ლონდონში არსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი “ტეიტ მოდერნი”  ენდი უორჰოლის უახლეს გამოფენას ინტერნეტსივრცეში გვთავაზობს. მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პანდემიის გამო მუზეუმი დროებით დაკეტილია, ამიტომაც გადაწყვიტეს ენდი უორჰოლის გამოფენა ვირტუალურად ეჩვენებინათ.

არტისტი  თავისი შემოქმედებით  ემიგრანტი კაცის (საკუთარ) ისტორიას გვიჩვენებს და სიკვდილისა და რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით თავისივე შეხედულებებს აფიქსირებს.


მართალია, ეს ვირტუალური ტური შეიძლება ისეთივე შთამბეჭდავი არ იყოს, როგორც მუზეუმის დარბაზებში  სეირნობა და ნამუშევრების რეალურად ნახვა, მაგრამ ძალიან საინტერესოა ავტორისა და მისი შემოქმედების გაცნობა. მუზეუმის ზედამხედველები - გრეგორ მუირი და ფიონტან მორანი - ვიდეოტურში ამ ყველაფრის შესახებ გვიყვებიან. აღნიშნული კურსი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც აქამდე არ ჰქონია მუზეუმისა და ექსპონატების მონახულების საშუალება. დაინტერესების შემთხვევაში კი, შეგიძლიათ  კომფორტულად მოკალათდეთ სავარძელში, ეკრანებთან და დაათვალიეროთ გენიალური ენდი უორჰოლის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი. 


“ტეიტ მოდერნში” არსებული ენდი უორჰოლის გამოფენა - ეს არის პოპ-არტისტის 100-ზე მეტი ნამუშევარი, ხმოვანი ინსტალაციების ოთახებით დაწყებული, ნაბეჭდი პოსტერებითა და ნახატებით დამთავრებული. საინტერესოა, რომ სხვა ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, აქ არტისტის რამდენიმე აქამდე უცნობი ეროტიკული ნახატიც არის გამოფენილი. ასევე ნამუშევრები, რომლებიც ასახავს მისი სტუდიის, Silver Factory-ს შექმნას და სპეციალური ოთახი, რომელიც ეხება მისი ცხოვრების იმ წლებს, რომლებიც მოსდევდა ვალერი სოლანას მკვლელობის მცდელობას.

“ენდი უორჰოლი ცნობილია, როგორც პოპ-არტისტი, თუმცა ამ გამოფენით გვინდოდა უფრო მეტად შეგვეცნო იგი და გაგვეანალიზებინა მისი ის სურვილები და შიშები, რომლებმაც მას ხელოვნების ნიმუშების შექმნა შთააგონეს”, - ამბობს მუზეუმის ზედამხედველი ფიონტან მორანი.