22 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით Villa Ambassadori-ში საგანმანათლებლო შემოქმედებითი პროექტი “ვიბრაცია” იმართება, რომელსაც თსსა-ის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პედაგოგები ახორციელებენ.
მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უზარმაზარი ზღვა, რომელიც გამუდმებით ვიბრირებს და მატერიის პირველადობის გარდაქმნას, მოდიფიკაციას, ტრანსფორმაციას ქმნის. ვიბრაციის პრინციპი ნებისმიერი პროცესის განვითარების საფუძველია. მასში ჩადებულია ყოფიერების სხვა ფორმაზე გადასვლის, ახალი სახის, ახალი შინაარსის, ახალი ფუნქციების შეძენის იდეა. ასევე, აზრები, გრძნობა, იმპულსი, სულისა და გონების მოქმედება - მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია (ნიკოლა ტესლა/Nikola Tesla).
ვიბრაციის შედეგად ტრანსფორმაციისა და გარდასახვის გარეშე მატერიის პირველადობა დარჩება ცარიელ, არაფრის მთქმელ ფორმად, ვულგარულ ფიქსაციად - შემოქმედებითი პროცესი არ შედგება. ხელოვნება ამ სასწაულებრივი ვიბრაციის ზეწოლას ექვემდებარება.
აქ წარმოდგენილი მხატვრული სახე, უპირველეს ყოვლისა პირველადი მატერიის ცვლილების დინამიკა და თავად საგნის არსის გარდაქმნაა. მოცემულობის შინაარსობრივი მხარე ძირითადად დაკავშირებულია ფორმების პარადოქსებთან და მნიშვნელობების თამაშთან. ასეთი განვითარება უმეტეს შემთხვევაში ეფუძნება დავალების იმ ტიპს და არჩეულ ტექნიკას, რასაც შემოქმედს ამ შემთხვევაში „ვიბრაციული მდგომარეობები“ უკარნახებენ.
ჩვენ ვაჩვენებთ, თუ როგორ ეხმარება ვიბრაციული მექანიზმის მაგიური ხასიათი „მას - რაც - არის“ გახდეს „ის - რაც - უნდა - იყოს“ და შექმნას ის, რაც უკვე „სხვაგვარია“.
პროექტი აერთიანებს 4 კონცეფციას:
,,კომბინატორიკა/COMBINATORICS", ,,დატოვე კვალი’’, ,,რეციკლირება’’ და ,,გარდასახვა’’. თითოეული კონცეფცია წარმოადგენს განსხვავებულ ფორმატს და ორიენტირებულია მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტთა საპროექტო საქმიანობაში ჩართულობაზე.
,,კომბინატორიკა/COMBINATORICS"
ჯგუფის ხელმძღვანელები: ნინო მგალობლიშვილი, ლეილა ენუქიძე
სტუდენტები: დავითი შერმანი, მილენა აკოპიანი, ნაო ასლამაზაშვილი
პროექტი შედგება ობიექტების/ფორმათა სერიებისგან. ამ სერიების საერთო განმსაზღვრელია - განსხვავებული სახის მოქნილი ფორმების წარმოქმნა, რომელიც ეფუძნება ერთი და იმავე ელემენტების სხვადასხვა განლაგებას. ამის შედეგად ყალიბდება მორფოტიპების ახალი კომბინაციები და ახალი ფორმები;
ვიზუალური სტიმულები ეყრდნობა ოპტიკურ ილუზიებს, ოპტიკურ ეფექტებს, ფორმათა წარმოქმნის ექსპერიმენტებს, (Optical Art გაზრდილი მასშტაბით);
ვიბრაციული ეფექტების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია :
გრაფიკული ცვლილებებითა და მორფოტიპების კომბინაციებით ფორმის ფუნქციური ცვალებადობა/პროექტირება; ფორმების კონტაქტები, პერმუტაციები; ევრისტიკული მეთოდებით მიღებული დამოუკიდებელი 3D გამოსახულების სივრცული ფორმები/ობიექტები; მოქნილი, გრაფიკული ორნამენტაცია: ურღვევი ციკლური ჯაჭვების რაპორტულად განთავსება; გრაფიკული შავ-თეთრი ტონები და ქსოვილის ზედაპირული დამუშავება და ა.შ.
