Netflix-ის მიხედვით 29 ნოემბერს Wednesday-მ ნახვების რეკორდული რაოდენობა დააგროვა და Stranger Things-ის მეოთხე სეზონს გადაუსწრო. Wednesday ლეგენდარული Adams Family-ის ახალი ხედვაა, რომელშიც მონაწილეობენ ვარსკვლავები: კეტრინ ზეტა-ჯონსი, ლუის გუზმანი და გვენდოლინ კრისტი. ვენსდეის როლს კი ჯენა ორტეგა ასრულებს. ეს ახალგაზრდა მსახიობის პირველი დიდი როლია, თუმცა ჰორორის და მაკაბრეს მოყვარულებისთვის ორტეგა უცნობი არ უნდა იყოს. 20 წლის მსახიობმა მანამდე Scream-ში და X-ში ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ შოუს პროდიუსერი და რამდენიმე სერიის რეჟისორი ლეგენდარული ტიმ ბარტონია, რომლის ხელწერაც სერიალს ნამდვილად ეტყობა.

 

Netflix-ის Wednesday ადამსების ოჯახის და ნევერმორის აკადემიის ისტორიას მიჰყვება. ეს უკანასკნელი ვენსდეისნაირი უჩვეულო ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც განსაკუთრებული უნარები აქვთ. თავდაპირველი უკმაყოფილების მიუხედავად, ვენსდეის ახალი სკოლა შეუყვარდება და მეგობრებთან ერთად არაერთი ბნელი საიდუმლოს ამოხსნას მოახერხებს.  

იმის გათვალისწინებით, რომ Wednesday-მ მაყურებლების გული მარტივად მოიგო, მოსალოდნელია, რომ შოუს მეორე სეზონიც ვიხილოთ, თუმცა Netflix-ს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. მიუხედავად ამისა, შოუს შემქმნელები - ალფრედ გოუ და მაილს მილარი Cosmopolitan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ შოუსთვის უკვე რამდენიმე სეზონი აქვთ დაგეგმილი. შოუს განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ცხადია, მაინც Netflix-მა უნდა მიიღოს.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე