ხშირად, როცა მოგზაურობის დროს ფრენა დაგვიანებული ან გადადებული რეისის გამო კიდევ უფრო დიდხანს, რამდენიმე საათით იწელება ხოლმე, აეროპორტში მყუდრო და უხმაურო ადგილის პოვნა და თავისუფალი საათების დასვენების ან მუშაობისთვის გამოყენება ალბათ, დაკარგული დროის ანაზღაურების ყველაზე სასიკეთო ალტერნატივაა. ინტერნეტით, ბიბლიოთეკით და მინიკაფეებით აღჭურვილი აეროპორტის ლაუნჯები, სწორედ ის სივრცეებია, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მგზავრმა თავისუფალი დრო ნამდვილად ნაყოფიერად გამოიყენოს და მოგზაურობის ეს ყველაზე დამღლელი ნაწილიც კი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. ცოტა ხნის წინ მსგავსი ადგილი თბილისის აეროპორტშიც გაიხსნა. ისევე როგორც ევროპის ბევრ სხვა აეროპორტშია, თიბისი კონცეპტის ეს სივრცეც, რომელიც მარჯანიშვილის 7-ში მდებარე მულტიფუნქციური სივრცის უკვე არსებული ფორმატის ანალოგიურად შეიქმნა, თავის მომხმარებელს მეტი კომფორტისათვის თანამედროვე და მშვიდ გარემოს სთავაზობს. თუმცა, გარდა ამისა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ მსოფლიო მასშტაბით 1200-ზე მეტი აეროპორტის Lounge Key-ის ლაუნჯებით, რომელთაგანაც რამდენიმეს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
პარიზი - YotelAir
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში YotelAir მოსასვენებელი სივრცე ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული სივრცეა, იისფერი ინტერიერით და ამავე ფერის ლედ განათებით გაფორმებული მოსასვენებელი ოთახები სრულადაა აღჭურვილი საწოლებით, შხაპით, ინტერნეტით, ტელევიზორით, წასახემსებლითა და სასმელებით. თავისუფალი საათების ამ კომფორტულ გარემოში გატარება სტუმარს მაქსიმუმ სამი საათი შეუძლია.
ლონდონი - The Oceanic Pub & Kitchen
ლონდონის Heathrow-ს აეროპორტის მესამე ტერმინალთან გამორჩეული დიზაინის ლაუნჯის ტიპის ბარ-რესტორანი, The Oceanic Pub & Kitchen მდებარეობს, გარდა ფრენების შესახებ ინფორმაციისა და ყველა იმ მომსახურებისა, რომელიც მგზავრებს ამ ტიპის სივრცეებში ხვდება ხოლმე, ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც გემრიელი კერძები არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულინარიიდან მათ მრავალფეროვან მენიუში ოჯახის ნებისმიერი წევრი სასურველ საინტერესო კერძს აუცილებლად აღმოაჩენს.
ბერლინი - Moevenpick Cafe
ბერლინის აეროპორტში, პირველ ტერმინალთან, Moevenpick Cafe ის ადგილია, სადაც უგემრიელესი ორგანული ყავის, სენდვიჩების, ღვინისა და ადგილობრივი ლუდის დაგემოვნებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ, მყუდრო და კომფორტული ლაუნჯით სარგებლობას კი, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ინტერნეტით და კონდიცირებით, მხოლოდ 21:00 საათამდე.
ამსტერდამი - British Airways-ის ლაუნჯი
ამსტერდამში British Airways-ის ლაუნჯი ის ადგილია, რომელიც საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, რომ აეროპორტში თავისუფალი საათები მუშაობაში ან წიგნის კითხვაში მშვიდად გაატაროს, ინტერნეტით, ჟურნალებით, კომფორტული სავარძლებით და შესაბამისი განათებით აღჭურვილი ეს სივრცე ამასთანავე ფრენების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციასაც მოგაწვდით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - თიბისი კონცეპტის სივრცე
თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობით გახსნილ თიბისი კონცეპტის სივრცეში ყველა საჭირო სერვისი ერთ კომფორტულ გარემოში დაგხვდებათ თავმოყრილი - ინფორმაცია რეისებთან დაკავშირებით, სწრაფი ინტერნეტი, საკვებისა და სასმლის უგემრიელესი მენიუ და მცირე ბიბლიოთეკა, სადაც მხატვრული ლიტერატურისა და Taschen-ისა და Monocle-ს გამომცემლობის წიგნებთან ერთად თავისუფალ დროს სასიამოვნოდ და შემეცნებითად გაატარებთ.
ბარსელონა - Premium VIP Lounge
ბარსელონას აეროპორტში, Premium VIP Lounge-ში, რომლით სარგებლობაც ოთხი საათის განმავლობაში, 22:00 საათამდეა შესაძლებელი, სტანდარტული მომსახურების გარდა კომფორტული საწოლები, საშხაპეები და საკონფერენციო სივრცეებიც კი დაგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ ლაუნჯი 12 წლამდე ბავშვებისთვის სრულიად უფასოა.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი