თიბისი კონცეპტი, რომელიც მარჯანიშვილის 7-ში მდებარე სივრცეში ხშირად წარმოგვიდგენს ქართული და უცხოური ბრენდების ექსკლუზიურ პროდუქტებს, ამჯერად O’SEVEN ELEVEN-ის ახალ კოლექციას უთმობს ადგილს. ფერადი ვეგანური ტყავისგან შექმნილი ჩანთა, კოსმეტიკის ჩანთა და ნოუთბუქის ჩასადები - სპეციალურად თიბისი კონცეპტისთვის შექმნილი ის აქსესუარებია, რომელთა შეძენასაც მომხმარებელი მხოლოდ თიბისი კონცეპტის ისტორიულ შენობაში შეძლებს.  

როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, O’SEVEN ELEVEN-ის ეს ხელნაკეთი  კოლექცია წარსულსა და აწმყოს შორის ჰარმონიული კავშირის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს, სადაც ნაქსოვი დეტალები ისტორიულად წლების განმავლობაში დაგროვილი ხელსაქმის გამოცდილებას უსვამს ხაზს, მდგრადი მოდის პრინციპების გათვალისწინება და გამოყენებული თანამედროვე მასალები და სილუეტები კი მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრების სტილთან აკავშირებს.

ზოგადად, უნიკალური ხელნაკეთი აქსესუარების თანამედროვე ცხოვრების სტილთან დაკავშირება O’SEVEN ELEVEN-ის ბრენდის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, სადაც ამავე დროს დიდი მნიშვნელობა იმ ემოციასაც ენიჭება, რომელიც აქსესუარის მომხმარებელსა და მის შემქმნელ ოსტატს ერთმანეთთან აკავშირებს. ბრენდის ეს უკვე კარგად ნაცნობი ღირებულება, რომელიც O’SEVEN ELEVEN-ის ყველა კოლექციაში იკითხება, თიბისი კონცეპტისთვის შექმნილ ექსკლუზიურ კოლექციაშიც ნათლად ჩანს.

ნინო ელიავა, ბრენდის დამფუძნებელი: „თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობისას გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩანთები, რომლებიც უტილიტარული მიმართულებით ანეიტრალებენ ბრენდის ექსცენტრიკულ ბუნებას. ფუნქციონალურობა და მარტივი დიზაინი თითოეული ნივთის საფუძველია, თუმცა ამავდროულად, ხელით ნაქსოვი მოტივი არტიზანული ელემენტით ამდიდრებს მათ. ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ყოველდღიური და ამასთანავე უნიკალური აქსესუარები  გამძლეობაზე აქცენტით. სწორედ ამიტომ თითოეული ნივთის შექმნას მინიმუმ ერთი დღე სჭირდება და მათზე უნდა იმუშაოს ოსტატმა, რომელიც კვალიფიციურია ხელსაქმეში და იცის ტყავთან მუშაობა“.

ექსკლუზიური კოლექციის პრეზენტაცია 15 დეკემბერს მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარე თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება ექნება თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას გადახდილი თანხის 15% უკან დაიბრუნოს, თითოეული მათგანი შეძლებს, რომ სასურველი ნივთის შესაქმნელად ვეგანური ტყავის და ძაფის ფერი კატალოგიდან თავისივე გემოვნებით შეარჩიოს.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი