გასულ კვირას ბელგიელმა დიზაინერმა რაფ საიმონსმა მოდის სამყაროს საკუთარი ბრენდის დახურვის შესახებ შეატყობინა. 27-წლიანი ისტორიის დასასრულის შესახებ დიზაინერმა ინსტაგრამის პოსტში ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ლონდონში, კლუბ Printworks-ში 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ბრენდისთვის უკანასკნელი იქნებოდა. ამ გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ბრენდის დახურვის მიუხედავად, დიზაინერი თავის კარიერას Prada-ში თანაშემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე კვლავ აგრძელებს. დიზაინერი, რომელიც ახალგაზრდული კულტურის და ცხოვრების სტილის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა, რაც მის არაერთ კოლექციაშიც აისახა, Prada-ს მოდის სახლის გარდა, Christian Dior-თან, Jil Sanders-თან და Calvin Klein-თან მუშაობდა. გარდა ამისა, კოლაბორაციული პროექტით სპორტული ტანსაცმლის ბრენდ Adidas-თანაც თანამშრომლობდა. თუმცა მათ, ვინც Raf Simons-ის შემოქმედებას თვალს ადევნებს, ყველაზე მეტად ალბათ ისევ და ისევ მისი საკუთარი ბრენდის სახელით შექმნილი კოლექციები და მათი ჩვენებები დაამახსოვრდებოდა, რომელთა დიდი ნაწილი ვიზუალურად, ზოგჯერ მუსიკალურადაც კი, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

Black Palms – SS98

1998 წელს ხელოვან Franky Claeys-თან და Jos Brands-თან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია 60 ლუქისგან შედგებოდა, სადაც მოდელებთან ერთად  ახალგაზრდა სკეიტერები და რეივერები მონაწილეობდნენ. დიზაინერმა არტისტთან ერთად გადაწყვიტა, რომ მოდელების შიშველ სხეულზე ხელოვანის მიერ დახატული პალმები და ვარსკვლავები გამოესახა. შიშველ სხეულთან ერთად, ჭუჭყიანი მაისურები, ანარქისტული სიმბოლოები და როკ-მუსიკის ჯგუფებისთვის დამახასიათებელი გრაფიკული სიმბოლოები რაფ საიმონსის ამ სადებიუტო კოლექციის მთავარი განმსაზღვრელი ელემენტები იყო.

Sum Cum Laude - SS00

ახალგაზრდული ცხოვრების სტილის მიმართ ინტერესი რაფ საიმონსმა 2000 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაშიც გამოხატა, რომლის შთაგონება დიზაინერმა საშინელებათა ფილმ Friday the 13th-იდან მიიღო. სამხედრო პრინტით შექმნილი ე.წ. Bomber ჟაკეტები, რომლებმაც ფაქტობრივად დიზაინერის შემოქმედების მომდევნო ათწლეული განსაზღვრა, დანარჩენ კოლექციასთან ერთად თაობის ყველაზე ბნელ მხარეს ირონიულად უსვამდა ხაზს.



"RIOT! RIOT! RIOT!" – FW01

დიზაინერი, რომელიც მანამდე ბელგიური მოდის სცენით შემოიფარგლებოდა, ამ კოლექციის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური მეინსტრიმ მოდის ნაწილიც გახდა. აღმოსავლეთ ევროპელი თინეიჯერების სამოსითა და ცხოვრების სტილის შთაგონებით, რაფ საიმონსმა თავისი კლასიკური, ტანზე მომდგარი მკვეთრი სილუეტები დიდი ზომის, ე.წ. oversize სამოსით ჩაანაცვლა.

"Woe Onto Those Who Spit On The Fear Generation...the Wind Will Blow It Back" – SS02

2002 წელს მაშხალებით ხელში პოდიუმზე გამოსული მოდელები ამავე წელს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს აპროტესტებდნენ. დიზაინერის ცნობილი ე.წ. Kollaps ჯემპრები, მასზე გამოსახული გრაფიკული წარწერებით, ყველაზე უკეთ გამოხატავდა რაფ საიმონსის მთელი ამ კოლექციის მთავარ აზრს: We are ready and willing to ignite, just born too late. (მზად ვართ და გვინდა, რომ ცეცხლი გავაჩინოთ, უბრალოდ ამისთვის ძალიან გვიან დავიბადეთ)

Virginia Creeper – FW02

პროტესტის შემდეგ რაფ საიმონსმა 2002 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში აქცენტი ადამიანისა და ბუნების თანაარსებობაზე გააკეთა. კოლექციიდან ყველაზე ცნობილი Nebraska-ს სვიტერი დანარჩენ სამოსთან ერთად შთაგონებას ფილმ Blair Witch Project-იდან და კვლავ Friday the 13th-იდან იღებდა.

Closer – FW03

კოლექცია დიზაინერმა ხელოვან პიტერ სავილთან ერთად შექმნა, ახალი ტალღის მუსიკა და თანამედროვე ბრიტანელი ახალგაზრდების ცხოვრების სტილი რაფ საიმონსის ამ კოლექციის მთავარი შთაგონება იყო, რომელიც მან დიდი ზომის ე.წ. Parka მოსაცმელებით და გრაფიკული დიზაინით გამოხატა.

History of my World – FW05

2005 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო - თუ აქამდე დიზაინერი თინეიჯერების, სკეიტერების და რეივერების ცხოვრების სტილის ყველაზე ბნელ მხარეებს დახეული სამოსით და ჭუჭყიანი კედებით გვიჩვენებდა, ამ მათემატიკური სიზუსტით შესრულებულ კოლექციაში აქცენტი ფორმალურ სამოსზე გააკეთა, რომლის მკვეთრი სილუეტები მის მიერ აქამდე შექმნილი ყველა ფორმისგან განსხვავდებოდა. 

Youth in Motion – FW18

Nirvana-ს მუსიკის ფონზე 2018 წელს გამართული ეს შოუ ალბათ ყველაზე ლამაზი სანახაობა იყო რაფ საიმონსის შემოქმედებაში - ყვავილები,  Côtes du Rhône-ის ბოთლები, ყურძნის კალათები, ერთდროულად დაკრძალვის ცერემონიისა და ყოველდღიური Still life პეიზაჟების მიქსის განცდას ტოვებდა. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამ დისკომფორტით რაფ საიმონსმა მოდის მდიდრული ბრენდები კონტრკულტურებთან დიალოგზე დააფიქრა.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი