InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა  გერმანულ თანამედროვე ცეკვის კომპანიასთან,  „საშა ვალცი &  სტუმრებთან“ თანამშრომლობით, სამეფო უბნის თეატრში წარმოადგენს ინკლუზიურ, თანამედროვე ცეკვის სპექტაკლს “IN C - თბილისი”, რომელიც თბილისში, ბერლინის სამეფო უბნის თეატრში 1-იდან  3 დეკემბრამდე გაიმართება. 

 

 

2021 წელს ქორეოგრაფმა საშა ვალცმა და მისმა ცეკვის კომპანიამ წამოიწყო ინოვაციური არტისტული პროცესი,  რომლის შედეგად შეიქმნა სპექტაკლი IN C როგორც ონლაინ, ასევე სასცენო ფორმატში. სპექტაკლი დაფუძნებულია ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კომპოზიტორ ტერი რაილის ამავე სახელწოდების მუსიკალურ ნაწარმოებზე. საშა ვალცმა და მისმა მოცეკვავეებმა შექმნეს ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული მასალა, რომელიც იმეორებს მუსიკალური ნაწარმოების ცვალებად სტრუქტურას. IN C  შექმნილია როგორც დაუსრულებელი სასცენო წარმოდგენა, რომლის ქორეოგრაფია მაყურებლის თვალწინ იბადება. 


“IN C - ეს არის სავარჯიშო დემოკრატიაში”,  - ასე აღწერს თავად ქორეოგრაფი თავის ნამუშევარს. რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც სცენაზე დემოკრატიის სავარჯიშოს ასრულებენ სხვადასხვა ფიზიკური,  ინტელექტუალური თუ კულტურული გამოცდილების მქონე მოცეკვავეები? სწორედ ეს კითხვა გახდა შთაგონება შექმნილიყო “IN C - თბილისი”, სპექტაკლის ინკლუზიური ვერსია, სადაც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწე ტიპური განვითარების ხელოვანებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებიც იცეკვებენ.  


“IN C თბილისის” მიზანია ხელი შეუწყოს შშმ ადამიანების ინტეგრაციას სახელოვნებო პროცესებში, დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში და ჩართოს ინკლუზიური ელემენტი ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს შორის დიალოგში.  

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმას“ მიერ.  პლატფორმა ხელს უწყობს ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას საქართველოში და ქმნის ხელოვნების საშუალებით საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობებს. 

 

 

“საშა ვალცი & სტუმრები” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე ცეკვის კომპანიაა. ის 1993 წელს ბერლინში ქორეოგრაფმა საშა ვალცმა და იოხემ სანდიგმა დააარსეს. ამ დროის მანძილზე კომპანიამ 300-ზე მეტ არტისტთან ითანამშრომლა, ხოლო ყოველწლიური რეპერტუარი მოიცავს 18 სპექტაკლს და 100-მდე პერფორმანსს მსოფლიოს გარშემო. 2013 წელს კომპანია ევროკავშირის მიერ “ევროპის კულტურულ ელჩად” დასახელდა. “საშა ვალცი & სტუმრების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო სახელოვნებო დიალოგის წარმართვა მრავალფეროვანი კულტურული გამოცდილების მქონე არტისტებს შორის. კომპანია ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. “IN C თბილისი”  არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანსამბლი ინკლუზიურ სპექტაკლზე იმუშავებს ქართველ მოცეკვავეებთან ერთად.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამა “Kultur in Bewegung: regionaler Mobilitätsfonds des Goethe-Instituts Osteuropa und Zentralasien”, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აჭარა ჯგუფი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, არქი ჯგუფი და ატელია MAKRATELLI.

 

პროქტის პარტნიორები არიან: Wise Music, Cantaloupe Music, TVE Studio, Venturenauten.  

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

 

ფოტო: Annie Davarashvili