წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი - ახალი წელი ახლოვდება, მის მოახლოებასთან ერთად კი თითოეული ჩვენგანი ალბათ უფრო და უფრო ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა საჩუქარი შეიძლება გავუკეთოთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს. Hammock Magazine-მა ამ ბლოგში ქართული კომპანიების ისეთ ნივთებს მოუყარა თავი, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება.

Sense Concept store

კონცეპტუალური მაღაზია, სადაც მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამოსი, აქსესუარები, სახლის დეკორი და საოჯახო ნივთებია წარმოდგენილი, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თავისი კოლექციიდან საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსაც გვთავაზობს. მათ, ვისაც სურს, რომ საკუთარ ნაძვის ხეს წელს ახალი სათამაშოები შემატოს, დახვეწილი დიზაინის ეს ნამუშევრები ნამდვილად კარგი საჩუქარი იქნება.  

Vintage Store

Vintage Store-ის კოლექციიდან ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება გულის ფორმის ზარდახშამ მიიქცია, თუმცა თუ მათ ვებგვერდს გადაავლებთ თვალს, ნაძვის ხის უამრავ ძალიან ლამაზ სათამაშოსაც აღმოაჩენთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვინტაჟურსაც.  

The why not gift shop

The Why Not Gift Shop-ში საკუთარი ინტერიერის გასალამაზებლად ან სხვისთვის საჩუქრის შესარჩევად, როგორც ყოველთვის, უამრავი ორიგინალური ნივთია წარმოდგენილი. ამჯერად კვლავ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებზე შევჩერდებით, აქ აუცილებლად შეარჩევთ ისეთ სათამაშოს, რომელიც სხვადასხვა გემოვნების და ინტერესების ადამიანებს ერთნაირად მოეწონებათ.



Mirrors by me

დისკო ბურთის შთაგონებით შექმნილი სარკე ნებისმიერ ინტერიერში შეიტანს სადღესასწაულო განწყობას, Mirrors by me-ის ეს ორიგინალური დიზაინის და ფორმის სარკე თქვენი ადრესატისთვის ნამდვილად სასურველი საჩუქარი იქნება.

Asteroid B612

Asteroid B612-ის პოსტერები სახლის ინტერიერის გასახალისებლად ყოველთვის საინტერესო არჩევანია, სადაც ხშირად შეხვდებით ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების უნიკალურ პრინტებს. ახალი წლის განწყობას, ვფიქრობთ, მაია სუმბაძის ნამუშევარი „ვარსკვლავები, თითქოს ქრიზანთემები“ ყველაზე მეტად მოუხდება.  

Motif

ჯადოსნურ საახალწლო აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანია Motif-შიც, ჩვენ ფავორიტი მაკნატუნას დიზაინით შექმნილი ლანგარია.

Lost Cherry Candles

კიდევ ერთი მაკნატუნა, თუმცა ამ შემთხვევაში Lost Cherry Candles-ის სანთლის ფორმით. ახალ წლის ამ სიმბოლოს, სანთელთან ერთად, იქ ნაძვის ხის თემატიკაზე შექმნილ სხვა სანთლებსაც აღმოაჩენთ.

Bamba

საახალწლო სუფრა ახალ წლის ღამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ალბათ ამ დღის მაგიდას არაფერი შეეფერება ისე, როგორც მაია სუმბაძის ნაძვის ხის სათამაშოების პრინტით შექმნილი სუფრა.  

 

Ceramic Studio 1300

Ceramic Studio 1300-ში ტრადიციულად ამ პერიოდისთვის საახალწლო თემატიკით შექმნილი კერამიკის ჭურჭლის მრავალფეროვანი კოლექცია შეგხვდებათ, ნაძვის ხის ფორმის ლანგარი და საახალწლო პრინტებით შექმნილი თეფშები თუ ჭიქები ახალი წლის ღამეს ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს.

Amelie Flowers shop

ბუნებრივი მასალის ქოთანში ჩარგული დეკორატიული ნაძვის ხე ახალი წლის პერიოდში ალბათ ნებისმიერ ყვავილს ცვლის, თუმცა გარდა ნაძვის ხეებისა, Amelie-შ წელს ულამაზესი გირლანდები და სხვადასხვა საშობაო დეკორაციებიც დაგხვდებათ.