Dr. Seuss Enterprises-ისა და სააგენტო Vacasa-ს თანამშრომლობით, აშშ-ში, უტაში გრინჩის “ბუნაგის” დიზაინით სასტუმრო გაიხსნა. ის სტუმრებს 13 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით მიიღებს.
გრინჩის გამოქვაბული ქალაქ ბოლდერში მდებარეობს და იდეალურად აერთიანებს ბუნებრივ სილამაზეს და საინტერესო დიზაინს. გამოქვაბული მთლიანად ხელით არის გამოყვანილი, დეტალებს კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მაგალითად, სამზარეულოში ბიბლიოთეკაა, რომელიც გრინჩის საყვარელ ფიქციურ წიგნებს მოიცავს, როგორიცაა “ქათმის სუპის რეცეპტები მარტოსულებისთვის”, მისაღებ ოთახში კი გიგანტური ორგანიც დგას. საძინებელში გრინჩის ძაღლისთვის, მაქსისთვის განკუთვნილი ჯამი და პატარა საწოლია.
დროებითი სასტუმროს კიდევ ერთი უნიკალური მახასიათებელი მისი ფასია, კერძოდ, გრინჩის გამოქვაბულში დარჩენა მხოლოდ 19.57 დოლარი ღირს, რადგან თავდაპირველი წიგნი How Grinch stole christmas 1957 წელს გამოვიდა. Vacasa-ს საიტზე კი შეგიძლიათ გამოქვაბულის 3D ტური გაიაროთ.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი