ზამთრის ცივ დღეებზე ფიქრისას მომენტალურად ტივტივდება ფიქრები თბილ პლედებზე, ბუხარზე, თოვლიან მიდამოებსა და ნაძვის ხეებზე. თუმცა, ხმაურიან თბილისში ასეთი საახალწლო განწყობის შექმნა რთულია. ამიტომ ამ სტატიაში შევარჩიეთ 10 კოტეჯი საქართველოს რეგიონებში,  სადაც ლამაზი საახალწლო განწყობა შეგიძლიათ შეიქმნათ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. 


ბახმარო ვუდლენდი

 

თუ საყვარელ ადამიანებთან ზამთრის მაგიური დღეების მყუდროდ გატარება გსურთ, ბახმარო ამისთვის იდეალური ადგილია. ბახმარო ვუდლენდი ხეებში ჩაფლული კოხტა კოტეჯია, რომელიც გურიის ქუჩაზე მდებარეობს და სრულად აღჭურვილია 6 ადამიანისთვის. ბარბიქიუსთვის სპეციალიზებული სივრცე კი თავს საახალწლო ფილმში გაგრძნობინებთ. 


ეკო-ქოხები მესტიაში

 

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარეა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მესტია უამრავ ადამიანს იზიდავს. სათხილამურო ტრასების გარდა, მესტიას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. თუ გსურთ, რომ საქართველოში ზღაპრული ზამთარი გაატაროთ ოღონდ ცივილიზაციას მთლად არ მოსწყდეთ, მესტია ამისთვის იდეალური ადგილია. ეკო-ქოხები მესტიიდან ცოტა მოშორებითაა, რაც სტუმრებს გარანტირებულ სიმყუდროვეს უქმნის, თუმცა მაინც საკმაოდ ახლოს არის სათხილამურო ტრასასთან და ეთნოგრაფიულ მუზეუმთან. ასე რომ, თუ გარეთ გასვლა ისურვეთ, გარშემო მხოლოდ ტყე არ არის. ორი ხის ქოხი მთლიანობაში 10 ადამიანს იტევს, რაც ოჯახებით დასვენებისთვის იდეალურია.

 

 

ბუდე მესტია

 

ბუდე მესტია პატარა კოტეჯების კომპლექსია, რომელიც სრულად აღჭურვილია ზამთრის ცივი დღეების გასატარებლად. ამასთანავე, კოტეჯებთან მდებარეობს რესტორანი და ბარი. ბუდე მესტიაში მუშაობს რუმ სერვისიც, რაც კომფორტულად დასვენების საშუალებას მოგცემთ. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია წყვილებისა და პატარა ოჯახებისთვის, რადგან თითო კოტეჯი ორ სტუმარს იტევს. 

 

 

Sky Rooms Gudauri

 

გუდაური თხილამურის მოყვარულთათვის ზამთარში აუცილებელი დანიშნულებაა. თუ გსურთ, რომ თან ისრიალოთ და დრო მყუდროდ გაატაროთ, Sky Rooms Gudauri ამისთვის იდეალურია. კოტეჯი ხუთ ადამიანს იტევს და აღჭურვილია ცენტრალური გათბობით. სათხილამურო ტრასა კი მხოლოდ 10 წუთის სავალ გზაზეა. 

 

 

შაორი შალე

 

თუ გსურთ, რომ რაჭაში პარტნიორთან ან მეგობართან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროთ, შაორი შალე ამისთვის იდეალურია. ეს პატარა, მაგრამ სრულად აღჭურვილი კოტეჯი მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი და წყალზე ტივტივებს - ამბროლაურში, შაორის წყალსაცავში. 

 

 

გზაზე

 

ეს უჩვეულო კოტეჯი ყაზბეგში, სტეფანწმინდაში მდებარეობს და როგორც სახელი მეტყველებს, პირდაპირ გზაზეა. თანამედროვე ინტერიერი მუდმივად განათებულია ბუნებრივი სინათლით და შიგნიდან ულამაზესი ხედი იშლება. 

 

 

გარემო

 

ეს კოხტა სასტუმრო რაჭაში, სადმელში მდებარეობს, რომელიც ზამთარში, რაჭის ცივ ტყეში თბილი ოაზისია. კოტეჯის მყუდრო ინტერიერი ყველაზე უკეთ წყვილებისთვისაა მორგებული და იდეალურია მათთვის, ვისაც დროებით ხმაურიანი გარემოსგან დასვენება სურს.

 

 

Lavdila Mestia

 

ეს ხის პატარა ბუნგალო მესტიის ცენტრში, სვანური კოშკის კალთასთან მდებარეობს. კოტეჯი სამ ადამიანს იტევს და თან თავისი ეზო აქვს, რაც მას ოჯახებისთვის იდეალურ დასასვენებელ ადგილად აქცევს. Lavdila Mestia ხელსაყრელია მოთხილამურეებისთვისაც, რადგან ჰაწვალის საბაგიროდან 15 წუთის მანქანით სავალ გზაზეა და მესტიის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოა. 

 

 

სახლუკა რაჭაში

 

ეს პატარა სასტუმრო რაჭის ტყეშია ჩაფლული და რამდენიმე სტუმრის დატევა შეუძლია. კოტეჯის დიდი შუშაბანდიდან კი რაჭის ხედები იშლება. სახლუკა ცხადია, სრულად აღჭურვილია და ამასთანავე თანამედროვე ღუმელიც აქვს, რომელიც ზამთარში ზღაპრულ საახალწლო განწყობას ქმნის. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

 

გარეკანის ფოტო: ანრი არსენიშვილი