საახალწლო ფილმში სახლს, სადაც მოქმედება ვითარდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ჟანრში სახლი ერთგვარი პერსონაჟია. ცხადია, იგივე შეიძლება ნებისმიერ სხვა ფილმზეც ითქვას, თუმცა საახალწლო კომედიებში ატმოსფერო და ის, რასაც საახალწლო განწყობას ვეძახით, სწორედ მოქმედების ადგილით იქმნება, იქნება ეს საახალწლო დეკორაციები, ნაძვის ხეები თუ განათება. ამ მხრივ, სახლი, სადაც ოჯახი ან მეგობრები ზამთრის არდადეგებს ატარებენ ან ახალ წელს ეგებებიან, მაყურებელს ისევე ამახსოვრდება, როგორც პერსონაჟების თავგადასავალი.
The Holiday
ფილმში The Holiday ქეით უინსლეტის პერსონაჟი - აირის სიმპკინსი - ლონდონთან მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობს. Rosehill Cottage, ასე ჰქვია უინსლეტის სახლს, რომელიც სოფელში განყენებულად, პატარა ბილიკის პირას დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოტეჯი ფიქციურია, მისი ექსტერიერიც და ინტერიერიც რეალური ინგლისური არქიტექტურით არის შთაგონებული.
Home Alone
მაკალისტერების ოჯახის სახლი სინამდვილეში ილინოისის შტატში, ქალაქ ვინეტკაში მდებარეობს. გარკვეული პერიოდის მანძილზე ის AirBnB-ზეც ქირავდებოდა და კლასიკური საახალწლო ფილმის ფანებისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილი იყო.
Meet me in St.Louis
ჯუდი გარლანდის პერსონაჟი ესთერ სმიტი კლასიკურ საშობაო მიუზიკლში სწორედ ამ ვიქტორიანულ სახლში ცხოვრობს. MGM სტუდიამ სახლი სპეციალურად ამ ფილმისთვის ააშენა.
Deck the Halls
ამ საშობაო კომედიაში დენი დევიტოს და მეთუ ბროდერიკის პერსონაჟები ერთმანეთს სახლების მორთვაში ეჯიბრებიან. პერსონაჟების მონდომება ნამდვილად შთამბეჭდავია, შედეგად ორივეს სახლი გადანათებულ შუქურად იქცევა.
A Christmas Story
1983 წლის საახალწლო ფილმი მომენტალურად იქცა ჟანრის კლასიკად. სახლი, სადაც რალფი პარკერი ცხოვრობს, თავის დროზე მხოლოდ გადაღებებისთვის აშენდა, თუმცა ფილმის პოპულარობის გამო, მალე მუზეუმად იქცა.
Elf
2003 წლის ეს კომედია უილ ფერელის მონაწილეობით, მოგვითხრობს ადამიანის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე ელფად იზრდებოდა. ფილმში შენობების ინტერიერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან გარდა ვიზუალისა, ჭკვიანური სეტ-დიზაინი უილ ფერელს, ელფებთან შედარებით გიგანტურ ადამიანად წარმოაჩენს.
Holiday Inn
მუსიკალური კომედია სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი პირველი საახალწლო ფილმია, რომელიც არაერთი სხვა პროექტისთვის შთაგონების წყარო გამოდგა. ფილმში Holiday Inn, სადაც მოქმედება ვითარდება, ცენტრალურ როლს თამაშობს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი