს და პატარა კიბეც მიუდგეს. დაფოთლილმა ტოტებმა კი სახურავის ფუნქცია შეითავსეს, რამაც ერთი შეხედვით უბრალო ხე პატარა მაგიურ ქოხად აქცია. 

შემოდგომაზე ხელოვანებმა ჩამოცვენილი ფოთლები შეაგროვეს და ხის გარშემო აგებულ სტრუქტურაში მოათავსეს. ჰაერის ნაკადის დახმარებით კი ფოთლები ჯერ მაღლა გაიფანტა, შემდეგ კი ოვალური ჭრილიდან გადმოცვივდა და ხალიჩად დაეფინა. 

My Modern Met-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მეჯერგრენი ამბობს, რომ პროექტი ოთხი სეზონის ზეიმია და წარმოაჩენს განსაკუთრებულ ურთიერთობას სკანდინავიელ ხალხსა და ბუნებას შორის. ინსტალაცია სტოკჰოლმთან ახლოს მდებარეობს და მოშიშვლებულ მინდორზე დგას. შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფერადი ფოთლებით შემოსილი კონსტრუქცია ცივ უდაბნოში პატარა ოაზისს წააგავს.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე