ბრიტანელი სუპერმოდელი და 90-იანი წლების ვარსკვლავი ქეით მოსი თანამედროვეობაშიც არ კარგავს აქტუალობას. მარკ ჯეიკობსის ახალ კამპანიაში განსაკუთრებული ყურადღება მოდელის კაშკაშა ვარდისფერმა თმამ და ვარცხნილობამ მიიქცია.

ვარდისფერთმიანი ქეით მოსი ვერსაჩეს 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას გვახსენებს, სადაც სუპერმოდელმა პირველად სცადა ვარდისფერი თმის მოხდენა. მიუხედავად იმისა, რომ ქეითს ვარცხნილობა  მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა, ეს რამდენიმე დღე და ვერსაჩეს ერთი ჩვენება მაინც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ფერი ტრენდული და წლების შემდეგაც კი ყველასათვის დასამახსოვრებელი გამხდარიყო.

მარკ ჯეიკობსის ახალ, 2022-2023 წლის კოლექციაში ქეით მოსი სწორედ 90-იანების ამ საკულტო განწყობასა და მოგონებებს აღვიძებს და ორი ათწლეულის შემდეგ თმას დროებით ისევ უბრუნებს მკვეთრ ვარდისფერ ტონალობას. 

ქეით მოსი მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე პირველად 2000 წელს გამოჩნდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად იყო ჩართული სხვადასხვა ჩვენებებსა თუ კამპანიებში. სუპერმოდელი ახალ ფოტოებზე მაღალქუსლიანი ე.წ. Kiki boots-ებით, ჯინსის გაშვებული ქვედაბოლოთი, შარვლითა და მოშვებული მოსაცმლით გვხვდება. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე