ორშაბათს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია-ურუგვაის მატჩი დროებით შეჩერდა, რადგან სტადიონზე აქტივისტი გამოჩნდა. მას ხელში LGBTQ დროშა ეჭირა, მაისურზე კი “SAVE UKRAINE” და “SUPPORT IRANIAN WOMEN” ეწერა.


წარწერები რუსეთ-უკრაინის ომს და ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. ირანში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის “მორალის პოლიციამ” ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის “არასწორად” გაკეთების გამო მოკლა, უკრაინა კი მეცხრე თვეა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. აქტივისტმა თითქმის მთელი სტადიონის გადარბენა მოახერხა, სანამ შეაჩერებდნენ. 

კატარში ჰომოსექსუალიზმი კრიმინალიზებულია, რის გამოც გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს LGBTQ სიმბოლიკით სტადიონზე შესვლა თავდაპირველად აეკრძალათ. მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ამ ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ აკრძალვა მოიხსნებოდა, თუმცა მატჩების ტრანსლაციის დროს LGBTQ ფერები არსად ჩანდა. FIFA-მ კი ევროპული გუნდები გააფრთხილა, რომ “სპორტული სანქციები” გარდაუვალი იქნებოდა, თუ კაპიტნები ანტიდისკრიმინაციული სამკლავურებით გამოჩნდებოდნენ.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე