ნებისმიერ დროს, როცა მასშტაბური კონფლიქტი ხდება, მსოფლიო ორ ბანაკს გამოყოფს: მჩაგვრელები და დაჩაგრულები. ერთ მხარეს პირქუში ბოროტი ძალა, მეორე მხარეს კი კეთილი ხალხი, რომელთა ტანჯვაც, მათ ჩვენს თვალში უმანკო წამებულებად აქცევს. თითქმის ყველა კონფლიქტის ბოროტი-კეთილის ბრძოლად წარმოჩენა ჩვენი ერთგვარი ინსტინქტია და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს კინოში. მაგალითად, რომან პოლანსკის “პიანისტი”, სადაც პროტაგონისტი და მისი ოჯახი უბრალო კეთილშობილი ხალხია, ნაციზმი აბსოლუტური ბოროტებაა, ხოლო წითელი არმია ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ძალაა, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკები გაათავისუფლა. თუმცა, პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდის თვალში ყველაფერი ასე მარტივად არაა.
ჰოლანდის ფილმები ძირითადად კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს, მეორე მსოფლიო ომს და ჰოლოკოსტს ეხება, როცა ევროპაში ვირულენტური ანტისემიტიზმი მეფობდა და ჰიტლერის სასაკლაო ქარხნებიდან მილიონობით ადამიანის ფერფლი იყრებოდა. რთულია გენოციდზე საუბრისას მსხვერპლს ნაკლის ძიება დაუწყო და მოძალადის კარგ თვისებებზე ისაუბრო ისე, რომ მოძალადე არ გამოჩნდე, თუმცა ჰოლანდი თავის შემოქმედებაში ძალიან ხშირად სწორედ ამას ახერხებს. დღეს ყველამ ვიცით რა არის ჰოლოკოსტი, კარგად გვესმის (თუმცა ხშირად არასაკმარისად) მისი მასშტაბი, მაგრამ უშუალოდ იმ მომენტში, 1939 წელს, რამდენად ესმოდა ეს გერმანელ კათოლიკე ბავშვს, რომელსაც გერმანიის აღორძინებას ჰპირდებოდნენ? ან რამდენად ესმოდა ეს ებრაელ მოზარდს, რომელსაც თავისი თვალით არ უნახავს ის ენით აუწერელი საშინელება, რაც თავს დაატყდა მსოფლიოს?
თავის ფილმში Europa Europa აგნეშკა ჰოლანდი ჰოლოკოსტს და მეორე მსოფლიო ომს პერსონაჟების თვალებით გვანახებს, რომლებსაც მაყურებლისგან განსხვავებით, რეტროსპექტივის ფუფუნება არ აქვთ. მთავარი პროტაგონისტი ებრაელი სოლეკ (სოლომონ) პერელია, რომელიც ნაცისტებთან თავს გერმანელ კათოლიკედ გაასაღებს და ნაცისტურ არმიასთან თარჯიმნად დაიწყებს მუშაობას, რადგან რუსულიც იცის და გერმანულიც. სოლეკმა იცის, რომ ნაცისტები ებრაელებს “დასდევენ”, თუმცა ჰოლოკოსტის და ებრაელების მასობრივი ხოცვის შესახებ არ სმენია. გერმანულ არმიასთან მოგზაურობისას ის მეტწილად საბჭოთა დანაშაულებს ხედავს, მოკლულ მოქალაქეებს და ჩამომხრჩვალ ბავშვებს. სოლეკს შინაგანი კონფლიქტი უჩნდება, რადგან ერთი მხრივ, ის ნაცისტური რეპრესიებისგან თავდაპირველად რუსეთში დაიმალა, სადაც კომუნიზმის კეთილშობილებას ასწავლიდნენ, მეორე მხრივ კი ნაცისტურ არმიას შეუერთდა ისევ იმიტომ, რომ ნაცისტურ ანტისემიტიზმს გაჰქცეოდა, თუმცა საბჭოთა კვალი საკუთარი თვალით იხილა.
ეს შინაგანი კონფლიქტი სოლეკს არასდროს ტოვებს. “ჰიტლერის ახალგაზრდობაში” გაწევრიანების შემდეგ, მას გულანთებული ნაცისტი გოგო, ლენი შეუყვარდება, თუმცა რაღაც მომენტში მისი ანტისემიტიზმი აუტანელი ხდება. ლენი ჩვეულებრივი გოგონაა, ჰოლანდი მას კეთილშობილ და მოსიყვარულე ადამიანად წარმოგვიდგენს, თუმცა ანტისემიტიზმი მის გონებაში ღრმად არის გამჯდარი. ფილმში სიკეთეს და ბოროტებას შორის მკრთალი ზღვარია, რადგან ჰოლანდი ცდილობს, რომ მეორე მსოფლიო ომი ყველა მხრიდან, პერსონაჟების თვალით დაგვანახოს. ეს ყველაზე კარგად ჩანს ერთ-ერთ სცენაში, სადაც ომს გამოქცეული, რუსეთისკენ მიმავალი ოჯახები მდინარის გადაკვეთას ცდილობენ, როცა შემხვედრი ეკიპაჟისგან შეიტყობენ, რომ ჰიტლერმა და სტალინმა ძალები გააერთიანეს. კათოლიკე ოჯახები ნავებიდან ხტებიან და გერმანიისკენ ბრუნდებიან, რადგან ისევ ჰიტლერის მმართველობის ქვეშ ურჩევნიათ ცხოვრება, ხოლო ებრაელები რუსეთისკენ აგრძელებენ სვლას.
კათოლიკეების და ებრაელების ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომში ჰოლანდის ფილმების ხშირი თემატიკაა. ამის შთაგონება ჰოლანდის პირადი ცხოვრებიდან მოდის, რადგან რეჟისორის მამა ებრაელი იყო, დედა კი კათოლიკე. ორივე მშობელმა ცხოვრება აქტივიზმს დაუთმო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰოლანდიც ახალგაზრდობაში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. ჩეხოსლოვაკიაში სწავლისას ის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმისტ პოლიტიკოსებს და სტუდენტურ პროტესტებშიც მონაწილეობდა. როცა ჰოლანდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორი იყო, მისი სცენარები და ნამუშევრები მკაცრ კომუნისტურ ფილტრს ხშირად ვერ არღვევდა. თუმცა, ჰოლანდმა გამოჩენილი პოლონელი რეჟისორის, ანჯეი ვაიდას ყურადღება მიიქცია, რომელმაც ჰოლანდი თავდაპირველად ასისტენტად აიყვანა და ერთგვარ მასწავლებლად იქცა.
ჰოლანდის კარიერაში გარღვევა 1980 წელს მოხდა, როცა მისმა ფილმმა Aktorzy Prowincjonalni კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსების პრიზი მიიღო. ამის შემდეგ რეჟისორმა კიდევ ორი ფილმი გადაიღო - Goraczka და Kobieta samotna, რის შემდეგაც ჰოლანდს პოლონეთის დატოვება მოუწია და საფრანგეთში გაიქცა. პოლონეთიდან მას განუცხადეს, რომ ქვეყანაში დაბრუნება და თავისი შვილის ნახვა ან მასთან კონტაქტი 8 თვის მანძილზე ეკრძალებოდა. ჰოლანდმა იცოდა, რომ კომუნისტურ პოლონეთში ვეღარ დაბრუნდებოდა, მიუხედავად ამისა, ჰოლანდმა ვაჯდას სამი ფილმისთვის სცენარი დაწერა. მისმა Angry Harvest-მა კი ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაცია მიიღო. ამის მიუხედავად, გლობალური აღიარება ჰოლანდმა მხოლოდ Europa Europa-ს გადაღების შემდეგ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დღეს საკმაოდ დაფასებული ფილმია, თავის დროზე მისი ფილმი ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჰოლანდი ნაცისტებისთვის და კათოლიკე ნაციონალისტებისთვისაც კი პოულობდა კარგ თვისებებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია In Darkness, რომელიც 2011 წელს გამოვიდა.
ჰოლანდის თქმით, მას აინტერესებს, რა ხდება ადამიანებს შორის და არა პოლიტიკური მოვლენები მათ მიღმა. სწორედ ამიტომ, ჰოლანდის ფილმებში ომი და რეპრესიები პერსონაჟების გამოსაკვლევი ინსტრუმენტებია. ამ მხრივ, ჰოლანდის ფილმები პოლიტიკურია, თუმცა არა ამ სიტყვის კონვენციური გაგებით. ჰოლანდი მიიჩნევს, რომ რეჟისორმა ამბავი პერსონაჟების გარშემო უნდა ააწყოს, მათი (პერსონაჟების) ნაკლები და კარგი თვისებები კი რეჟისორის პირადი გამოცდილებიდან უნდა იღებდეს შთაგონებას. ჰოლანდის თქმით, თანამედროვე რეჟისორებს ხშირად სწორედ ეს გამოცდილება აკლიათ, რადგან ჰოლივუდში (და არამხოლოდ) ფილმების გადაღებას ადამიანები ხშირად პრესტიჟული კოლეჯის დამთავრების შემდეგ იწყებენ, რაც მათ მგრძნობელობას აქვეითებს, ხოლო თანამედროვე კინოს უფრო “კონვენციურს” ხდის.
დღეს აგნეშკა ჰოლანდი საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორია. 2014 წელს ის ევროპული კინოაკადემიის დირექტორი გახდა. 2019 წელს ჰოლანდი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააჯილდოვა მისი ფილმისთვის Mr.Jones, რომელიც ჰოლოდომორის გამოსაკვლევად უკრაინაში ჩასული ინგლისელი ჟურნალისტის ამბავს მოგვითხრობს. დღემდე აგნეშკა ჰოლანდის ფილმები ხშირად ღრმად პოლიტიკურია, ხოლო მისი პერსონაჟები პროტაგონისტის და ანტაგონისტის ჩარჩოებში იშვიათად ეტევიან. ამის გამო ჰოლანდი არნახული გულწრფელობით ახერხებს ადამიანური ისტორიების გადმოცემას. ჰოლანდის ნამუშევრები ქართველი მაყურებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან მისი ფილმები გაჯერებულია ისეთი თემატიკით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ნაცნობია, იქნება ეს საბჭოთა რეპრესიები, ომი თუ სხვა.
5 დეკემბერს, 17:00 საათზე ქართველ კინომაყურებელს შანსი ექნება, რომ აგნეშკა ჰოლანდთან შეხვედრას დაესწროს, რომლის მოდერატორიც სალომე ასათიანია. შეხვედრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის და თიბისი კონცეპტის თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში ჩატარდება.
დასასწრებად რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ მისამართზე www.conceptevents.ge
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი