მოუშენ დიზაინერი ლევან ზაზარაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მულტიმედია დიზაინის  ფაკულტეტზე სწავლის დასრულებიდან დღემდე ამ სფეროში მუშაობს. ხელოვანისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ანბანია, რომლის მიმართაც ინტერესი პირველად შრიფტის დიზაინის სწავლის შემდეგ გაუჩნდა, მას მერე იგი ქართული ანბანის ასოებს ანიმაციური ვიდეოების საშუალებით პროექტ 33 Animated Georgian Type-ში აერთიანებს.  ლევანის ანიმაციური ნამუშევრები 2018 წელს საზოგადოებამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართულ პავილიონშიც იხილა, სადაც ქართული პროგრამა წარმოდგენილი იყო კონცეფციით ანბანით მოთხრობილი საქართველო“. 




ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს ლევან ზაზარაშვილთან

პირველად საიდან გაგიჩნდათ იდეა ქართული ანბანის ასოები ანიმაციურ ნამუშევრებად გექციათ?

ქართული ანბანის მიმართ ინტერესი შრიფტის დიზაინის სწავლისას გამიჩნდა - მას შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ ქართული ანბანის ასოები არა უბრალოდ ლამაზი ფორმის საკომუნიკაციო საშუალებაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც თავის თავში დიდ ისტორიას ინახავს.  ქართული ანიმაციური ანბანის შექმნის სურვილი კი მაშინ გამიჩნდა, როცა სხვადასხვა ხელოვანის მიერ შექმნილი ანიმაციური ლათინური ანბანი ვნახე და აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ქართული ანალოგი არ არსებობდა, ამის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა ქართული ანბანის ჩემეული, ანიმაციური ვერსია.





რატომ აირჩიეთ ანიმაცია, როგორც  ფორმა?

სხვადასხვა მულტიმედიურ პროექტზე მუშაობისას  აღმოვაჩინე, რომ ანიმაცია ჩემთვის ყველაზე სიანტერესო მედიუმია, რადგან იდეის სრულყოფილად გადმოცემისთვის შეუზღუდავ შესაძლებლობებს იძლევა. ანიმაციის აუდიო და დინამიკური ვიზუალური მხარის ერთიანობა ჩემთვის ნამუშევარს  ძალიან საინტერესოს და ამავდროულად ემოციურს ხდის.





რომელია თქვენ მიერ შექმნილი  ყველაზე საყვარელი ნამუშევარი?

ბევრია ასეთი, თუმცა გამოვარჩევდი ჩემს სადიპლომო ნამუშევარს – Grapema App-ზე შექმნილ ვიდეოს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის იდეა ჯერჯერობით ბოლომდე არ განხორციელებულა, მომავალში აპლიკაცია მომხმარებელს დაეხმარება სასურველი შრიფტის იდენტიფიცირებასა და სახელის დადგენაში.





ქართული ანბანი ბევრი ხელოვანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო, ხშირად გვინახავს  ანბანის თემაზე დამზადებული სამკაულები, გვახსოვს ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პავილიონი „ანბანური“ კონსტრუქციებით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის ვენეციის ბიენალეზე ხელოვან  ანნა ქ.ე.-ის ნამუშევარშიც იყო გამოყენებული ასომთავრულის პროტოტიპები. როგორც ხელოვანს რა შესაძლებლობას გაძლევთ ქართული ანბანი, რას გამოხატავთ ამ ნამუშევრებით?

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩემ მიერ შექმნილი ანიმაციური  ანბანიც იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ქართული ანბანი სწორედ მისი მნიშვნელობიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე ბევრი ქართველი ხელოვანისთვის ნამდვილად შთაგონების წყაროა, ჩემთვისაც ასეა...  მხოლოდ ქართულისთვის დამახასიათებელ ბევრ სხვა სიმბოლოსთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, სწორედ ქართული ანბანია – როგორც ჩვენი იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მის თანამედროვე ფორმებში გაცოცხლება კი  ვფიქრობ, საინტერესო შესაძლებლობაა ქართული ანბანის პოპულარიზაციისთვის.






სამომავლო გეგმები...

მინდა, რომ 33 Animated Georgian Type-ის დასრულების შემდეგ ეს პროექტი მხოლოდ ვიდეოებად და Gif-ებად არ დარჩეს, მსურს შეიქმნას პლატფორმა, სადაც ადამიანები ანიმაციური ანბანის გამოყენებით ერთმანეთთან კომუნიკაციას შეძლებენ.


ლევან ზაზალაშვილის ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ მის ვებ-გვერდს