ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, David Koma, ინსტაგრამის სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით სამ პოსტს აქვეყნებს.
პირველ პოსტში კომა საზოგადოებას და სამედიცინო პერსონალს მიმართავს. ყველა ადამიანს უსურვებს ჯანმრთელობას, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული წვლილისთვის მადლობას უხდის და საერთო მტრის წარმატებით დამარცხების იმედს გამოთქვამს.
მეორე პოსტში იგი საქველმოქმედო აუქციონის შესახებ გვიყვება. კომა ამბობს, რომ მან გადაწყვიტა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან სამი ნივთი (ყოველი მათგანი განსაკუთრებული, პერსონალური წარწერით) აუქციონის საშუალებით გაყიდოს, შემოსული თანხა კი მთლიანად დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის ანგარიშზე გადარიცხოს.
მესამე პოსტით კი კომა თავის ჯგუფს მიმართავს. მადლობას უხდის ოფისის, ქარხნების, სააგენტოების თანამშრომლებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც David Koma World-ს ისეთად აქცევენ, როგორიც არის. ასევე იმისთვის, რომ ისინი აბსოლუტურად ითვალისწინებენ მთავრობის რეკომენდაციებს, რჩებიან სახლებში, მუშაობენ დისტანციურად, თან ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და სიყვარულით აკეთებენ.
9 აპრილს დავით კომახიძემ ინსტაგრამით მართლაც გაავრცელა სამი ნივთი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან:
Sequin Panelled Trench Coat
Long Sleeve Zebra Lace Flounce Midi Dress
Sequin Oversized Shirt
დაინტერესებულმა პირებმა კომას პირად ინსტაგრამგვერდზე (@davidkomalondon) არჩეული ნივთის, საჭირო ზომისა და მაქსიმალური თანხის შეთავაზების შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნონ, ბრიტანეთის დროით, 12 აპრილის 23:59 საათამდე.
შემდეგ კი, აუქციონის წესების თანახმად, სამივე ნივთისთვის ცალ-ცალკე აირჩევა მფლობელი, რომელიც მაქსიმალურ თანხას შესთავაზებს. გამარჯვებულები შესაბამის შეტყობინებებს და შეძენილ ნივთებს იმდენად სწრაფად მიიღებენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
დაწერე კომენტარი