ახალ წელს უამრავ ქვეყანაში ზეიმობენ, თუმცა ის ესთეტიკა და განწყობა, რომელიც ხშირად შობის პერიოდთან ასოცირდება, იქნება ეს წითელ სამოსში გამოწყობილი სანტა კლაუსები, საახალწლო ჰიტები თუ კოკა-კოლის მანქანები, ხშირად წმინდად ამერიკული ფენომენია, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრდა.

 

 

ფოტოგრაფი ჯესი რისერის ფოტოსერია - “შობა ამერიკაში: დაბადების დღეს გილოცავ, იესო” ათი წლის განმავლობაში გადაღებული საახალწლო ფოტოების კრებულია, რომელიც აშშ-ის წიაღში, პატარა ქალაქებსა და პროვინციებში არსებული საშობაო განწყობის უჩვეულო დოკუმენტაციაა. ფოტოგრაფის ნამუშევრები მოიცავს ყველაფერ საახალწლოს და ყველაფერ ამერიკულს, და ნათლად აჩვენებს შობის დღესასწაულის კომერციალიზაციას, მის ლამაზ, უცნაურ, საინტერესო და ხანდახან სიურრეალისტურ ასპექტებსაც კი. 

 

 

რისერის თქმით, ის სეკულარულ ოჯახში გაიზარდა, ამიტომ საშობაო განწყობის “აუტსაიდერად” გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ახალ წელს ზეიმობდა. “არასდროს მიგრძნია კავშირი დღესასწაულის რელიგიურ ფესვებთან და კულტურულ უჩვეულობებთან… თუმცა ამ ფოტოსერიის ფარგლებში შობის დეტექტივი გავხდი და ვმუშაობდი იმ საშაობაო მანიის ჩვენებაზე, რომელიც ათასობით ადამიანს უბიძგებს საათები დახარჯონ განათებების ჩამოკიდებაზე, მინიატიურული სოფლების აშენებაზე, სახლების მორთვასა და შობის სცენების გაცოცხლებაზე”. 

 

 

საახალწლო ზეიმმა აშშ-ში ბოლო წლებში პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძინა. ერთი მხრივ, კონსერვატიული მიდგომაა, რომ საახალწლო ზეიმი ისტორიულ ფესვებს დაუბრუნდეს და შობასთან, რელიგიურ დღესასწაულთან იყოს ასოცირებული, თუმცა თანამედროვეობაში, როგორც ამას რისერის ფოტოები მოწმობს, ახალი წელი არ ასოცირდება მხოლოდ შობის დღესასწაულთან, რომელიმე რელიგიასთან ან ქვეყანასთან. ნაძვის ხეები, სანტა კლაუსი, მერაია ქერი, სასაჩუქრე ყუთები და ყველაფერი საახალწლო, გლობალური ფენომენია, უნივერსალურად გავრცელებული მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში, საინტერესო კულტურული სპეციფიკით და განსხვავებებით.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე