ბედნიერება, სევდა, აღფრთოვანება, იმედგაცრუება, სითბო, გულისტკივილი, სიყვარული, ზიზღი, მღელვარება, სიმშვიდე, მეგობრობა, ღალატი, თანაგრძნობა, ინდიფერენტულობა... გრძნობა, მდგომარეობა - განცდა არ დამიტოვა პაკისტანმა, რომელსაც არ შეეხო და არ ამოატივტივა. არსად, არასდროს მიგრძნია თავი ასე გაორებულს. მიჭირდა დაჯერება ყველა იმ სიკეთის, რაც და ვინც ჩემ გარშემო ტრიალებდა. მიჭირდა დაჯერება იმ სევდიანი ისტორიების, რომლებსაც ამ ყველაფრის საპირწონედ აქ შეძენილი მეგობრებისგან ვისმენდი ან თვითონ ვაკვირდებოდი.    

ამ თავის წერაც ძალიან გამიჭირდა. ვინ იცის მერამდენედ ვშლი და ვიწყებ ახლიდან. ამ ხალხზე და მათ (სულ ტყუილად) სახელგატეხილ ქვეყანაზე იმდენი მინდა მოგიყვეთ, არც კი ვიცი, როგორ დავატიო ორ გვერდზე. ან საერთოდ, საიდან დავიწყო. არ მინდა, მხოლოდ იმაზე გესაუბროთ, როგორ დაუჯერებლად სტუმართმოყვარეა პაკისტანელი ხალხი (ქართველს რომ უხერხულად გაგრძნობინებენ თავს). როგორი ლამაზი და დამატყვევებელი ბუნება და მთები აქვთ. როგორი მრავალფეროვანი და მადის აღმძვრელია მათი სამზარეულო და რამდენ საინტერესო ტომსა თუ ტრადიციას შეიძლება გადაეყარო (ჩემი მარშრუტით) სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი. 

პაკისტანში გატარებული დრო ლამაზ სიზმარს შემიძლია შევადარო. რომ იძინებ და არც ელოდები, მაგრამ მოდის და იმდენად მოგწონს, რომ გაღვიძება აღარ გინდა. ასე გადამიცდა ჩემს ერთთვიან ვიზაზე კიდევ თვე-ნახევარი. ვიზის ოფიციალურად, ონლაინ სისტემაში გაგრძელების მცდელობა კი ცალკე თავგადასავლად, სამ კვირაში ათასჯერ მოსმენილ ინშალაჰად (ალაჰის ნება იქნება) და 700 ლარად დამიჯდა (ამის გამო მომდევნო თვე დაუგეგმავ „დიეტაზე“ ვიჯექი). მოკლედ რომ მოვჭრათ, ქვეყნის დასატოვებლად სპეციალური ნებართვის ყიდვა დამჭირდა. ამ პერიოდში, ალაჰის ნების შემყურე ოფიციოზთან ურთიერთობის შედეგად, ახლა ჩვენი საკონსულოს ადგილობრივ წარმომადგენელზე მეტ ინფორმაციას ვფლობ პაკისტანში ტურისტული მიზნით ჩასული ქართველებისთვის შესაბამისი მომსახურების გასაწევად. კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას კი იმაზე, თუ რამდენად რთულია იყო ქალი, თანაც მარტო ქვეყანაში, სადაც უმეტესად მამრობითი სქესი წყვეტს, რა არის სწორ-მართალი. მითუმეტეს, თუ ქალიც ისეთი ხარ, სულ თავგადასავალს რომ ეძებს და უამრავ კითხვას სვამს.   

კარაჩის ქუჩაში პირველად გასულს, ნამდვილად თვალში მომხვდა, რომ მარტო ვიყავი. ამ ქალაქში იშვიათად თუ ნახავთ უსაქმოდ, სასეირნოდ გამოსულ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს. თავიდან ეს მათ ტრადიციებსა და რელიგიას დავუკავშირე. ვერც ვერასდროს გავიგებდი სიმართლეს, ვიზის ამბის გამო რომ არ ჩავრჩენილიყავი და ახლო მეგობრები რომ არ შემეძინა. თავიდან ჩემი შეშინება არ უნდოდათ და არ მიმხელდნენ. თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ აქ უცხოელ ქალს (სამწუხაროდ) ბევრად დიდი პატივისცემით ექცევიან, ვიდრე თავისას. მხოლოდ მოგვიანებით, ჩემი დაუსრულებელი ველო- და ფოტო-გასეირნებებისგან აღშფოთებული და დაღლილები გამომიტყდნენ იმაში, თუ რატომ მიკრძალავდნენ მარტო ბოდიალს და რატომ მირეკავდნენ, ვითომ შემთხვევით, ნახევარ საათში ერთხელ, მორიგეობით. 

მიზეზი ის არის, რომ 1979-1989 წლების ავღანეთის ომმა ქალაქს სოლიდური შეიარაღება დაუტოვა. 2014 წელს კარაჩი მსოფლიოს მე-6 ყველაზე საშიში ქალაქი იყო ძალადობრივი კრიმინალის ნიშნით. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მონაცემებით მისმა რეიტინგმა 128-ე ადგილზე გადაინაცვლა და სიტუაცია საგრძნობლად დასტაბილურებულია, აქ იარაღი თითქმის ყველას აქვს, ვისაც ხელი მიუწვდება. ქუჩაში მობილურის გამო დახლილი ტყვია და დარტყმული დანა „მარტივი“ შემთხვევაა და არავის უკვირს. ასე დაკარგეს არაერთი უახლოესი ადამიანი ჩემმა მეგობრებმა და ამიტომაც განიცდიდნენ ასე ძალიან ჩემს ხეტიალს.

ქუჩებში ბოდიალი მაინც ვერ მომაშლევინეს. ჯერ ერთი, იმიტომ რომ თეთრი ქალის (გორას) მარტო დანახვით გაოცებული მამრები, სანამ შოკიდან გამოვიდოდნენ (არ ვამეტებ, მათთვის გაუგებარი მოცემულობაა, როგორ ან რატომ უნდა გინდოდეს მათ ქვეყანაში მოგზაურობა და თანაც მარტო), მე უკვე სხვა უბანში ვიყავი. მეორეც, როგორ შეიძლება ფოტოზე ან ვიდეოზე არ ასახო ისეთი სილამაზე და ეკლექტიკა, როგორიც, მაგალითად, ისტორიულ ქალაქ ლაჰორში მელოდა.  

ამ ქვეყანაში გატარებული საკმაოდ დიდი ხნის მიუხედავად, მე მაინც გორა ვარ და ჩემი სიმართლე შორსაა ადგილობრივების ყოველდღიურობისა და არც ისე მსუბუქი რეალობისგან. თუმცა, ის ზუსტად ვიცი, რომ ეს ქვეყანა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე შეიარაღებული დაპირისპირებები კარაჩიში, 9/11 ან ქაშმირის კონფლიქტი ინდოეთთან. 

ჩემთვის პაკისტანი ის ადგილია, სადაც პირველად ცხოვრებაში თავი ვიგრძენი საკუთარ სახლში, საქართველოს მერე. სადაც პირველად ვნახე ამდენი ტრანსგენდერი ადამიანი ქუჩაში და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი საზოგადოება. სადაც პირველად დავინტერესდი ისლამით და ჩემი ზედაპირული ცოდნის გაღრმავება მომინდა. სადაც პირველად ცხოვრებაში ფიზიკურად შევიგრძენი, რას ნიშნავს, როცა მთა არის ბუმბერაზი და რატომ K2 ან რაკაპოში. სადაც პირველად საკუთარი თვალით ვნახე ჩემი საოცნებო ცხოველი - იაკი, რომელსაც ყოველთვის ფუმფულა მფრინავ ცხოველებს ვადარებდი იაპონური ანიმეებიდან და ვკვდებოდი, ისე მინდოდა მათი ჩაჯუჯღვნა. (იაკებს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ყირგიზეთსა და მონღოლეთში, მაგრამ ძალიან მშიშარა ცხოველი აღმოჩნდა და მოსაფერებლად ახლოს მიკარება მაინც ვერ მოვახერხე.)      

პაკისტანში ყველაზე მეტად დავაფასე მუსიკის ძალა. მის გამო თუ მისი დახმარებით, აქ ვიპოვე ადამიანები, რომლებმაც გამიღეს კარი იმ მეორე ცხოვრების გასაცნობად, რომელიც ფასადს მიღმა, ხშირად კი, სულაც ქალაქგარეთ იმალება. პოპულარულ ფრანგულ პლაჟზე, „წვეულებების უბანში“, ერთ-ერთ მორიგ შაბათ დღეს, მეგობრების ნაქირავებ ქოხში შეზლონგზე კომფორტულად წამოგორებული მშვიდად ვწრუპავდი ლუდს, რომელსაც ჩემდა გასაოცრად, მართლაც ლუდის გემო ჰქონდა. ვუსმენდი მოდერატს, დორსს, აბიდა პარვინს, სოლომუნს, ლინკინ პარკს, ბრეჩას, მადონას, გუს გუსს, ვუდკიდს, ფროდიჯის, ცნობილი coke studio-ს ნაცნობ შემსრულებლებს (ეს ჩამონათვალიც გაორებულია, ჩემსავით) და ჩემთვის მეღიმებოდა. თითქოს რომელიღაც მეგობარმა ჩუმად ამაცალა ტელეფონი და ხმის გამაძლიერებელზე მიაერთა.

რკინის გისოსებს მიღმა გავყურებდი მშვიდად მოლივლივე ზღვას და მეთევზეების ფერად ნავებს. წყალში ჩასვლა არავის მოსვლია აზრად. ჩემ გარდა. სხვათა შორის, ერთადერთი ვიყავი, ვინც საცურაო კოსტიუმით და (ჩემი ლოგიკის მიხედვით) პლაჟისთვის საჭირო აქსესუარებით გამოცხადდა... სანაპიროზე მოსეირნე ცნობისმოყვარე თვალის ასარიდებლად, ჩაცმულს მირჩიეს ფეხების დასველება. მთლიანი საცურაო კოსტიუმი მეცვა, ამიტომ ძალიან მარტივად ირანის მერე უფუნქციოდ დარჩენილი თავშალი თეძოზე შემოვიკარი და კიბეზე დავეშვი. ჩემი მორიგი ახირება დიდად არ გაჰკვირვებიათ. რამდენიმე ამყვა კიდეც. ჩაცმულ-დახურული.  

ასე ვიჭყუმპალავეთ რამდენიმე წლის წინ ნავთობის ჩაღვრის შედეგად დაბინძურებულ ზღვაში ცოტა ხანს. იმ საღამოს, იმ წვეულებაზე მართლაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. საინტერესო ადამიანები გავიცანი, ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ და ჩემი სარკასტული იუმორიც წარმატებით დაამუღამეს. მაგრამ ღამით სახლში რომ დავბრუნდი, ბევრი ვიტირე. (ეს ჩემმა იქაურმა მეგობრებმა არ იციან და იმედი მაქვს, გუგლით არ თარგმნიან ახლა ამ სტატიას.) მძიმე აღმოჩნდა იმის გააზრება, რომ იქ შეკრებილი ადამიანები ამ მრავალმილიონიანი ერის მხოლოდ უკიდურეს უმცირესობას წარმოადგენენ და მიუხედავად იმისა, რომ პრივილეგირებულები არიან, მათთვისაც კი, ვიწრო წრეში მსგავსი წვეულების მოწყობა, ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი შესაძლებლობაა რეალობისგან მოსაწყვეტად და განტვირთვის.

რეალობა? რეალობა გაჟღენთილია ცრუ დაპირებებით, უაზროდ გაწელილი ბოლო ვადებით, ემიგრაციისთვის საჭირო საბუთების და ქულების მოსაგროვებლად გასავლელი დამღლელი პროცედურებით, ფეხის წამოსადებად ნებისმიერ მომენტში გამზადებული ვითომ მეგობრებით, კოკაინზე შემდგარი გმირობებით, მორწმუნე მამებითა და მათ მსოფლმხედველობას შეწირული დედებით, წვიმის სეზონზე დენის ღია სადენების გამო წამში დაკარგული სიცოცხლეებით, ოჯახის გამო გვერდზე გადადებული ოცნებებით... და მაინც, ყველაზე კეთილი ღიმილით განათებული იმედიანი სახეებით, მამაცი გოგონებით, წარმატებული სტარტაპებით, უმაგრესი stand-up კომედიანტებით და, რაც ყველაზე მთავარია, პოზიტიური ცვლილებებისთვის დაუღალავად მებრძოლი ახალგაზრდებით. ინშალაჰ.   

 

 

ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე  

 

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია The Body Shop