ვენეციის არქიტექტურის მეთვრამეტე ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდა. მისი სახელწოდებაა “იანვარი, თებერვალი, მარტი”, რომელზეც თბილისის არქიტექტურის ბიენალეს არქიტექტორთა ჯგუფის წევრები გიორგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე და ოთო ნემსაძე მუშაობდნენ. 

 

ავტორების თქმით, პროექტი დროის დინების და ენერგიის ურთიერთმიმართებას იკვლევს. თვითნაბადი სიცოცხლის - ენერგიის, მისი ათვისების, განაწილების და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს - ენერგიის პოლიტიკას; ამ პოლიტიკის დროებითობას თუ მუდმივობას საერთო ისტორიულ რეალობაში, მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, ინსტალაცია ხელოვნურად სახეცვლილ დასახლებაზე მოგვითხრობს.


პროექტის ფარგლებში არქიტექტორები აქცენტს აკეთებენ წყალსაცავებზე, მათ წარმოქმნასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე. “იანვარი, თებერვალი, მარტი” დუშეთის რაიონში 1985 წელს აშენებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შედეგად მომხდარი ეკოლოგიური და დემოგრაფიული ცვლილებების კვლევითაა შთაგონებული. ნამუშევარი ამ კვლევის პროცესში ნაპოვნი არტეფაქტებით არის ნაკარნახევი. შემოქმედებითი ჯგუფის განმარტებით, ინსტალაციის მიზანი “ადგილის მეხსიერების პრიმიტიული არქეტიპების მეშვეობით რეკონსტრუქციაა - ქალაქი, ქუჩა, სახლი, ეკლესია… დამშრალი მდინარეების გარშემო ჩამოყალიბებული მკვდარი და ცოცხალი ლანდშაფტების თანაკვეთა ნამუშევრის მეშვეობით მეტაფორულად უკავშირდება დალექილი შლამის მასალისგან ფორმირებულ, ჩაძირული ბაზილიკის აბსტრაქტულ ფორმას”. 

 

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ კრიტიკული თემების ირგვლივ გამოფენებს, ინსტალაციებს, სიმპოზიუმებს და სხვა აქტივობებს ახორციელებს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე