წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო სეზონის თარიღები ცნობილია! 2023 წელს ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს. წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან. ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში. ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გვქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.
გვაქვს სასიხარულო ამბავი - მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი. დროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელიც იქნება და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება“. - დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.
დაწერე კომენტარი