ჩემი მიმართულებით წამოსული უსიამოვნო, ლუდის სუნ ნარევი ჰაერით მივხვდი, რომ მიკროავტობუსში გვერდით მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი რაღაცას მანიშნებდა. ყურსასმენები მოვიხსენი, ფილმი დავაპაუზე და გამოწვდილი ტელეფონის ეკრანს დავხედე. გუგლის სათარგმნ აპლიკაციაში ინგლისურად ეწერა: “ამაღამ ჩემთან თუ დაწვები, 200 დოლარს გადაგიხდი”. სიცილი ძლივს შევიკავე. მთვრალი კაცის ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, კარგად ვიცი და მიუხედავად იმისა, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა მსგავსი თავხედობის ატანა, მაინც ვერ ვბრაზდები ხოლმე. მშვიდად თვალი თვალში გავუყარე და რუსულად დავუბრუნე: “ამაღამ პრობლემები თუ გჭირდება, ახლავე სიამოვნებით ავკრეფ ჩემი მეგობრის ნომერს”.     

ამ ჩემს ადგილობრივ მეგობარს რომ მოვუყევი იმ საღამოს, გასკდა სიცილით. ხარხარისგან გონს რომ მოეგო, დამამშვიდა - ყირგიზული შემოსავლის სტანდარტებით და არსებული რეალობის გათვალისწინებით, საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებაა, ეტყობა, მართლა ძალიან მოეწონე და სერიოზული შანსი გაგიშვია ხელიდანო. ჰოდა აი, ასე იყოს კეთილი თქვენი ფეხი ყირგიზეთში, სადაც მსგავს ინციდენტს ყველაზე ნაკლებად ველოდი. სასაცილოა, როგორი მცდარია ჩვენი მოლოდინები ძალიან ხშირად. ასევე, შემაშფოთებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მამაკაცების უმრავლესობის წარმოდგენები მარტო მოგზაურ ქალებზე დასავლეთის ქვეყნებიდან. არ გამოვრიცხავ, რომ მათ განწყობას რეალური შემთხვევები განაპირობებდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საკუთარი და უახლოესი გარემოცვის ცხოვრების სტანდარტებისგან განსხვავებული სტილი ბევრისთვის ავტომატურად რაღაც ცუდთან, გარყვნილებასთან, ყველაფერზე წამსვლელობასთან ასოცირდება. მათი რა მიკვირს, როცა ბევრი ჩემიანისთვის ვერ ამიხსნია, რატომ არის 35 წლის ასაკში ქორწინების და შვილების გარეშე, მომთაბარე ცხოვრება ჩემი ცნობიერი არჩევანი და არა ტრაგიკული ფუნქციური გლიჩი (გაუმართაობა).

სხვაგან წავედი. მე მაპატიეთ. მოდით, მიკროავტობუსში დავბრუნდეთ. რუსულმა ენამ ჩემს თანამგზავრს და-ძმური შეგრძნებები გაუღვივა. ბევრი ბოდიში იხადა და მერე ჩაეძინა. ნახევარ საათში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. უკვე ერთი სული მქონდა, მაგრამ არამარტო მომხდარის გამო, უფრო იმ მიზეზით, რომ ყირგიზეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (განსაკუთრებით, შორ მანძილებზე) ვიღაც ყოველთვის სვამს ალკოჰოლს და რომ არ მოგატყუოთ, ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შთაბეჭდილებაა, რაც კი ამდენი თვის მოგზაურობის განმავლობაში სადმე შემხვედრია. 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენი არ იყოს, ყირგიზეთმაც კრიზისული პერიოდი გამოიარა. როგორც ადგილობრივები მომიყვნენ, მაშინ ყველა გალოთდა, განურჩევლად - ქალი იყო თუ კაცი. თან, არ დაგავიწყდეთ, მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. მას შემდეგ ათეულობით წელი გავიდა, მაგრამ ქვეყანა წინ დიდად ვერ წავიდა და ჩემი აზრით, დღემდე ყველაზე დაჩაგრული სახელმწიფოა ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე.

მომთაბარე ყირგიზი ხალხისთვის ცხოვრება მარტივი ისედაც არასდროს ყოფილა. ახლა, უბრალოდ, ყველაზე საგრძნობი განსხვავება ისაა, რომ “სმარტფონებში” ჩასახლებული ახალგაზრდები, სულ უფრო მეტად მიიწევენ ქალაქებისკენ, სადაც ცხოვრება ბევრად იოლი და ნაკლებად მოსაწყენი წარმოუდგენიათ. (აბა, მე მკითხონ!) ოდესღაც მომთაბარე ერი, ახლა მხოლოდ ზაფხულის თვეებს ატარებს ალპურ საძოვრებზე (რომელსაც ჯაილოს ეძახიან) და ტრადიციულ გადასატან საცხოვრებელ სახლში (იურტა) ცხოვრების წეს-ჩვეულებაც ნელ-ნელა იკარგება. მეც ამიტომ მივიჩქაროდი ამ ქვეყანაში ასე ძალიან. იურტაში ცხოვრება ბავშვობიდან მაინტერესებდა და მწყემსების მინიმალისტური ყოველდღიურობის საკუთარ თავზე გამოცდა დიდი ხანია მინდოდა. გარდა ამისა, ბევრი ყირგიზი მეგობარი მარწმუნებდა, რომ ბუნებაც და ხალხიც ძალიან ჰგავდა ჩვენსას, რაში დასარწმუნებლადაც დიდი დრო არ დამჭირვებია.

ოჯახი, რომელთანაც ვცხოვრობდი, დილას ადრე დგებოდა. მე საუზმემდე შემეძლო თბილად და ტკბილად გამეგრძელებინა ძილი იატაკზე დაგებულ ტრადიციულ, ფერად ტოშოკებზე (ლეიბებზე). როცა კარგი ამინდი იყო, ავა (ასე მიმართავენ მამასახლისს) იურტის სახურავს (თუნდუკს) გადახსნიდა და მზის სხივებით მანიშნებდა, გეყოფაო. ცუდ ამინდში იეჟეს (ასე მიმართავენ დიასახლისს) გამომცხვარი პურის სუნით ვხვდებოდი, რომ ზარების ჩამოხსნის და ახალი დღის დაწყების დრო იყო.

ყირგიზეთში გენდერული როლები ოჯახში ჯერ კიდევ საგრძნობლად მკაცრადაა განაწილებული. სოციალური ნორმების მიხედვით, მაგალითად, სამოვრის მომზადება უფროსი მამაკაცის პასუხისმგებლობაა. მე და ბავშვებს ყველაზე მარტივი საქმე გვრჩებოდა ხოლმე: ფერადი, მბზინავი ჟოლოს და გარგარის ჯემებით და კაიმაკით (ძროხის რძისგან დამზადებული სქელი, უხვად ცხიმიანი შედედებული კრემი) შუშის ჯამების განახლება და მაგიდის გაწყობა. თავიდან გამიჭირდა შეჩვევა იმ ფაქტთან, რომ დიასახლისი ისედაც მოცუცქნულ ფიალაში ჩაის მხოლოდ ნახევრამდე ავსებდა. მერიდებოდა თხოვნა, რომ კიდევ დაესხა. როცა მიმიხვდნენ, ამიხსნეს, რომ საუზმე და ჩაის სმა მათთვის ერთგვარი შესაძლებლობაა დასასვენებლად, ერთმანეთთან სასაუბროდ და დროის სასიამოვნოდ გასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ არც სამოვრის მომზადებაა მარტივი საქმე და არც ოჯახის ყველა წევრისთვის სათითაოდ ფიალას უთვალავჯერ შევსება, ჩაის სმის ცერემონია მათთვის საყვარელი ჩვეულება და ნებისმიერი სახით დატვირთული დღის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მდინარე კარაკოლის ხეობაში რამდენიმე დღით ჩასული, თითქმის ორი კვირით “ჩავრჩი”. ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად იყო მასპინძელი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულება. რომ არ დაგიმალოთ, არანაკლები მნიშვნელობის მიზეზი იყო ცნობილი ცივი წვნიანი - აშლიამ-ფუ, რომელსაც კარაკოლში მცხოვრები დუნგანები (საბჭოთა კავშირში ასე ეძახდნენ ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციიდან ჩამოსულ ჰუის წარმომავლობის მუსულმანებს) ყველაზე კარგად ამზადებენ და ჩემი ყველა დროის ფავორიტია ცივ წვნიანებს შორის (მისწრებაა ნაბახუსევზე). ხუმრობა იქეთ იყოს და ჩემი მონუსხვის მთავარი მიზეზი ამ ხეობაში ლაშქრობის უთვალავი შესაძლებლობა და ამ ლაშქრობების ჭეშმარიტი გვირგვინი - ალა-კულის ტბა გახდა. 3500 მეტრის სიმაღლეზე, სალი კლდეების კალთებში ჩამალული ეს სილამაზე ერთ-ერთი გამორჩეულად მომაჯადოებელი ადგილია, რაც კი ცხოვრებაში მინახავს.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ყირგიზები იურტებში სულ უფრო ნაკლებად ცხოვრობენ, ტრადიციული სახლების დამზადება მაინც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია ქვეყანაში. ისიკ-კულის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, ეგრეთ წოდებული იურტების სოფელი - კიზილ-ტუ მდებარეობს. აქ სულ 1800 ადამიანი ცხოვრობს და ყველა ოჯახი იურტის წარმოებაშია ჩართული. მამაკაცები ხის ჩარჩოს, ტყავის დეტალებს, თექისა და ბამბის ნარევ თბოიზოლაციას ამზადებენ. ქალები კი ტრადიციული ორნამენტების ქსოვა-კერვით არიან დაკავებული. რომელ ეზოშიც უნდა შეიჭყიტოთ, ყველგან რაღაც ხდება. ზოგან აწყობენ, ზოგან წითლად ღებავენ, ზოგან ვირზე ტვირთავენ და მთაში მიაქვთ. ყველაზე ხშირად კი მეზობელ ქვეყნებში ტურისტული ბანაკებისთვის ექსპორტზე აგზავნიან.

ამ პატარა სოფელში, სადაც ჭიშკრებს მიღმა ფუსფუსა ცხოვრება ჩქეფს, ქუჩები აბსოლუტურად უკაცრიელდება. მე და ჩემი მასპინძელი ბიჭუნა საღამოს ველოსიპედებით საკატაოდ რომ გავედით, არც კი წარმომედგინა, წინ როგორი აღმოჩენები მელოდა. ფერების, ფორმების და დეკორაციების ნამდვილი ზეიმი. და ეს კიდევ არ იყო მთავარი სიურპრიზი.

სხვადასხვა ქვეყანაში სასაფლაოების მონახულება ჩემთვის მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. გამიმართლა და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სასაფლაო მაქვს ნანახი პარიზში, ბუენოს-აირესსა და კაიროში, მაგრამ ყირგიზულმა სასაფლაოებმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ციცქნა სოფლის სასაფლაო ცალკე დასახლებას ჰგავს. მეჩეთისთვის ან იურტისთვის მიმსგავსებული „სახლებით“, მასიური ქვის გალავნებით, დახვეწილი დიზაინის დეტალებით, ფრინველების ქანდაკებებით და ცოტაც უგემოვნო ლითონის აბრა-დაფებით.  

ბიჭუნა არ შემომყვა. სასაფლაოს შესასვლელთან მიწაში გათხრილი დიდი ნახვრეტები დამანახა და გამაფრთხილა, რომ იქიდან გარდაცვლილთა სულები ამოდიოდნენ. ქუჩის მეორე მხარეს სახლზე მიმანიშნა. ალბათ, გულისხმობდა, თუ გინდა, იმათ ჰკითხეო. ზაზუნები, მაჩვები, თხუნელები, რა ზომის ცხოველი არ ვაჩვენე ინტერნეტით, მაგრამ მაინც ვერ დავარწმუნე. გარეთ დარჩა და მელოდა გაოცებული. ვერ ხვდებოდა, რატომ ვიყავი ასეთი აღფრთოვანებული.

აღფრთოვანება ჩემს ყირგიზულ მოგზაურობას მთელი თვე გასდევდა. ოთხი სრული კვირის განმავლობაში ჩემი კუსებრთა ოჯახის ტემპით ერთი რეგიონის ბოლომდე ამოწურვაც კი ვერ მოვასწარი. ცენტრალური აზიის ეს პატარა, მწვანე მარგალიტი ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია, სადაც მომავალში პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუფიქრებლად დავბრუნდები.

 

ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე

 

რუბრიკის მხარდამჭერია The Body Shop