მოებიუსი მეოცე საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარია, რომლის შემოქმედებაც გამოირჩევა კაშკაშა ფერთა პალიტრით, უცნაური პერსონაჟებით და სიზმრისეული სათავგადასავლო ისტორიებით. 

 

 

რიდლი სკოტის თქმით, “მას (მოებიუსს) ყველგან ხედავ, იმდენად ყველაფერშია გამჯდარი, რომ უბრალოდ ვერ დაემალები”. კომიქსების ლეგენდარული ავტორის, ნილ გეიმანის თქმით კი, მას სურდა, რომ მოებიუსისნაირი კომიქსები შეექმნა, როცა გაიზრდებოდა.

მოებიუსის ნამდვილი სახელი ჟან ჟირარდია, თუმცა ხშირად ხელოვანს ახლობლებიც კი მოებიუსად მოიხსენებდნენ. მიუხედვად იმისა, რომ მოებიუსი ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკასთან და ფენტეზისთან ასოცირდება, ფრანგმა მხატვარმა თავდაპირველად ვესტერნებით გაითქვა სახელი.

ვესტერნის ჟანრი, განსაკუთრებით კი კომიქსებში, არც ისე მრავალფეროვანია. პროტაგონისტი თითქმის ყოველთვის კეთილშობილი, სრულყოფილი კაცია, რომელიც ავაზაკებს იჭერს ან მძარცველებს აჩერებს, შემდეგ შერიფი ხდება და ადგილობრივ ლამაზს ქალს ცოლად ირთავს. რატომღაც ქალი ძალიან ხშირად სკოლის მასწავლებელია ხოლმე.

არსებობენ უფრო თავქარიანი პროტაგონისტებიც, ჰან სოლოს ტიპის პერსონაჟები. თუმცა, Blueberry-ში მოებიუსის და ჟან-მიშელ შარლიეს პერსონაჟი, მაიკლ სტივენ დონოვანი ატიპიური პროტაგონისტია. კომიქსი ამერიკის სამოქალაქო ომს მიყვება, სადაც პროტაგონისტი თავიდან სამხრეთელი რასისტია, თუმცა გათავისუფლებულ მონასთან დამეგობრების შემდეგ ის კონფედერატების წინააღმდეგ იბრძვის და ზოგადად დისკრიმინაციის აღმოფხვრას ცდილობს.

კომიქსის შემქმნელებისთვის Blueberry-ის წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან ფრანგული ვესტერნი კომიქსი თავის დროზე იშვიათი სანახაობა იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან მალე Blueberry საფრანგეთში ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა, როგორც Marvel-ის კომიქსები აშშ-ში. Blueberry-ში მოებიუსის ვიზუალური სტილის საწყისებს ვხედავთ; უდაბნოს ფართო კადრები, ფერთა გრადაციები და სინათლის კაშკაშა წყაროები. მოებიუსის სტილი თანდათანობით უფრო სიურრეალისტური ხდებოდა, თუმცა მთავარი თემატიკა ხშირად ისევ რასიზმის, დისკრიმინაციის და კორპორატიზმის კრიტიკად რჩებოდა. 

 

 

მოებიუსი კომიქსებს მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად ქმნიდა, ამიტომ რთულია მხოლოდ რამდენიმეს არჩევა. თუმცა, Le monde d’Edena, რომელიც გრაფიკული ნოველების კრებულია, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ გადმოსცემს მოებიუსის ფილოსოფიას და კარგად წარმოაჩენს მის მრავალფეროვან სტილს. Le monde d’Edena ორი უსქესო ადამიანის, სტელის და ატანის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ავტომატიზებულ დისტოპიურ საზოგადოებას თავს დააღწევენ და ედენაში აღმოჩნდებიან. ედენა ამ შემთხვევაში არის “ადგილი შორეულ გალაქტიკაში”, სადაც სიზმარი და რეალობა ერთმანეთში ირევა.

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მოებიუსის დახატული სამყარო და მოვლენები სიურრეალისტურია, მთავარი თემატიკა მაინც ძალიან ადამიანურია. ისტორიის მიწურულს კომიქსის მხატვრობა სულ უფრო მარტივი ხდება, რაც პერსონაჟების შინაგან სამყაროს ვიზუალურად კარგად გადმოსცემს. მსოფლიოს იდუმალება თავიდან სტელისა და ატანისთვის საშიში და უცნაური ჩანს, თუმცა ადამიანობის სწავლასა და გარემოს შეგუებასთან ერთად, ისინი უკეთ ეგუებიან სამყაროს.

 

 

მოებიუსის შემოქმედებაში ძალიან დიდ როლს ტანსაცმლის დიზაინი თამაშობს, რომელიც შთაგონებულია ძველი რომაული სამოსებით და მეოცე საუკუნის პილოტების ჩაცმულობით. კაშკაშა გრადაციული ფერები კი ნაცნობ ტანსაცმლის დიზაინს უცხო ელფერს მატებს. 

მოებიუსის მხატვრობაში არქიტექტურასაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. წახნაგოვანი და ბრუტალური შენობები ხშირად “ორგანიზებული საზოგადოების” წარმოსაჩენად გამოიყენება, სადაც ყველაფერი ავტომატიზებულია და ცხოვრებას “გემო” აქვს დაკარგული. 

 

 

იმის გამო, რომ მოებიუსს კარგად ესმოდა სტილისტური მიმდინარეობები, ის ხშირად მუშაობდა სხვადასხვა ჟანრის მულტფილმებსა და ფილმებზე, რომლებიც ესთეტიკურად ძალიან გამორჩეულია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია მეხუთე ელემენტი, რომლისთვისაც პერსონაჟების და გარემოების დიზაინი შექმნა. მეტიც, რეჟისორ ლუკ ბესონის თქმით, მოებიუსის შემოქმედებამ სცენარზეც იქონია გავლენა.

 

 

მოებიუსის ხელოვნებამ დიდი გავლენა იქონია ჰაიო მიაძაკიზე, რომელიც ამბობს, რომ Nausicaä of the Valley of the Wind იმდენად იყო ჟირარდის მხატვრობით შთაგონებული, რომ პრაქტიკულად მოპარულია. მეორე მხრივ, მოებიუსი ასევე მოხიბლული იყო მიაძაკის ნამუშევრებით და ერთ-ერთ შვილს Nausicaä დაარქვა.

მოებიუსი თავის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად თანამედროვე ხელოვნებაში. მისი დატოვებული კვალი კი სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ წაიშლება. 

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე