არი ასტერმა სტუდია A24-თან ერთად ჰორორის ჟანრს ახალი სიცოცხლე შესძინა ისეთი ფილმებით, როგორიცაა Hereditary და Midsommar. ახალგაზრდა რეჟისორი უკვე დიდი ხანია ხოაკინ ფენიქსთან ერთად ეპიკურ ჰორორ კომედიაზე მუშაობს, რომლის ხანგრძლივობაც 4 საათი უნდა ყოფილიყო, თუმცა 3.5 საათამდე შემცირდა. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Disappointment Boulevard-ის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა. 

 

პოსტერზე პიჟამაში ჩაცმული ბიჭია, რომელიც ახალგაზრდა ხოაკინ ფენიქსს ჰგავს. #BEAUISAFRAID - ვკითხულობთ ქვედა კუთხეში, პიჟამაზე კი პერსონაჟის სახელია ამოქარგული.. 


მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა ანონსისთანავე ყურადღება მიიპყრო, პროექტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ფილმი 2022 წელს კანის კინოფესტივალზე გამოვიდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სტუდიასთან უთანხმოების გამო პროექტის დასრულება გადაიდო. Journal du Dimanche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არი ასტერმა განაცხადა, რომ ფილმი 2023 წლამდე არ გამოვა, რადგან კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი. 

 

“ჯერ არ არის დამთავრებული! მე პერფექციონისტი ვარ”, - განაცხადა ასტერმა ინტერვიუში. ახალგაზრდა რეჟისორმა ისიც თქვა, რომ ხოაკინ ფენიქსთან მუშაობა მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. 

 

ჯერჯერობით არ ვიცით, რის ეშინია ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟს, თუმცა იმედია მალე გავიგებთ.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე