Tate გაერთიანებული სამეფოს ეროვნული მუზეუმების ქსელია, რომელიც ინგლისში მდებარე ოთხ გალერეას აერთიანებს, რომელთაგანაც პირველი, Tate Britain 1897 წელს ლონდონში დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ Tate-ის გალერეებში საკმაოდ ძველი ექსპონატებიც ინახება, მუზეუმების ქსელი მეტწილად თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების წარმოჩენას ცდილობს. უკანასკნელი 23 წლის მანძილზე Tate Britain-ის მთავარ დარბაზში, საშობაო პერიოდში არტისტებისთვის სპეციალურად Tate-ისთვის შექმნილი საახალწლო ნაძვის ხეები იდგმება. ზოგი მათგანი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, ზოგი საახალწლო ნაძვის ხის მხოლოდ სოციალურ დატვირთვას ატარებს, ხოლო ზოგი კი შედარებით ტრადიციულია.


შირაზე ჰუშიარი, 1993

 

ჰუშიარის ნაძვის ხე, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული გარეგნობისაა, უკუღმა არის დაკიდებული და ოქროსფერი ფესვები აქვს. არტისტის თქმით, მას სურდა ყურადღება გაემახვილებინა ხის ტექსტურაზე, ბუნებრივ თვისებებსა და ფორმაზე. 


ქეთი დე მონშო, 1994

 

დე მონშო თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს ინდუსტრიულ სამშენებლო მასალას, იქნება ეს შუშა, ცემენტი თუ მეტალი. ესთეტიკის მხრივ, მისი სკულპტურები ზღვითა და ზღვის ცხოველებით არის შთაგონებული და ეს Tate-ისთვის შექმნილ ნაძვის ხეზეც აისახება

 

 

მაიკლ ლენდი, 1997

 

მაიკლ ლენდი ბრიტანელი არტისტია, რომელმაც სახელი მას შემდეგ გაითქვა, როცა ერთ-ერთი ინსტალაციის დროს ყველა თავისი ნივთი საჯაროდ დალეწა. ლენდის ნამუშევრები ხშირად აღწერს კონსუმერიზმს და კორპორაციის ბნელ მხარეებს. მისი Tate-ისთვის შექმნილი საახალწლო ინსტალაცია კი არის ნაძვის ხე ურნაში, "სხვა" ნაგავთან ერთად. 

 

 

ჯულიან ოპი, 1996

 

ჯულიან ოპი ხელოვანთა კოლექტივის, New British Sculpture-ის წევრია. მისი ნამუშევრები ძირითადად მინიმალისტურია და პოპ-არტ სტილით არის შთაგონებული. ოპის ნაძვის ხე კი ერთი შეხედვით ბავშვის გაკეთებულს ჰგავს. 

 

 

მარკ უოლინჯერი, 2003

 

მარკ უოლინჯერის შემოქმედება ხშირად პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელია. მან თავის დროზე ტერნერის პრიზი მოიპოვა ინსტალაციისთვის, რომელიც ბრიტანეთში ერაყის ომის წინააღმდეგ გამართული პროტესტის რეკონსტრუქცია იყო.

 

 

ბოიდ ვები, 1991

 

ბოიდ ვები წარმოშობით ახალზელანდიელია, თუმცა ძირითადად ბრიტანეთში მოღვაწეობს. მისი ხელოვნება, იქნება ეს ფოტოები, ნახატები თუ სკულპტურები, ბუნებით არის შთაგონებული და ეკოლოგიურ თემებს მის ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით. ვების ნაძვის ხე, მრავალი პატარა ნაძვის ხისგან არის აწყობილი.

 

 

რიჩარდ უილსონი, 1998

 

უილსონი თავისი ნამუშევრებში ცდილობს, დამკვირვებელი დააბნიოს ან შეცდომაში შეიყვანოს. მისი ნაძვის ხე ვერტიკალურად დაწყობილი თაროებია, რომლებზეც მარტივი განათებები და სასაჩუქრე ყუთები დევს, ხოლო სვეტებიდან ტოტები გამოდის. 

 

 

სარა ლუკასი, 2006

 

ლუკასის ნამუშევრები მრავალფეროვანია და კომიკურობით გამოირჩევა. ხელოვანისთვის “უგემოვნო იუმორი” მნიშვნელოვანია და მისი ნამუშევრები ხშირად გადაგდებული ნივთებისგან არის შექმნილი. 

 

 

კათერინ იასსი,  2009

 

იასსი თავის ნამუშევრებში აქცენტს თითქმის ყოველთვის სინათლეზე აკეთებს. მისი ფოტოები light box-ების მეშვეობით არის ხოლმე გამოფენილი, რომელიც ტრადიციულად ანიმაციისთვის გამოიყენება. Tate-ისთვის შექმნილი ნაძვის ხე კი გრძელ ნეონის მავთულზეა დაკიდებული, რაც ილუზიას ქმნის, თითქოს ხიდან ლაზერია ასროლილი. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე