თბილისის ისტორიულ უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე,  ერთი ულამაზესი სასახლე დგას, რომელიც ჯერ კიდევ 1895 წელს გერმანელმა არქიტექტორმა პაულ შტერნმა ააგო. დღეს ამ სასახლის შესასვლელში  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის აბრა რომც არ გხვდებოდეთ, ამ ქუჩაზე ჩავლისას სამსართულიანი კოშკი, ღია ტერასა, შენობის ულამაზესი ქონგურები და მისი ციცაბო სახურავი თქვენს ყურადღებას ისედაც მიიქცევდა. გერმანელი არქიტექტორის მიერ აგებული შენობის კედლები დღეს ქართული ხელოვნების ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან წლებს და ამ წლების ამსახველ ნიმუშებს ინახავს, თუმცა არც პაულ შტერნს და არც მას, ვინც არქიტექტორს ამ შენობის აგება დაავალა, თავიდანვე ეს მიზანი არ ჰქონიათ და სასახლე, რომელიც დღეს საქართველოს კულტურის საცავის ფუნქციას ასრულებს, ამავდროულად, ძალიან დიდი და უჩვეულო სიყვარულის სიმბოლოცაა. ზუსტად ისეთივე უჩვეულო, როგორც თბილისური არქიტექტურისთვის თავად ეს ისლამური გოთიკის სტილში აგებული ულამაზესი შენობა.



 
სასახლის და მისი სიმბოლოდ ქცეული სიყვარულის ისტორია კი პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის საქართველოში ჩამოსვლით დაიწყო. გერმანელი პრინცი ქუთაისში დასახლდა და ფრანგული შამპანურის წარმოებას მიჰყო ხელი, სადაც მალევე გაიცნო თავად ტარიელ დადიანის მეუღლე, ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე. კონსტანტინეს აგრაფინა ისე შეუყვარდა, რომ მისი ქმრის არსებობა საერთოდ დაივიწყა და ქალს სიყვარულში გამოუტყდა, ტარიელის არსებობა დაივიწყა აგრაფინამაც, რომელმაც გერმანელ პრინცთან ერთად ქუთაისი დატოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. კონსტანტინემ აგრაფინას მის მიმართ დიდი სიყვარულის ნიშნად  სასახლე აუშენა, სადაც წყვილი თავის ექვს შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, მანამ სანამ კონსტანტინე ავად გახდებოდა და სამკურნალოდ ნიცაში გაემგზავრებოდა, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მალევე რევოლუცია მოხდა, ბოლშევიკებმა მათ სახლში თითქმის ყველაფერი გაანადგურეს. რაც შეეხება თავად აგრაფინას, ერთი ვერსიით, ის ჩამოახრჩვეს, მეორე ვერსიით კი, ქალმა კვლავ ქუთაისში მოახერხა დაბრუნება, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მძიმე გაჭირვებაში გაატარა.




აგრაფინას და კონსტანტინეს სასახლეში  80-იან წლებში დავით არსენიშვილის მიერ 1927 წელს დაარსებული კავკასიაში პირველი
სათეატრო მუზეუმი გადმოვიდა, რომელსაც დროთა განმავლობაში მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის განყოფილებები შეემატა. დღეს კი სასახლის ისტორიული მნიშვნელობის დარბაზებში, რომელთაც გარდა ინტერიერისა, სახელებიც კი ულამაზესი აქვს (ლურჯი იადონების დარბაზი, ზამბახების დარბაზი...), დაცული 300 ათასზე მეტი ექსპონატი ქართული კულტურისა და მათი მთავარი შემოქმედების შესახებ ძალიან საინტერესო ისტორიებს გვიყვება.



ყველაზე ძველი, რასაც ხელოვნების სასახლეში ნახავთ, ქალაქ ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბია. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის 40 ათასამდე ხელნაწერს შორის შეხვდებით ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, პეტრე ჩაიკოვსკის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის და ეპოქის სხვა დიდი მოღვაწეების ხელნაწერებს. მუსიკის ფონდში უძველესი ფირფიტების გვერდით დაცულია თანამედროვე კინოსა და მუსიკის აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, რადიოსპექტაკლები, ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ექსპედიციების მასალები...


ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის  განვითარების ისტორიას გაეცნობით მუზეუმში დაცული მილიონამდე ფოტოსურათის საშუალებით. აქ ნახავთ სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის და ლადო ალექსი-მესხიშვილის პირად არქივებს, კადრებს ფილმებიდან, სათეატრო და საოპერო დადგმებიდან, რომლებიც ისეთ ფოტოგრაფებს ეკუთვნით, როგორებიც თუნდაც დიმიტრი ერმაკოვი ან ალექსანდრე როინაშვილი არიან.




მდიდარია სახვითი ხელოვნების ფონდიც,  XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატიურებთან ერთად, აქ შეხვდებით ალექსანდრე ბენუას, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და კირილ ზდანევიჩის ნამუშევრებს. ნახავთ მუდამ თანამედროვე პეტრე ოცხელის ასზე მეტ ნამუშევარს, რომელთა შორის დაცულია ისეთი მნიშვნელოვანი ესკიზები, როგორებიცაა: ”მშენებელი სოლნესი”, ”მუნჯები ალაპარაკდნენ”, ”ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი” , ”ჯოი სტრიტი", ”ბომბეი”, ”ყაჩაღები” , ”ოტელო”. აქვე ინახება ოცხელის მიერ გაფორმებული ფილმ ”მფრინავი მღებავის” უნიკალური ესკიზებიც. ნახავთ ნიკო ფიროსმანის "მწეველი მამაკაცის" პორტრეტსაც. ფლამანდიური სახვითი ხელოვნების შედევრს - დავით ტენიერ უმცროსის "ეჭვიან ცოლს", ფლორენციელი მხატვრის, მიქელანჯელო მეუჩის, ფერნანდ ლეჟესა და იტალიელი მწერლის, ტონინო გუერას ნამუშევრებსაც.




ამ ნამუშევრებთან, აფიშებთან და რარიტეტულ გამოცემებთან ერთად მუზეუმის სივრცეში იხილავთ მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა ფონდის 900-ზე მეტ ექსპონატს, რომელთა შორისაც თქვენს ყურადღებას ულამაზესი სასცენო კოსტიუმები მიიპყრობს, მათ შორის - მარია პლისეცკაიას პუანტები, რომელიც მუზეუმს სერგო ფარაჯანოვმა პირადად უსახსოვრა.  ხელოვნების სასახლეს ცოტა ხნის წინ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავებისა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმებიც შეუერთდა. შესაბამისად, გარდა თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი ნიმუშებისა, აქ უკვე ხალხური რეწვის უნიკალური ნამუშევრების ხილვაცაა შესაძლებელი.


თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც თითოეული ჩვენგანი და ჩვენთან ერთად ხელოვნების სასახლეც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. მანამდე კი დედაქალაქში სასახლის ტიპის ერთადერთი მუზეუმის ხილვა  გუგლის კულტურული ინსტიტუტის  გვერდზე შეგვიძლია, სადაც საქართველოს სახელით წარდგენილ მუზეუმებს შორის ხელოვნების სასახლე კვლავაც ერთადერთია. პეტრე ოცხელის, დავით კაკაბაძის, თამარა კვესიტაძის ნამუშევრებისა თუ ქართული ანბანისა და სასცენო კოსტიუმების ისტორიას დღეს აქ ათასობით დაინტერესებული ადამიანი ეცნობა და სანამ პრინც ოლდენბურგის სიყვარულის სასახლეს კვლავ პირადად ვესტუმრებით, მანამდე ჯობს, რომ ხელოვნების ამ ჯადოსნური სამყაროთი ვირტუალურად დავტკბეთ, ახლა ამისთვის ნამდვილად ყველაზე შესაფერისი დროა.