,,რეციკლირება’’
ჯგუფის ხელმძღვანელები: ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე
კურსდამთავრებულები: ბარბარე ხორნაული, გვანცი ჯინჭარაშვილი, ნია ნიკვაშვილი
ეთიკა მოდის დიზაინში - ძლიერი, განვითარებადი, პერსპექტიული მიმართულებაა, რომლის ყურადღების ცენტრშია მთავარი - ჭეშმარიტი ღირებულება - გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტა დიზაინის სფეროში.
რე/დიზაინი, ტრანსფორმაციები თემაზე ,,მწვანე სიცოცხლე’’ - მწვანე, როგორც სიცოცხლის, მომავლის იმედის, განვითარების, სიმშვიდის, განახლების, ევოლუციისა და ბუნების ფერი - ასოცირდება ეკო თემებთან.
ეკო პროექტირება - დაფუძნებულია ეთიკისა და ღირებულებების ახალ სისტემაზე, ორიენტირებულია ჰუმანური და ეკოლოგიური ეთიკის პრინციპების დაცვაზე ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებაში. გარემოს პატივისცემის მქონე პროდუქტების შექმნით და ახალი კონფიგურაციით შესაძლებელია შევაჩეროთ ეკოსისტემების დეგრადაცია, ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და გვერდითი ეფექტები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
,,გარდასახვა-ტრანსფორმაცია-მეტამორფოზი’’
ჯგუფის ხელმძღვანელები: ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე
კურსდამთავრებულები: ბარბარე ხორნაული, გვანცი ჯინჭარაშვილი
ეკო დიზაინი, როგორც პროდუქტის განვითარების პროცესის ეტაპი, მიზნად ისახავს პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
საკვანძო თემა: უდანაკარგო დიზაინი (ტექსტილური იმპროვიზაციები ) - ტრადიცია და კულტურა, ინოვაცია - როგორც შემოქმედებითი ინსპირაცია მოდისთვის. კულტურული არქეტიპები, საქართველოს მთიან რეგიონში მცხოვრები ხალხი, მათი ჩაცმულობა, რწმენა/წარმოდგენები, სიმბოლოები. მათი სამოსი განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, თავსაბურავისა და სამოსის ურთიერთობა თავისებურ იერს ქმნის, გამოხატავს ფორმის ტრანსფორმაციის პროცესს...
ექსპერიმენტული შემოქმედებითი მიდგომებით ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების ტესტირება - უდანაკარგო კონსტრუქციებისა და ტექსტილური ტექნოლოგიების იმპროვიზაციებით ფორმის პროექტირება - იდეიდან დიზაინ-პროდუქტამდე.
საკვანძო ნიშანი: არქეტიპი - ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო (ინსტალაცია, როგორც დიზაინ-პროექტირების პროცესის დემონსტრირება, რომელიც საკუთარ თავში პერფორმანსს ემსგავსება).
,,დატოვე კვალი''
ჯგუფის ხელმძღვანელი ნუცა ჯაში
სტუდენტები: დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, დიმა კორობოკოვი
წარმოდგენა განისაზღვრება წინასწარ დაგეგმილი უსცენარო, სპონტანური და აუდიტორიის მოულოდნელი ჩართულობით.
პერფორმანსში მონაწილე ჯგუფების ნებისმიერი ქმედება ემყარება ოთხ ბაზისურ ელემენტს: ინტერვენცია, ვიბრაცია (მოქმედება), უწყვეტი დრო და დამოკიდებულება.
ოთხივე ელემენტი ვიბრირებს საერთო მიზნისკენ - ,,დატოვო კვალი", ე.ი. საკუთარ თავზე იღებ მოვალეობას, გააკეთო ყველაფერი, რომ იყო უფრო მეტი, ვიდრე რიგითი … შენ გარშემო ყველაფერი ვიბრირებს და რეალობას საკუთარი ცნობიერების სიხშირით ქმნი.
გადადგი ნაბიჯი ისე, რომ არასდროს დაიკარგო, შეძლო მზეს შეუერთდე და აიძულო შენთვის იკაშკაშოს, მოგცეს შანსი - ,,დატოვო კვალი''
პროექტის მხარდამჭერები:
• Ria Keburia Foundation
• თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პროექტს წარმოადგენენ თსსა-ის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები
დაწერე კომენტარი