16 დეკემბერს ძველ თბილისში Gastronome Group ახალ რესტორანს და კლუბს, ZEN-ს გახსნის, რომელიც ტრადიციული მსგავსი სივრცეებისგან განსხვავებით სტუმრებს დღის საათებშიც უმასპინძლებს.

 

ZEN-ის იდეის ავტორებმა უკრაინელ მოწვეულ შეფმზარეულთან ერთად აზიური ფიუჟენ მენიუ შექმნეს, რომელიც სტუმარს აზიური კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მენიუ გადატვირთული არაა, თუმცა მსგავსი სივრცეებისგან განსხვავებით მხოლოდ სნექებით არ შემოიფარგლება. რესტორანი თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის სივრცეებისგან ნამდვილად გამორჩეულია, რადგან აქ სამსახურის ან დამღლელი დღის შემდეგ შეგიძლიათ ჯერ კომფორტულად, მყუდრო გარემოში ივახშმოთ, ხოლო მოგვიანებით, საღამოს საათებში, ბართან გადაინაცვლოთ და ელექტრონულ მუსიკას მოუსმინოთ.


მართლაც, ღამით ZEN ქალაქის განწყობასთან ერთად გარდაიქმნება. ყოველ პარასკევს და შაბათს კლუბში საზღვარგარეთიდან მოწვეული დიჯეები დაუკრავენ, ხოლო სხვა დღეებში საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ადგილობრივი არტისტები იზრუნებენ. გახსნის საღამოს, 16 დეკემბერს უკრაინელი დიჯეი Tokyo, 17-ში კი ცნობილი ბერლინი არტისტი Hyenah დაუკრავს.


ZEN ბამბის რიგში, ისტორიულ და ტურისტულ უბანში მდებარეობს და ქალაქის რიტმსაც შეუმჩნევლად უწყობს ფეხს. ნებისმიერ კლუბში ბარი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მითუმეტეს ისეთ ადგილას, სადაც ხალხის ნაკადი მუდმივად ირევა. ZEN-ის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ბარი უნდა იყოს ადგილი, რომელიც მთელ სივრცეს კრავს, ადგილი, სადაც სტუმრებს უნდა შეეძლოთ კომუნიკაცია და ერთმანეთის გაცნობა, სურვილის შემთხვევაში კი უბრალოდ მუსიკით დატკბობა. სათანადო განწყობის შესაქმნელად ZEN-ის მიქსოლოგები სტუმრებს ალკოჰოლური სასმელების სრული ჩამონათვალის გარდა, ტრადიციულ და საავტორო კოქტეილებს სთავაზობენ, რომელიც მხოლოდ აქ შეგიძლიათ მიირთვათ.

 

 

თუ აქამდე გაკლდათ ადგილი, სადაც დღის და ღამის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებდით, ZEN-ში ყველაფერია იმისთვის, რომ ყოველდღიური დაძაბული რიტმიდან უჩვეულოდ სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში გადაინაცვლოთ, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად ან სულაც მარტო, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაერთოთ.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე