11 დეკემბერს ლეგენდარული მუსიკოსი ანჯელო დანიელ ბადალამენტი გარდაიცვალა. კომპოზიტორის შექმნილი საუნდტრეკები ლინჩის ისეთი ფილმების განუყოფელი ნაწილია, როგორიცაა Twin Peaks, Blue Velvet და Mulholland Drive. მართლაც, ბადალამენტის ჯაზით შთაგონებული მუსიკა იდეალურად ეწყობა რეჟისორის უცნაურ, ხშირად სიურრეალისტურ ნამუშევრებს. 

Blue Velvet - The Mysteries of Love

 

ლინჩის და ბადალამენტის თანამშრომლობა 1986 წელს, Blue Velvet-ის გადაღებისას დაიწყო, როცა კომპოზიტორი იზაბელა როსელინის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. თუმცა, მოგვიანებით ბადალამენტის საუნდტრეკის შექმნა დაევალა, რადგან ლინჩს მისი “The Mysteries of Love” მოეწონა, რომელსაც რეჟისორმა ფილმისთვის ტექსტი დაუწერა.

Twin Peaks - Laura Palmer theme

 

ლინჩი და ბადალამენტი მუსიკაზე ხშირად ერთად მუშაობდნენ ხოლმე. კომპოზიტორი პიანინოსთან ჯდებოდა და რეჟისორის აღწერილი სცენებისთვის მუსიკას იმპროვიზაციით ქმნიდა. მაგალითად, Twin Peaks-ზე მუშაობის დროს ლინჩი აღწერდა დაბურულ ტყებს და ქარის ავისმომასწავებელ ხმას, რომელსაც ბადალამენტი სინთეზატორზე მინორულ აკორდებს უსადაგებდა, ხოლო როცა ლინჩის მონათხრობში ლორა პალმერის პერსონაჟი გამოჩნდა, მუსიკის ტონი შეიცვალა. 

 

“არაფერი არ ქნა, ერთი ნოტიც კი არ შეცვალო”, - უთხრა ლინჩმა ბადალამენტის სესიის დასრულებისას.

Twin Peaks -Twin Peaks theme

 

ბადალამენტი ლინჩთან თანამშრომლობისას მუსიკას ხშირად Fender Rhodes Mark I-ზე წერდა, პოპულარულ ელექტროპიანინოზე, რომელიც კომპოზიტორმა 1970-იან წლებში შეიძინა. მისი თქმით, ეს ინსტრუმენტი ლინჩის პროექტებში უცნაური და სიზმრისეული განწყობის შექმნაში ეხმარებოდა. 


 

Straight Story - Laurens Walking

 

“სულ ვცდილობდი შემექმნა მუსიკა, რომელიც უცნაურ განწყობას შექმნიდა”.  ბადალამენტის თქმით, ეს მის შემოქმედებას ბავშვობიდან ახასიათებს. 

მართლაც, ბადალამენტი ყოველთვის ახერხებდა რაღაც უცნაური განწყობის შექმნას სხვადასხვა ჟანრის მუსიკაში. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Straight Story-ისთვის დაწერილი ვესტერნული ფოლკ საუნდტრეკია. 

 

 

Mulholland Drive - Main Theme

 

დევიდ ლინჩის ფილმების მოყვარულთათვის განსაკუთრებით ყურადსაღები ბადალამენტის Mulholland Drive-ის საუნდტრეკია. ამ მუსიკის შექმნაში დევიდ ლინჩიც მონაწილეობდა. კერძოდ, ბადალამენტი რეჟისორს მუსიკას აჩვენებდა, ის კი ექსპერიმენტულ ხმებს უმატებდა. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე