Window Project 9 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით წარმოგიდგენთ გიორგი ჩხეიძის გამოფენას  სახელწოდებით Fiat.  ლათინური წარმოშობის სიტყვა „fiat“  გამოხატავს შემოქმედებითი ნების ძალას, რომელიც შემდგომ ძალისხმევას აღარ საჭიროებს.

ამავე სახელწოდების სერიიდან გამოფენაზე წარმოდგენილია შვიდი მონუმენტური ნამუშევარი. ტილოს ცარიელი ზედაპირი ცნობიერის სიცარიელის მეტაფორად იქცევა, ხოლო შექმნის მედიტაციურ პროცესში არაცნობიერიდან გადმოღვრილი ფერი „არა-ფიქრის“ ვიზუალურ ხატებს ქმნის.

ქაოსში ჩნდება ფორმის კვალი (trace), რომელიც  a’prior-ულ,  დრო-სივრცით წესრიგს ავლენს. ტილოს  მონოქრომატულ ზედაპირებზე - არარაში „რა“ იწყებს დაბადებას. მცირე ზომის ნამუშევრებით, სერიიდან „unknown, unknown“, ვიზუალური მიზიდულობის წერტილები ჩნდება და ექსპოზიციის შემაკავშირებელ ელემენტად იქცევა.

 

ფორმად ქმნის პროცესი კულმინაციას პლასტელინის ინტერაქციული სკულპტურებით აღწევს.  გამოფენის დამთვალიერებელი თავად ხდება შექმნის თანამონაწილე. პლასტელინის დეფორმირებადი სხეულის ძერწვის არაცნობიერი ქმედებით, ადამიანი საკუთარ ცნობიერ თანადასწრებას (presence) აფიქსირებს.

 


 

გიორგი ჩხეიძის შემოქმედებით კატალიზატორად ნიუ-იორკი, დონალდ ჯადი, ლი უფანი და მინიმალიზმი იქცა. აღმოსავლური ფილოსოფიით შთაგონებული ხელოვანის პრაქტიკა არა იმდენად მინიმალისტურ შედეგზე, არამედ შექმნისას ცნობიერის მინიმალურ თანადასწრებაზეა ორიენტირებული. ჩხეიძისთვის შედეგი ერთგვარი ვიზუალური სავარჯიშოებია, რომელიც არაცნობიერის გააქტიურების პროცესში იქმნება. ამ გზით, ის აფიქსირებს საკუთარ იდენტობას.   გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი სწორედ ამ პროცესის მოწმე და თანამონაწილე გახდება. 

 

ფოტო: სერა ძნელაძე